ავტორი:

ყაზახეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ტოკაევის საპრეზიდენტო ვადა გაანულა - შესაძლოა მან ქვეყანა 2036 წლამდე მართოს

ყაზახეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ტოკაევის საპრეზიდენტო ვადა გაანულა - შესაძლოა მან ქვეყანა 2036 წლამდე მართოს

ყაზახეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის ახალი კონსტიტუციის მიღება პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ ტოკაევისა და სხვა თანამდებობის პირების მმართველობის ვადებს “ანულებს“.

  • ეს ნიშნავს, რომ 73 წლის ტოკაევს კვლავ აქვს უფლება კენჭი იყაროს პრეზიდენტის პოსტზე და გამარჯვების შემთხვევაში, ეს მის პირველ ვადად ჩაითვლება.

ტოკაევი პრეზიდენტის პოსტს 2019 წლიდან იკავებს, მას შემდეგ, რაც ნურსულთან ნაზარბაევი გადადგა. 2022 წელს მან რიგგარეშე არჩევნებში ხმების 80%-ზე მეტი მიიღო. მაშინდელი კანონმდებლობით, პრეზიდენტი 7 წლის ვადით, მხოლოდ ერთხელ აირჩეოდა.

ტოკაევის ამჟამინდელი უფლებამოსილება 2029 წელს იწურება, თუმცა ვადების განულების წყალობით, მას ყაზახეთის მართვა 2036 წლამდე შეეძლება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მეთოდი - კონსტიტუციური ცვლილებების გზით ვადების განულება, მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც გამოიყენა.

საინტერესოა თავად ტოკაევის ადრინდელი განცხადებები. სულ რაღაც ერთი წლის წინ, 2025 წლის ივნისში, ტელეკომპანია Al Jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში ის ამბობდა, რომ 2029 წელს კენჭს აღარ იყრიდა.

  • რა შეიცვალა ყაზახეთის ახალი კონსტიტუციით?

2026 წლის მარტში ყაზახეთში რეფერენდუმი ჩატარდა, სადაც ახალ ძირითად კანონს ამომრჩეველთა 87%-მა დაუჭირა მხარი. მიუხედავად იმისა, რომ ტოკაევი ცვლილებებს “სუპერპრეზიდენტული“ მმართველობიდან საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლად აფასებდა, ექსპერტების აზრით, ცვლილებებმა სწორედ პრეზიდენტის ძალაუფლება გააძლიერა.

კონსტიტუციაში შესული სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებია:

  1. ორპალატიანი პარლამენტი შეიცვალა ერთპალატიანით, რომელსაც “ყურულთაი“ ეწოდა.
  2. კონსტიტუციაში გამყარდა ქორწინების ცნება, როგორც “კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის“.
  3. შეიცვალა რუსული ენის სტატუსის ფორმულირება: ნაცვლად სიტყვებისა “ყაზახურთან თანაბრად“, ახლა წერია “ყაზახურთან ერთად“.

ახალი კონსტიტუცია ძალაში 1 ივლისს შევიდა, 23 აგვისტოს კი ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი.

წყარო