ბათუმში ერთ-ერთი სკოლის 5 ბიჭი-მოსწავლე ამავე სკოლის 2 ბიჭს თავს დაესხა და ფული მოსთხოვა. მათ ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენას ედავებიან. ინფორმაციას ამის შესახებ "ბათუმელები" აქვეყნებს.
საქმის მასალების მიხედვით, სკოლის მოსწავლე 5 ბიჭი ამავე სკოლის მოსწავლე 2 ბიჭს ბათუმში, ერთ-ერთ ქუჩაზე, „წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ყაჩაღურად თავს დაესხა არასრულწლოვანებს… ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობით მოსთხოვა ფულადი თანხის გადაცემა“, – აღნიშნულია საქმის მასალებში.
ბრალდების შესახებ დადგენილებით არ ირკვევა, გამოართვეს თუ არა ფული ბრალდებულებმა დაზარალებულებს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს შემთხვევა 2024 წელს მოხდა. ბრალდებული არასრულწლოვნები სასამართლოს გირაოს საფუძველზე ჰყავს გათავისუფლებული. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილთან. 8 ივლისს, ამ საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა, თუმცა სხდომები დახურულია, რადგან ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან.