ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ინსულტი გულ-სისხლძარღვთა სისტემის ეს სერიოზული დაავადება სიკვდილიანობის მესამე მთავარი მიზეზია მსოფლიოში. მას შეუძლია ისეთი სავალალო შედეგებიც გამოიწვიოს, როგორიც დამბლა და კოგნიტიური დარღვევებია.
მიუხედავად იმისა, ისტორიულად ის უფრო უფროსი ასაკის ადამიანების დაავადებად ითვლებოდა, ბოლოდროინდელი კვლევები ახალგაზრდებში ინსულტის შემთხვევების შემაშფოთებელ ზრდას აჩვენებს. სტატიაში ამ საგანგაშო ტენდენციის მიზეზები და პრევენციის გზები არის განხილული
WHO-ს განმარტებით, ინსულტი ვითარდება მაშინ, როდესაც ფერხდება ან წყდება ტვინის სისხლით მომარაგება, რის გამოც ტვინის უჯრედები კარგავენ ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს. ამას ადამიანი უჯრედების კვდომამდე და ინვალიდობამდე მიჰყავს.
2025 წელს ინსულტი, გულისა და რესპირატორულ დაავადებებთან ერთად, მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთ წამყვან მიზეზად დასახელდა. მსოფლიოში ყოველი მეათე ადამიანი ინსულტით იღუპება.
კვლევების მიხედვით, მოსახლეობის ზრდისა და დაბერების ტენდენციის გამო, 2050 წლისთვის ინსულტით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ შესაძლოა წელიწადში 10 მილიონს მიაღწიოს.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ანგარიშმა აჩვენა, რომ 2013-დან 2019 წლამდე პერიოდში 45-64 წლის ამერიკელებში ინსულტით სიკვდილიანობა 19%-ით გაიზარდა.

ეს ტენდენცია დაადასტურა სამედიცინო ჟურნალ The Lancet Neurology-ში გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამაც: მაშინ, როდესაც 70 წელს გადაცილებულ ადამიანებში ინსულტის მაჩვენებელი შემცირდა, მან იმატა ახალგაზრდებში, განსაკუთრებით 55 წლამდე ასაკის პირებში. სტატისტიკა განსაკუთრებით საგანგაშოა 18-44 წლის ასაკობრივ ჯგუფში, სადაც ინსულტის გავრცელება ფარდობითად 15%-ით გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები კვლავ შეადგენენ ინსულტის საერთო შემთხვევების მცირე ნაწილს, ამ ჯგუფში მაჩვენებლები სწრაფად იზრდება. რა არის ამის მიზეზი?

ჭარბი წონა და სიმსუქნე: 1990 წლიდან მოყოლებული, სიმსუქნის წილი ინსულტის გლობალურ რისკში 88%-ით გაიზარდა. ზედმეტი წონა ტვირთავს გულსა და სისხლძარღვებს, რაც იწვევს მაღალ წნევას, მე-2 ტიპის დიაბეტს და ქოლესტერინის მატებას. ეს ფაქტორები ხელს უწყობს არტერიებში ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას, რაც ზრდის თრომბისა და ინსულტის რისკს.

შაქრის მოხმარება: კვლევამ ინსულტის შემთხვევების ზრდა ტკბილი, გაზიანი და გამაგრილებელი სასმელების მოხმარების მატებას დაუკავშირა. სისხლში შაქრის მაღალმა დონემ შეიძლება დააზიანოს სისხლძარღვები, გამოიწვიოს ანთებითი პროცესები და თრომბების წარმოქმნა.

ჰაერის დაბინძურება: მსოფლიოში ინსულტის შემთხვევების დაახლოებით 30% ჰაერის დაბინძურებაზე მოდის. ეს მოიცავს როგორც გარე, ისე შიდა სივრცის დაბინძურებას (მაგალითად, სახლში მყარი საწვავის გამოყენებას).


კლიმატის ცვლილება: The Lancet-ის კვლევის მიხედვით, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გავლენა ინსულტის შემთხვევებზე 72%-ით გაიზარდა. თუმცა, საფრთხეს ტემპერატურული უკიდურესობების ორივე მიმართულება წარმოადგენს. ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ დაბალ ტემპერატურას (ყინვას) შესაძლოა უფრო დიდი გავლენაც კი ჰქონდეს ინსულტის სიხშირესა და სიკვდილიანობაზე, ვიდრე სიცხეს.
ოპიოიდების ბოროტად გამოყენება: CDC-ის ანგარიში ვარაუდობს, რომ ოპიოიდების ეპიდემიამ ასევე შეუწყო ხელი ინსულტის შემთხვევების მატებას. აშშ-ის ისეთ შტატებში, როგორებიცაა ოჰაიო და ტენესი, რომლებიც მძიმედ დააზარალა ოპიოიდურმა კრიზისმა, ინსულტის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.

ქრონიკული დაავადებები: არაკონტროლირებადი დიაბეტი მაღალ ქოლესტერინს, სისხლში შაქრის მატებას და მაღალ წნევას იწვევს , რაც ინსულტის უმთავრესი რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს. ანგარიში მიუთითებს, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ახალგაზრდებში მე-2 ტიპის დიაბეტის გავრცელებამ მნიშვნელოვნად განაპირობა ინსულტის შემთხვევების ზრდა.
სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები: გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფებში (მაგალითად, ამერიკელ ინდიელებში, ჰავაელებსა და შავკანიან ამერიკელებში) ინსულტის მაჩვენებელი უფრო მაღალია. CDC-ის მკვლევართა აზრით, ეს შეიძლება განპირობებული იყოს ქრონიკული დაავადებების სიხშირით, სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობითა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის სისტემური ბარიერებით.
მიუხედავად ზემოთქმულისა, ინსულტის ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორად მსოფლიოში (მათ შორის ახალგაზრდებშიც) კვლავ მაღალი არტერიული წნევაა (ჰიპერტენზია). “The Lancet“ -ის კვლევის მიხედვით, მასზე ყველა შემთხვევის ნახევარზე მეტი მოდის.

ჟურნალ “JAMA Network Open“-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰიპერტენზიის მქონე ამერიკელთა ნახევარზე მეტმა საერთოდ არ იცის თავისი დიაგნოზის შესახებ. 18-დან 44 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით საგანგაშოა 93%-მა არ იცის, რომ მაღალი წნევა აქვს.
კარგი ამბავი არის ის, რომ არტერიული წნევის მართვა მარტივია. ნორმალური წნევის მაჩვენებელია 120/80-ზე ნაკლები. ამ ნიშნულის შენარჩუნება შესაძლებელია ცხოვრების წესის შეცვლით და საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტებით არის შესაძლებელი.
ინსულტის შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობის თავიდან აცილება შესაძლებელია. პირველი ნაბიჯებს ექიმთან კონსულტაცია, წნევის შემოწმება და ინდივიდუალური რისკების (გენეტიკა, ცხოვრების წესი) შეფასება წარმოადგენს.
შემდეგი ეტაპი ცხოვრების წესის ეტაპობრივი შეცვლაში, წონის, წნევისა და სისხლში შაქრის დარეგულირებაში მდგომარეობს.

მარილი (ნატრიუმი): წნევის დასაწევად ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი ნატრიუმის შეზღუდვაა. ჭარბი მარილი ორგანიზმში აკავებს წყალს, რაც ზრდის სისხლის მოცულობას და დამატებით ტვირთავს გულსა და სისხლძარღვებს. ნახევარფაბრიკატები, ძეხვეული, მლაშე სასუსნავები და მზა სოუსები (მაგალითად, კეტჩუპი) ფარული ნატრიუმის ძირითადი წყაროა. მნიშვნელოვანია პროდუქტის ეტიკეტის წაკითხვა და ნაკლებმარილიანი ალტერნატივების არჩევა.

ტკბილი სასმელები: გაზიანი სასმელები, ქარხნული წვენები და ენერგეტიკები მკვეთრად ზრდის სისხლში შაქრის დონეს. მათი რეგულარული მიღება ზრდის სიმსუქნის, მე-2 ტიპის დიაბეტისა და ინსულტის რისკს.
წონის კონტროლი: წონის მართვისა და ზოგადი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია დაბალანსებული კვება, რომელიც მდიდარია ჯანსაღი ცხიმებით, ცილებითა და უჯრედისით (ბოჭკოთი).
ფიზიკური აქტივობა: რეგულარული ვარჯიში არა მხოლოდ წონის კლებას უწყობს ხელს, არამედ აქვეითებს „ცუდ“ (LDL) ქოლესტერინს, მაღლა წევს „კარგ“ (HDL) ქოლესტერინს, აქვეითებს წნევას და ამცირებს სტრესს.

ალკოჰოლი: ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ზრდის წნევას, აზიანებს გულის კუნთს, იწვევს წინაგულების ფიბრილაციას (არითმიას) და აქვეითებს ღვიძლის ფუნქციას. ეს ყველაფერი ზრდის თრომბების წარმოქმნისა და ინსულტის რისკს.


ქოლესტერინის კონტროლი: „ცუდი“ ქოლესტერინის შესამცირებლად სპეციალისტები წითელი ხორცის, ცხიმიანი რძის პროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების შეზღუდვას გვირჩევენ. მათ სანაცვლოდ, უჯრედისით მდიდარი საკვებისა და ჯანსაღი ცხიმების მიღება ქოლესტერინის დონეს აბალანსებს.