პროკურატურამ 11 წლის წინ, 2015 წლის დეკემბერში ბუდაპეშტის ქუჩაზე მომხდარი გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა. როგორც საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი წარედგინებათ დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას.
საქმის მასალების მიხედვით, 2015 წელს დეკანოსიძე და კაჭარავა უკანონოდ შეძენილი იარაღებით გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე მივიდნენ და მაშინ, როცა გიორგი კვარაცხელია ქუჩაში იმყოფებოდა, მის მიმართ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლა განახორციელეს. დაჭრილი გოგა კვარაცხელია, რომელსაც მეგობრები „კვარას“ ეძახდნენ, 26 დეკემბერს, დილით გარდაიცვალა. დაჭრილი ახალგაზრდა მშობლებმა საკუთარი მანქანით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ჭრილობა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ექიმებმა ახალგაზრდის გადარჩენა ვერ შეძლეს. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ორივე მათგანს გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.
"2015 წლის 25 დეკემბერს, თორნიკე კაჭარავა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი 7,65 კალიბრის მქონე, ხოლო დავით დეკანოსიძე ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი 9მმ. კალიბრის მქონე ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები მივიდნენ თბილისში, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა №3ბ-ში მდებარე გიორგი კვარაცხელიას საცხოვრებელ კორპუსთან და დაახლოებით 20:36 საათზე, მაშინ როდესაც გიორგი კვარაცხელია ეზოში იმყოფებოდა, ბრალდებულებმა მისი მიმართულებით მრავლობითი გასროლა განახორციელეს, რის შედეგადაც გიორგი კვარაცხელიამ თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა ქალას ძვლების და თავის ტვინის დაზიანებებით. მიუხედავად აღმოჩენილი დახმარებისა, გიორგი კვარაცხელია სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა”, - განაცხადეს პროკურატურაში.
რას ამბობს 11 წლის მოკლული ახალგაზრდას დედა საქმის გახსნის შემდეგ?
"მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. 10 წლის შემდეგ სამართალმა ჩვენამდეც მოაღწია. ყველა ის ადამიანი, ვისაც იოტისოდენა წვლილი მიუძღვის საქმის ჩაფარცხვაში, მაქსიმალურად იქნება დასჯილი. იყო დასახელებული დიახ გვარები (ფარცხალაძე და ჩოხელი). საერთოდ არ იცნობდა ჩემი შვილი არც დეკანოსიძეს და არც კაჭარავას. უშუალოდ ეს არის მკვლელობის ადგილი. მე დავინახე ყველაფერი. ამოცნობაც შემიძლია დიახ. 10 წელი ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ აღნიშნულ მკვლელობას ჰყავდა მფარველები და მაგიტომ დასჭირდა ამდენი დრო", - ამბობს გიორგი კვარაცხელიას დედა "ტვ პირველთან" საუბრისას.

11 წლის წინ, თბილისის ცენტრში მოკლული გიორგი კვარაცხელიას ოჯახი აცხადებს, რომ საქმეს წლების განმავლობაში არ იძიებდნენ და გამოძიება შეჩერებული იყო. მათი თქმით, პროცესის აქტიურობა მხოლოდ ბოლო თვეებში განახლდა.
დაზარალებული ოჯახის ადვოკატი, გიორგი ბარდაველიძე 3 თვის წინ "ტვ პირველთან" აცხადებდა, რომ საგამოძიებო მოქმედებები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პროკურატურაში გავლენები შეიცვალა.
მისივე ინფორმაციით, საქმის საწყის ეტაპზე არსებობდა სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, მოწმეების ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები, თუმცა ბრალდება დღემდე არავის ჰქონდა წარდგენილი.
პროკურატურა რამდენიმე დღის წინ დაინტერესდა იმ ავტომობილის მფლობელით, საიდანაც, გავრცელებული ინფორმაციით, გასროლა განხორციელდა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩხრეკა ჩატარდა დავით დეკანოსიძის საცხოვრებელ სახლში, თუმცა ის ადგილზე არ აღმოჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვება ოფიციალურად აკრძალული ჰქონდა, თუმცა სავარაუდოდ, მან საქართველოს ტერიტორია დატოვა. მოკლული 21 წლის ახალგაზრდის ოჯახის უფლებადამცველები საქმის ახალ გარემოებებზე საუბრობენ.
"თორნიკე კაჭარავამ და დავით დეკანოსიძემ განახორციელეს ახალგაზრდა ბიჭის, გიორგი კვარაცხელიას მკვლელობა. საქმე ამ დრომდე გაუხსნელი იყო იმ დროისათვის გავლენიანი პირების, ოთარ ფარცხალაძის, ჯოხაძის, მიქაძეების ჩართულობით. იმ დროისათვის გამოძიებას მოპოვებული ჰქონდა უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა დავით დეკანოსიძის და თორნიკე კაჭარავას მიერ მკვლელობის ჩადენის ფაქტი. მასრებზე ამოსული ბიოლოგიური მასალა ეკუთვნოდა თორნიკე კაჭარავას.იმ დროისათვის გავლენიანი პირების ჩარევით, კერძოდ კი მიქაძეებისა და ჯოხაძეების თხოვნით, ფარცხალაძის მარჯვენა ხელმა, მიხეილ ჩოხელმა თორნიკე კაჭარავა გადაიყვანა სომხეთში და შემდგომ, როდესაც უკვე საქმე დაალაგეს, მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდა იგი ჩვენების მისაცემად. ოჯახი ითხოვს, რომ დასჯილები იყვნენ არა მხოლოდ მკვლელობის ჩამდენები, არამედ ის პირები, ვინც უშუალოდ აფარებდა ხელს ამ პირებს," - აცხადებდა ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე "ტვ პირველთან".

რა მოტივი სახელდებოდა წლების წინ დანაშაულის მოტივად?
მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად თავის დროზე ანგარიშსწორება სახელდებოდა, თუმცა ახლობლები საუბარში ვერ აკონკრეტებდნენ, ვისთან შეიძლება ჰქონოდა გოგა კვარაცხელიას მსგავსი ტიპის დაპირისპირება, 21 წლის ახალგაზრდა სასიკვდილოდ რომ გაემეტებინათ და საკუთარ სახლთან ჩაეცხრილათ. სადაც დანაშაული მოხდა, იმ უბნის ერთ-ერთ მცხოვრები 11 წლის წინ "კვირის პალიტრასთან" საუბარში ამბობდა:
"გოგა, სახლში მიდიოდა, რა დროსაც სადარბაზოს შესასვლელთან უცნობმა პირებმა ესროლეს, მკვლელმა ავტომატის მთელი ჯერი დააცალა. როგორც ითქვა, თავში ჰქონდა გამავალი ჭრილობა და უმძიმესი სიტუაციის გამო, ექიმები ოპერაციის დაწყებას გარკვეული დროის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ... ეს არ იყო 4 ან 5 ტყვია, მთლიანი ჯერი დააცალეს. არ ვიცი, მშობლებს ვინ შეატყობინა და როგორ გაიგეს, მაგრამ უგონო მდგომარეობაში მყოფი, დასისხლიანებული შვილი თავად ჩააწვინეს მანქანაში და საავადმყოფოში წაიყვანეს... დაპირისპირება ალბათ რამე ბანალური მიზეზის გამო მოხდა...
საერთოდ, ჩხუბი, გაწევ-გამოწევა, დანების ტრიალი და დაჭრა, აქ პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენს უბანში არის აფთიაქი, ე.წ. რაზბორკის ადგილი, სადაც მუდმივად იკრიბებიან ბიჭები და საქმეებს არჩევენ. რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ არამეგობრული უბანია, ახალგაზრდები ქუჩური გარჩევით ცდილობენ თავის დამკვიდრებას, აქ ჩხუბი და აყალმაყალი მუდმივადაა. მეგობრები გოგას "კვარას" ეძახდნენ.
როგორც ვიცი, გოგა 161-ე სკოლაში სწავლობდა, ახლა სადმე სწავლობდა თუ არა, არ ვიცი. ისე, თავის მეგობრებთან ერთად, ხშირად ვხედავდი ქუჩაში. ძნელი წარმოსადგენია, ასეთი რა უნდა დაეშავებინა 21 წლის ბიჭს, რომ ავტომატი დაეცალათ. მხარეებს შორის დაპირისპირება ამ უბანში ჩვეულებრივია, ხან – რაზე, ხან - რაზე, მაგალითად, ასეთ უაზრო საკითხებზე, როგორიცაა ფულის შეწერა, ნივთების წართმევა, დასალომბარდებლად ნოუთბუქის "ახევა" და ა.შ.. ეს კატეგორია პოლიციას ასეთ რამეებზე არასდროს მიმართავს, რადგან ამ ქმედების შემდეგ, მას და მის ოჯახს, ქალაქის თუ არა უბნის დატოვება აუცილებლად მოუწევს...“..
წაიკითხეთ ასევე: