ავტორი:

სომეხი ოპოზიციონერის, გაგიკ ცარუკიანის მამულიდან ჩამორთმეული ლომი, ზოოპარკში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა

სომეხი ოპოზიციონერის, გაგიკ ცარუკიანის მამულიდან ჩამორთმეული ლომი, ზოოპარკში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა

სომხეთის ოპოზიციური პარტია “აყვავებული სომხეთის“ ლიდერისა და ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენის, გაგიკ ცარუკიანის მამულიდან ჩამორთმეული ლომი ერევნის ზოოპარკში გადაყვანიდან მალევე დაიღუპა. ვეტერინარების განცხადებით, ცხოველს ასაკთან დაკავშირებული მძიმე ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ანესთეზიის შემდეგ გონს ვეღარ მოვიდა.

მდედრი ლომი ერთ-ერთი იყო იმ სამი ლომიდან, რომლებიც სამშაბათს ცარუკიანის მამულიდან წაიყვანეს. საგამოძიებო მოქმედებები უკანონო ნადირობის სავარაუდო ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ჩატარდა.

ერევნის ზოოპარკის მიერ ოთხშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, ცხოველი ტრანსპორტირებისთვის საჭირო ანესთეზიის შემდეგ აღარ გამოფხიზლებულა. ნეკროპსიის შედეგად დადგინდა, რომ ლომი ხანდაზმული იყო და მრავალი ქრონიკული დაავადება აწუხებდა.

ვეტერინარებმა ელენთის, ღვიძლის, ფილტვებისა და გულის მძიმე დაზიანებები აღმოაჩინეს. გარდა ამისა, ლომს ნაღვლის ბუშტის ანთება და მუცლის ღრუში სითხის დაგროვებაც აღენიშნებოდა. ზოოპარკის განმარტებით, ყველა ეს დაავადება ასაკთან იყო დაკავშირებული და სწორედ მათი ერთობლიობა გახდა ცხოველის სიკვდილის მთავარი მიზეზი.

ხელისუფლების შეფასებით, სავარაუდო ბრაკონიერობის შედეგად გარემოს დაახლოებით 30 მილიონი დრამის (დაახლოებით 78 000 აშშ დოლარის) ზიანი მიადგა. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, მამულში დარჩენილ ცხოველებსაც უახლოეს დღეებში უსაფრთხო ადგილას გადაიყვანენ.

ცარუკიანი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. გამოძიება მისი საცხოვრებელი სახლისა და ბიზნესობიექტების ჩხრეკის შემდეგ დაიწყო. ცარუკიანის ადვოკატები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

ორივე საქმეზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

წყარო

იხილეთ ასევე: