“დაუშვებელია საქართველოში მოქმედებდეს ანტიკონსტიტუციური, ქვეყნის ღალატზე დაფუძნებული ადამიანების დაჯგუფება, რომელიც თავის თავს პოლიტიკურ პარტიას უწოდებს“, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა, რომ შეიქმნას “რეფორმატორთა საბჭო“, რომლის თავმჯდომარეც თავად სააკაშვილი იქნება, ხოლო ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი “რეფორმატორთა საბჭოს“ აღმასრულებელი მდივანი.
“არ მგონია, საქართველო საჭიროებდეს უკრაინის მოქალაქის მხრიდან პოლიტიკურ ლანდშაფტში წესების დადგენას და პოლიტიკური ლანდშაფტის გადანაწილებას, ეს ცალკე პრობლემა არის და საერთო ჯამში, სრული პროფანაცია, რასაც ჰქვია სამშობლო და მოქალაქეობა. ადამიანი, რომელმაც ქართული პასპორტი სხვა ქვეყნის პასპორტზე გაცვალა, დღეს კიდევ საუბრობს საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე. შეგახსენებთ, ეს ის ადამიანია, რომელსაც ქართული ენა დაავიწყდა და უკრაინულად მელაპარაკეთო, სასამართლოში თარჯიმანს ითხოვდა. ამგვარ ცირკთან გვაქვს ჩვენ საქმე. როგორც ვატყობ, ამ ცირკს თავადვე მოუღებენ ბოლოს. თავად თუ არ მოუღებენ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი გვაქვს, არის სრულად დასაბუთებული. ამიტომ, ეს ანტიკონსტიტუციური, ანტიქართული, ანტიეროვნული გაერთიანება უნდა დასრულდეს, სწორედ ეს არის მთავარი. დაუშვებელია საქართველოში მოქმედებდეს ანტიკონსტიტუციური, ქვეყნის ღალატზე დაფუძნებული ადამიანების დაჯგუფება, რომელიც თავის თავს პოლიტიკურ პარტიას უწოდებს და რომელმაც ერთადერთი რამ გააკეთა ამ ქვეყანაში - შექმნა დიქტატურა და ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი პირდაპირ ოკუპანტ ქვეყანას გადააბარა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ინიციატივით გამოდის, შეიქმნას “რეფორმატორთა საბჭო“, რომლის თავმჯდომარეც თავად სააკაშვილი იქნება, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანს “რეფორმატორთა საბჭოს“ აღმასრულებელი მდივნის პოზიციაზე განიხილავს.
ამასთან, როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განმარტავს, ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა, სადაც პარტიის წევრების გარდა, კარს ფართოდ გაუხსნიან სხვებსაც.