ავტორი:

"დიდ იმედს ვიტოვებ, პროკურატურა მალე იტყვის, რომ ეს სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა" - დავით ქაშიაშვილი "ფორმულას“ წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე

"დიდ იმედს ვიტოვებ, პროკურატურა მალე იტყვის, რომ ეს სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა" - დავით ქაშიაშვილი "ფორმულას“ წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე

ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ პროკურატურა მალე გააკეთებს განცხადებას და იტყვის, რომ ეს სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, მაგრამ მოვიშველიებ ჩვენს ღრმა და ყოვლისმომცველ ქართულ ენას "მგლის შიშით ცხვარი არასდროს გაწყდება”, - ამის შესახებ გადაცემა "შაბათის ფორმულას" წამყვანმა, ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა მედიასთან განაცხადა, როდესაც ისაუბრა რეჟისორ გოგა ხაინდრავას შესახებ "ფორმულას" მიერ მომზადებულ რეპორტაჟთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებაზე.

ჟურნალისტის თქმით, აღნიშნულ საქმეზე გამოიკითხა თავად, ასევე ჟურნალისტი ნატა ლომაძე და დღეს, გამოძიების კითხვებს უპასუხებს ოპერატორიც.

"გამოძიების დაწყების ინტერესს მე ვერ გამოვიცნობ, მაგრამ საზოგადოება ძალიან გონიერია და აქვს უნარი გამოიცნოს, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ცრუ დასმენის ფაქტზე, რომელსაც იძიებს პროკურატურა სისხლის სამართლებრივად ყველა გამოვიკითხეთ: მეც, რეპორტაჟის ავტორიც, რეპორტაჟის თანაავტორი, ოპერატორი მიშო მარტაშვილი ახლა შევა პროკურატურაში. მეტი არ ვიცი, ვინ შეიძლება დაკითხონ, ალბათ არც არავინ. ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ პროკურატურა მალე გააკეთებს განცხადებას და იტყვის, რომ ეს სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

ოპერატორს წყაროსთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ აქვს. ის ტექნიკურად უზრუნველყოფდა ვიდეო რეპორტაჟის გადაღებას. მე და ჟურნალისტმა, ნატუკა ლომაძემ ეს ვუთხარით გამოკითხვის დროს, თუმცა პროკურატურამ მაინც ისურვა, რომ ოპერატორი გამოკითხოს. ცხადია, ჩვენ წინააღმდეგობაში ვერ მოვალთ მათ სურვილებთან",- განაცხადა დავით ქაშიაშვილმა.

ჟურნალისტმა გამოთქვა მოსაზრება, თუ რა შეიძლება იყოს ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების მიზეზი. დავით ქაშიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ეს შესაძლოა სიგნალი იყოს სხვა სხვა ჟურნალისტებისთვის.

"ცხადია, რაღაცნაირად დიდი ხიჭვია, რომლის გამოძრობაც რთულია რიგი მიზეზების გამო, მაგრამ მოვიშველიებ ჩვენს ღრმა და ყოვლისმომცველ ქართულ ენას "მგლის შიშით არასდროს გაწყდება ცხვარი”,- განაცხადა დავით ქაშიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ 16 ივნისს, ტელეკომპანია "ფორმულასთან” დაკავშირებით გოგა ხაინდრავას ადვოკატების მიმართვის საფუძველზე ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

"2026 წლის 16 ივნისს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო კინორეჟისორ გიორგი (გოგა) ხაინდრავას ინტერესების დამცველი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია "ფორმულას“ მიერ გიორგი (გოგა) ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით.

საგამოძიებო ორგანოში, მოწმის სახით გამოიკითხა კინორეჟისორი გიორგი (გოგა) ხაინდრავა. ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია”, - განაცხადა პროკურატურამ.