3 დღეში, 11 ივლისს, 94 წლის გახდებოდა...
დიდი პოეტის, ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალება ქართული საზოგადოებისთვის უდიდესი ტკივილი აღმოჩნდა. "მართალი კაცი“, "გულწრფელი პოეზია“, "ადამიანი“, "ღირსეული“, "დიდი პოეზიის შემქმნელი“, "გენიოსი ტარიელ ჭანტურია“, "ორიგინალური სტრიქონების ავტორი“, "კორიფე“ - ეს არის სიტყვები, რომლებსაც ადამიანები მისთვის დაუნანებლად იმეტებენ, რაც ტარიელ ჭანტურიამ თავისი შემოქმედებითა და განვლილი გზით ნამდვილად დაიმსახურა.
***
"კატორღელების შვილი ვიყავი, დედა ერთ კატორღაში იყო, მამა - მეორეში. როგორ დაიბარებდნენ?! 40-50-იან წლებში, ე.წ. კანონიერ ქურდებში ("რამკის ქურდებში“) რაღაც მორალი ჯერ კიდევ არსებობდა და ყიდულობდნენ ჩემთვის წიგნს, რვეულს, ხანდახან ფეხსაცმელსაც“.

პოეტი ჭაბუა ამირეჯიბზე საუბრისას ყოველთვის იხსენებდა ამბავს, რომელიც მისთვის დაუვიწყარი იყო:
"ჭაბუა ამირეჯიბთან და მეგობრებთან ერთად პოკერს ვთამაშობდი. ჭაბუას დედა, დეიდა მაკა, კატორღელი ქალი იყო. როდესაც მივიდოდით, მასაც ვნახულობდით ხოლმე; მოგვესალმებოდა, გაგვიღიმებდა და შევიდოდა თავის ოთახში. მას პირადად არასდროს დავლაპარაკებივარ. როდესაც გარდაიცვალა, ჭაბუას მეუღლემ, თამრიკომ დამირეკა: კატორღაში გადაღებული სურათების ალბომი ვნახე, ვიცი, ასეთი რაღაცები გაინტერესებს და ხომ არ გამოივლიდიო.
იმავე დღეს წავედი. მივედი და ვათვალიერებთ სურათებს. ერთ ფოტოზე 5 პატიმარი ქალია – სამნი სხედან, შუაშია ჭაბუას დედა, ორნი დგანან და ერთი არის დედაჩემი. ეს იყო ჭაბუასთვის და ჩემთვის აბსოლუტური მოულოდნელობა – თურმე, ჩვენი დედები ერთად იმყოფებოდნენ გადასახლებაში.
მაქვს ის სურათი სახლში, არ აწერია თარიღი, როდის არის გადაღებული, სად არის გადაღებული.“
***
იმავე გადაცემაში საუბრობს ხელოვნების ნიჭზე, მუზაზე: "შენზე არაფერია დამოკიდებული - გაგაჩინა ღმერთმა ამ ტანჯვისთვის, ამ წამებისთვის, ბედნიერებისთვის და მთელი ცხოვრება იქნები იმ სიხარულიან სატანჯველში... მუზას პირადად არ შევხვედრივარ, არ მინახავს, თუმცა ისე, არსებობს... რა ვიცი, მუზა ჰქვია, - შუაღამისას რომ წამოგაგდებს და იმის მაგივრად, რომ დაიძინო, წყნარად და მშვიდად იყო, მთელი ღამე გაფიქრებს, გაწერინებს, გაოცნებებს, გტანჯავს და გახარებს.

- გარემო და განწყობა გჭირდებათ მუშაობისთვის?
- თვითონ მოდის და რა სიტუაციაშიც არ უნდა იყო, მიგიყვანს იქ, სადაც მას უნდა; გაგაკეთებინებს იმას, რაც მას უნდა და აგიკრძალავს იმას, რაც მას უნდა. რთული სიტყვაა, მაგრამ არის რაღაც ღვთაებრივი, უფლის ხელი რომ ურევია შემოქმედის ცხოვრებაში, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.
- შემოქმედი ვისთანაა პასუხისმგებელი?
- ყველას წინაშე - კაცობრიობის, ადამიანების წინაშე...
- რა არის ბედნიერება?
- ბედნიერება არის აბსოლუტურად ყველაფერი, რაც არ არის უბედურება.
- "სიცოცხლესა და სიკვდილს შუა სიყვარული ტიხარია“?
- დიახ, და მიხარია. სიყვარული არის ყველაფერი, ის უსასრულოა. სადაც ადამიანში სიყვარული თავდება, იქ ის პიროვნებაც მთავრდება.
- რატომ არ გიყვართ ინტერვიუები?
- ეს ჩემი პერსონის გამომზეურებაა და ამის არავითარი ინტერესი, სურვილი თუ მოთხოვნილება არ მაქვს. ვფიქრობ იმაზე, რა შემეშალა და რა შემეშლება შემდეგში, უზომოდ თვითკრიტიკული ვარ. ისეთი კრიტიკული წერილები წამიკითხავს ჩემზე, იმათი აზრით, წერისთვის თავი უნდა დამენებებინა, მაგრამ გვერდით ისეთი ქება მომისმენია, მითქვამს, ბალანსი გასწორებულია-მეთქი. თუმცა, ვინ მაქებს და ვინ მლანძღავს, ეს ჩემი საქმე არ არის, მათი საქმეა.

- ჟურნალისტის პროფესიაზე რას იტყვით?
- ჟურნალისტიკის ფაკულტეტი გვაქვს დამთავრებული 60-იანელების ჯგუფს. ეს ჯგუფი არის ძალიან საინტერესო - მრავალტანჯული სამყაროს წარმომადგენლები. წვალებითა და ტანჯვით გამოიარეს ის საშინელი დრო. ამ ისტორიის დაწერას არავინ ცდილობს - ვინ რა იყო, როგორ იყო, ვინ უღალატა ნამდვილი თავისუფლების, ნამდვილი დემოკრატიის, ნამდვილი ლიბერალიზმის საქმეს და ვინ უერთგულა. თუნდაც პატარა ისტორია უნდა დაიწეროს. დაიწერება კიდეც, ეს ცოტა მოგვიანებით ხდება.
პატრიოტიზმი
"რა არის და ყველაფერი. არ მიყვარს იმ ადამიანების ბუნება და ხასიათი, ვისაც ეს თემა - სამშობლოს სიყვარული - გვერდზე აქვს გადადებული; ან ჰგონია, რომ ისეთივე ჩვეულებრივი, რიგითი რამ არის, როგორც კარგი ქალის სიყვარული.
"პატარა მწერალთა კავშირი“
"ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე და ჩვენი ჯგუფი გეგონებოდა, პატარა მწერალთა კავშირი იყოო. მომავალი ჟურნალისტები იყვნენ - ოთარ ჭილაძე, გივი გეგეჭკორი, ვახტანგ ჯავახაძე, რეზო ინანიშვილი...
... სამეგობროს, საძმაკაცოს, საყვარელი ადამიანების გარეშე რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება? ადამიანში მიყვარს ადამიანი - ნამდვილი, კეთილშობილი ადამიანი.
***

"შვილო, რატომ დამტოვე მარტო,/ დამისვი მუხლზე, რომ საჭე ვმართო,/ თუმცა მე დამრჩა ბუხარი შენი/ და ხავსიანი საფლავი ფართო.
მე შენს კეთილ გულს გაგლეჯილს სამად/ ვიგონებ, როგორც დაკარგულ იმედს,/ რა მოხდა, არც სხვებს არა ჰყავთ მამა,/ თან სხვებსაც ჰქონდათ ბავშვობა მძიმე.
უპანთეონოდ გავალ იოლად,/ ჰქონდეთ დიდუბე სხვებს ჩემი წილი,/ რა სჯობს, როდესაც მარადიულად გვერდიგვერდ წვანან მამა და შვილი“.