ავტორი:

რუსეთი უკრაინული დრონების შესაჩერებლად ილონ მასკის Starlink-ის სისტემების ჩახშობას ცდილობს

რუსეთი უკრაინული დრონების შესაჩერებლად ილონ მასკის Starlink-ის სისტემების ჩახშობას ცდილობს

რუსეთის შეიარაღებული ძალები ცდილობენ უკრაინული საშუალო რადიუსის დრონების იერიშებს ტვირთების შენიღბვითა და მძლავრი რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების დამონტაჟებით დაუპირისპირდნენ.

უკრაინელი მეთაურებისა და დრონების პილოტების თქმით აღნიშნული სისტემები ილონ მასკის “Starlink“ -ის თანამგზავრული ინტერნეტის მუშაობის შეფერხებას ისახავს მიზნად.

კიევის მიერ საშუალო რადიუსის დრონების განვითარებამ, რომლებსაც ფრონტის ხაზიდან ათეულობით კილომეტრის სიღრმეში მდებარე მიზნების ზუსტად და დაბალი ხარჯებით განადგურება შეუძლიათ და რომლებიც ხშირად სწორედ “Starlink“ -ის მეშვეობით იმართებიან, უკრაინაში მიმდინარე ომის მსვლელობა შეცვალა.

მიმდინარე წელს განხორციელებული მიზანმიმართული კამპანიის ფარგლებში, უკრაინა თავს დაესხა მომარაგების ხაზებს, საწვავის საცავებს, საჰაერო თავდაცვის ობიექტებსა და სამეთაურო პუნქტებს. ამან მნიშვნელოვნად შეაფერხა რუსული ძალების ლოგისტიკა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში საწვავის დეფიციტი გამოიწვია.

თუმცა როგორც ცნობილი ხდება, ამ დარტყმების მოსაგერიებლად რუსეთმა ახალი მეთოდებს შემუშავება და დახვეწა უკვე დაიწყო.

  • ჩამხშობი მოწყობილობები და შენიღბული მანქანები

საწვავისა და სხვა სამხედრო მარაგების დასაცავად რუსეთი სხვადასხვა ხერხს მიმართავს, დაწყებული ტვირთების სამოქალაქო მანქანებით გადაზიდვით, დამთავრებული დახვეწილი ელექტრონული ჩამხშობების გამოყენებით, რომლებიც დრონების სამართავად საჭირო კავშირს ბლოკავს.

უკრაინული მხარის თქმით, რუსეთმა ჩამხშობი მოწყობილობები ქალაქებისა და სამხედრო ობიექტების სიახლოვეს დაამონტაჟა. ზოგიერთ მათგანს მასკის კომპანია “SpaceX“ -ის მიერ მართული “Starlink“ -ის სისტემების მუშაობის შეფერხებაც კი შეუძლია.

უკრაინის საშუალო რადიუსის მისიების უმეტესობა “Starlink“-ის გამოყენებით სრულდება, რაც პილოტს დრონის დისტანციურად მართვის საშუალებას აძლევს. აქამდე ეს სისტემა რადიოელექტრონული ბრძოლის მიმართ დიდწილად მდგრადად მიიჩნეოდა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მრჩეველის, სერჰი ბესკრესტნოვის განაცხადებით, ახალი რუსულ ელექტრონული ჩახშობის სისტემა “ვოლნა კუპოლ გარანტი“ საკმარისად ძლიერ სიგნალს გამოსცემს იმისთვის, რომ დაახლოებით 20 კვადრატული კილომეტრის ფართობზე “Starlink“ -ის კავშირის დესტაბილიზაცია მოახდინოს. ამ დროისთვის დაახლოებით 10 ასეთი სისტემა არის დაფიქსირებული.

მიუხედავად ამისა, ხშირად ეს სისტემები თავადვე ხდება უკრაინული დრონების ეკიპაჟების მთავარი სამიზნე, 422-ე პოლკის მეთაურების განცხადებით მათ უკვე ორი ასეთი სისტემის განადგურების ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა.

უკრაინელების თქმით, რუსული მხარე ხშირად სამხედრო ტექნიკისთვის განკუთვნილი საწვავის გადასაზიდად სამოქალაქო მანქანებს იყენებს.

“ჩვენ დავარტყით წყალმზიდებს, თუმცა ისინი აალდნენ, რადგან შიგნით ბენზინი ესხა, ასევე დავარტყით გადაღებილ რძის მანქანებს, რომლებითაც დიზელის საწვავი გადაჰქონდათ“, - ჰყვებიან უკრაინელი მეთაურები.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებით, რუსული ძალები ფრონტის ხაზზე საწვავის, საბრძოლო მასალისა და სურსათის გადასატანად მცირე სამოქალაქო მანქანებს, კვადროციკლებსა და მოტოციკლებსაც იყენებენ, ხოლო სამხედრო საწვავის მარაგებს სამოქალაქო ავტოგასამართ სადგურებზე, მიტოვებულ შენობებსა და სასოფლო-სამეურნეო ნაგებობებში მალავენ.

წყარო