ავტორი:

"წყლით დაფარული სოფელი გველებით აივსო...  ფერმიდან თითქმის 900 გველი გაიქცა" - ჩინეთის ერთ-ერთ სოფელში პანიკაა: რა ხდება ადგილზე ძლიერი ტაიფუნის შემდეგ

"წყლით დაფარული სოფელი გველებით აივსო...  ფერმიდან თითქმის 900 გველი გაიქცა" - ჩინეთის ერთ-ერთ სოფელში პანიკაა: რა ხდება ადგილზე ძლიერი ტაიფუნის შემდეგ

ჩინეთში, ერთ-ერთ სოფელში, ძლიერი ტაიფუნით გამოწვეული წყალდიდობის შემდეგ, სანაშენე ფერმიდან თითქმის 900 გველი გაიქცა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ დაცურავენ გველები ტალახიან წყალში, ხოლო ადგილობრივები, რომლებიც წელამდე წყალში დგანან, ბამბუკის ჯოხების დახმარებით მათ დაჭერას ცდილობენ.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გველები 6 ივლისს გაიქცნენ, მას შემდეგ, რაც ტაიფუნ „მაისაკთან“ დაკავშირებულმა ძლიერმა წვიმებმა ლიულანის წყალსაცავის დამცავი ნაგებობა დააზიანა და ფერმა დატბორა.

  • არსებული ცნობებით, ფერმაში სხვადასხვა სახეობის გველები ჰყავდათ, მათ შორის შხამიანი კობრები, სამეფო გველები და არაშხამიანი წყლის გველები. თუმცა სოფლის კომიტეტის ხელმძღვანელის, ვუ ჟის განცხადებით, გაქცეული გველების უმეტესობა შხამიანი არ არის.

სამაშველო ჯგუფები ასობით ქვეწარმავლის დასაჭერად სათევზაო ბადეებსა და სპეციალურ ელექტროშოკურ მოწყობილობებს იყენებენ.

ჰენგჯოუს საგანგებო სიტუაციების მართვის ბიურომ დაადასტურა, რომ ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. სახელმწიფო მედიის, CGTN-ის ინფორმაციით, გველის ნაკბენის შემთხვევებისთვის სპეციალური ცხელი ხაზი ამოქმედდა. ცნობილია, რომ ერთ-ერთ ადგილობრივს გველმა უკვე უკბინა და მას სამედიცინო დახმარება უტარდება.

ბოლო მონაცემებით, სამხრეთ ჩინეთში ტაიფუნ „მაისაკს“ უკვე 39 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო სტიქიამ რეგიონში მასშტაბური ზარალი გამოიწვია.

წყარო