(ინტერვიუ შავი ზღვის ჯაზფესტივალის ორგანიზატორ კახა კანდელაკთან)
ბატონო კახა წელს 10-12 ივლისს ბათუმი შავი ზღვის მე-19 ჯაზფესტივალს მასპინძლობს. როგორ შეაფასებდით მას, როგორც ორგანიზატორი?
შავი ზღვის ჯაზფესტივალი ბათუმის სავიზიტო ბარათია. უკვე მე-19 წელია, ფესტივალი შავი ზღვის რეგიონში უწყვეტად იმართება და საერთაშორისო შოუ-ბიზნესის კალენდარში ღირსეული ადგილი უკავია. ის ისეთ ცნობილ საზაფხულო ჯაზფესტივალებთან ერთად მოიხსენიება, როგორებიცაა Montreux Jazz Festival, Umbria Jazz, North Sea Jazz Festival და სხვა. ეს კი არამხოლოდ კულტურული, არამედ ტურისტული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურიზმის განვითარებასა და რეგიონის პოპულარიზაციას. წლების განმავლობაში ფესტივალს მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი მოუტანია, როგორც ბათუმისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის, განსაკუთრებით ტურიზმის, მომსახურებისა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მიმართულებით.
როგორია შავი ზღვის ჯაზფესტივალი თავისი ხასიათით?
ეს არის ხალისის, თავისუფლების, ბედნიერებისა და მუსიკალური მრავალფეროვნების ფესტივალი. ფესტივალის პროგრამა ჯაზის გარშემო ყოველთვის სხვადასხვა ჟანრებს აერთიანებს - ფანკს, R&B-ს, როკს, ელექტრონულ მუსიკასა და გრუვს. სწორედ ეს მრავალფეროვნება ქმნის ფესტივალის განსაკუთრებულ ხასიათს.
ძალიან ბევრი სტუმარი ყოფილა ბათუმის ჯაზფესტივალზე, თქვენ რომელ ცნობილ მუსიკოსებს გამოყოფდით?
დიახ, წლების განმავლობაში ფესტივალი მსოფლიო დონის არაერთ მუსიკოსსა და ლეგენდას მასპინძლობდა. მათ შორის არიან: რობერტ პლანტი, ელ ჯერო, მარკუს მილერი, The Prodigy, The Jacksons, სნუპ დოგი, Earth, Wind & Fire, ჯორჯ კლინტონი, ქუინსი ჯონსი და მრავალი სხვა. აღსანიშნავია ქუინსი ჯონსის სტუმრობა, რომელიც დაემთხვა Netflix-ის მიერ მის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებას. ისტორიული ფაქტია, რომ ბათუმის ჯაზფესტივალი გრემის მფლობელ ფილმში მოხვდა, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გრძელვადიანი რეკლამაა. ფესტივალი ყოველწლიურად მასპინძლობს ახალგაზრდა, სწრაფად მზარდ მუსიკოსებსაც, რომლებიც კარიერის აღმასვლის ეტაპზე იმყოფებიან და უკვე მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ თანამედროვე მუსიკალურ სამყაროში, მაგალითად ჯონ ბატისტ, ჯეკობ კოლიერი, კორი ჰენრი და სხვა.
თავად თუ გამოთქვამენ სურვილს ცნობილი არტისტები ან მათი მენეჯერები ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად?
ძალიან ხშირად. დღეს შავი ზღვის ჯაზფესტივალი მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთ პრესტიჟულ ფესტივალად მიიჩნევა, ამიტომ ხშირად არტისტები და მათი მენეჯერები თავად გვიკავშირდებიან.
წელს ფესტივალი ვის მასპინძლობს?
წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებულია, რადგან ეძღვნება მუსიკის ლეგენდის, მაილს დევისის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს. მსოფლიოს მასშტაბით ეს თარიღი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება, ჩვენი ფესტივალიც სწორედ მაილს დევისის სახელს ეძღვნება და ამასთან დაკავშირებით სპეციალური პროგრამით გაიხსნება. სცენა დაეთმობა Miles Electric Band-ს უნიკალური საიუბილეო პროექტით, რომლის ფარგლებში მსმენელის წინაშე წარსდგება მაილს დევისის ოჯახის წევრი, პროდიუსერი და დრამერი ვინს უილბერნ უმცროსი და მისი ბენდი. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი შემადგენლობა ექსკლუზიურია და სწორედ ამ ფორმატით მომავალში აღარ განმეორდება. ჯგუფში გაერთიანებული არიან მუსიკოსები, რომლებიც სხვადასხვა დროს თავად მაილს დევისთან და ასევე სხვა მსოფლიო ვარსკვლავებთან თანამშრომლობდნენ, მაგალითად ბასისტი დერილ ჯონსი, რომელიც ამჟამად როლინგ სტოუნზის წევრია, ასევე რობერტ ირვინგი (კლავიში), მანუნგო ჯექსონი რომელიც სტივი ვანდერის ბენდის წევრია, და ამომავალი ვარსკვლავი მესაყვირე კეიონ ჰაროლდი, რომელიც დღეს თანამშრომლობს ბიონსესთან, ჯეი-ზისა და ემინემთან.
ფესტივალის მეორე ჰედლაინერი იქნება ქართველი მსმენელისთვის, განსაკუთრებით კი ქალბატონებისთვის, კარგად ნაცნობი და საყვარელი მომღერალი, სოულის სუპერ ვარსკვლავი ერიკ ბენე.
ფესტივალს დახურავს Ghost-Note - ახალგაზრდა, ენერგიული მუსიკოსებისგან დაკომპლექტებული ბენდი, რომლის მუსიკა ეყრდნობა ჯეიმს ბრაუნის, Sly & The Family Stone-ისა და კლასიკური ფანკის მემკვიდრეობას, თუმცა სრულიად თანამედროვე ჟღერადობით. მათი ძლიერი გრუვი და რიტმი განსაკუთრებულ ენერგიას ქმნის და მსმენელზე ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას, სწორედ ამიტომ Ghost-Note დღეს მსოფლიოს არაერთი წამყვანი მუსიკალური ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბენდია.
საფესტივალო დღეები მთავარი კონცერტებით არ დასრულდება, როგორც ყოველთვის After Party კლუბ Take 5-ში გადაინაცვლებს, სადაც მსმენელს ცოცხალი მუსიკა, ტრადიციული ჯემ სესიები და განსაკუთრებული საფესტივალო განწყობა ელოდება 11 გრემის მფლობელ, მსოფლიოში აღიარებულ ვირტუოზ მესაყვირე, კომპოზიტორ და არანჟირების ოსტატ ფილიპ ლასიტერთან ერთად.
მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ფესტივალის ჩატარება, ალბათ, ძლიერი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა...
რათქმა უნდა... შავი ზღვის ჯაზფესტივალი ტრადიციულად იმართება სახელმწიფოს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კერძო სექტორის ერთობლივი მხარდაჭერით. თითოეული მათგანის თანადგომა ფესტივალის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია და მინდა ყველას გულწრფელი მადლობა გადავუხადო.
როგორც თქვენი საუბრიდან ჩანს, წლევანდელი ჯაზფესტივალიც ტრადიციულად გამორჩეული, მრავალფეროვანი და ვარსკვლავური შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. წარმატებას გისურვებთ როგორც ფესტივალს, ისე მის ორგანიზატორებს.
დიდი მადლობა, გეპატიჟებით ყველას ბათუმში, შავი ზღვის მე-19 ჯაზფესტივალზე! ტრადიცია გრძელდება. წელსაც მსმენელს დაუვიწყარი მუსიკა, განსაკუთრებული ატმოსფერო, სასიამოვნო ვაიბი და არაერთი სიურპრიზი ელოდება.
R