“მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რომ ის მოქმედი თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას საქმიანობით უკმაყოფილოა,“ - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნანუკა ჟორჟოლიანმა განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას მიხეილ სააკაშვილის პოზიციასთან დაკავშირებით, ივლისის ბოლოს ჩაინიშნოს ყრილობა, რომელიც აირჩევს პარტიის დროებითი მართვის ორგანოს.
„დღის წესრიგში დადგა ფაქტი, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე უნდა შევსულიყავი, მაგრამ მე ვამბობ, რომ მთელი რიგი საკითხების მიმართ კომპეტენცია არ მაქვს. მე მინდა, რომ ამ საკითხებზე იმუშაონ ჩემზე კომპეტენტურმა ადამიანებმა, რომლებიც ჩემ წინ უნდა დადგნენ, მივიღო მათი რეკომენდაცია, ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილი იყოს ამ რეფორმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მთავარი ადამიანი. შემდეგ უკვე, ეს პარტია თუ მიიღებს იმ ფორმას და შინაარსს, რომ ყველასთვის მიმზიდველი და მთავარი იარაღი იქნება „რუსულ ოცნებასთან“ ბრძოლის წინააღმდეგ, ვფიქრობ, ეს იქნება იდეალური სქემა, სადაც თუ გინდათ, დამლაგებლად შევალ, ოღონდ საქმე გავაკეთო“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
რაც შეხება საკითხს, თუ სად იქნება ამ პროცესების გათვალისწინებით თინა ბოკუჩავა, როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა აღნიშნა, არაკორექტული იქნება, ამ საკითხზე თინა ბოკუჩავას ნაცვლად ისაუბროს. გარდა ამისა, ჟორჟოლიანის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ემიგრაციას უნდა დაუბრუნდეს ხმის უფლება, შესაბამისად „რეფორმატორთა საბჭოში“ ემიგრანტებიც იქნებიან. მისივე თქმით, საბჭოში ასევე იქნებიან ენმ-ს წევრებიც.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“, რომლის თავმჯდომარეც თავად სააკაშვილი იქნება, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანს „რეფორმატორთა საბჭოს“ აღმასრულებელი მდივნის პოზიციაზე განიხილავს. როგორც სააკაშვილი განმარტავს, ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა, სადაც პარტიის წევრების გარდა, კარს ფართოდ გაუხსნიან სხვებსაც.