თბილისის საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ მალე დასრულდება “სფერო ჰოლდინგის” ხმაურიანი საქმის არსებითი განხილვა. განსასჯელის სკამზე სხედან კომპანიის დამფუძნებელი გივი (გიგა) წულეისკირი და ამ კომპანიის იურისტი სოფიკო პეტრიაშვილი, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებული გიორგი მურუსიძე იტალიაშია დაკავებული და მის ექსტრადიციას ელოდებიან. რადგან მურუსიძე საქართველოში არ იმყოფება, მის წინააღმდეგ აღძრული საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და მას ცალკე გაასამართლებენ.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კომპანია წლების განმავლობაში მუდმივად აკეთებდა სოციალურ ქსელში სხვადასხვა სახის რეკლამას, ადამიანებს არწმუნებდა, რომ მათი ფული დაცული იქნებოდა. ხშირად საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები უწევდნენ კომპანიას რეკლამას, რაც ნდობის მოპოვების დამატებითი ფაქტორი იყო. ძირითადად ბინის დაგირავების მსურველი ადამიანები დებდნენ წვალებით შეკოწიწებულ თანხებს კომპანიის ანგარიშებზე და სამწუხაროდ ისინი მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ.
570 ოჯახი ელოდება დღეს კუთვნილ თანხებს და როგორც ცნობილია, დაკავებულ პირებს პროკურატურა 32 მილიონი ლარის თაღლითურად დაუფლებას ედავება. ასევე მათ ბრალად ედებათ უკანონო არასამეწარმეო საქმიანობა. დღეს ძალიან ბევრი დაზარალებული ქუჩაშია დარჩენილი, ყველანაირი თავშესაფრის და თანხის გარეშე.
არაერთი აქცია გამართეს და ხელისუფლებისგან დახმარებასაც ითხოვენ, რადგან რეალურად კომპანიის ქონება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამდენი დაზარალებული დაკმაყოფილდეს. ერთ ერთი დაზარალებულის აკაკი ლუკავას თქმით, მალე ამ საქმეზე ბრალდებული კიდევ ერთი პირის გიორგი მურუსიძის ექსტრადიცია მოხდება საქართველოში და ისიც წარდგება მართლმსაჯულების წინაშე.
აკაკი ლუკავა:
- ველოდებით კიდევ ერთი მთავარი დამნაშავის, გიორგი მურუსიძის ექსტრადირებას. ამ კომპანიის სახელზე რიცხული ყველა ქონების ფაქტობრივი მფლობელია, იმიტომ რომ კომპანია სფერო ინვესტის დირექტორი თვითონ გიორგი მურუსიძე იყო. რომელიც გაიქცა ქვეყნიდან 4 ოქტომბერს, გაეპარა საგამოძიებო უწყებას. მისი ექსტრადირების პროცესი ახლა მიმდინარეობს იტალიაში. ჩვენი ინფორმაციით, წინა კვირას გაიმართა უკვე სასამართლო პროცესი იტალიაში, იმყოფება საექსტრადიციო ციხეში, დეკემბრიდან მოყოლებული დააკავეს, რადგან პროცესი უკვე ჩატარდა, გვაქვს მოლოდინი, რომ მალე ჩამოიყვანენ. ჩვენთვის ახლა მთავარი ხელშესახებია გიორგი მურუსიძე დღეს, იმიტომ რომ მის სახელზეა ქონება და გვინდა ჩვენ, დაზარალებულებს მოგვეცეს იმის უფლება, რომ დავიწყოთ ქონებების გაყიდვა, არა აუქციონის წესით, არამედ საბაზრო ღირებულებით, რათა არ მოხდეს რაც არსებობს ამ კომპანიის საკუთრებაში თუნდაც იმ თანხის კიდევ უფრო შეცოტავება. დაზარალებულია უამრავი ადამიანი და ქონება არ არ არის საკმარისი.
ამიტომ ასევე მნიშვნელოვანია აღნაგობით აშენებული გრიგოლეთის კორპუსების საკითხის მოგვარებაც. ისე დაიწყეს იქ კორპუსების მშენებლობა, რომ მიწაც არ იყო მათ მფლობელობაში, თუმცა, ჩვენ შევხვდით მეაღნაგეებს. ისინი მოლაპარაკებაზე მოდიან ფაქტობრივად, ჩვენ შევძელით მათი დათანხმება, რომ თუ შემოვა ინვესტორი, თუ შემოვა დეველოპერი, ისინი თანახმა იქნებიან. იცით რომ დაზარალებულები ვმართავდით აქციებს ხელისუფლების ხელმძღვანელებთან შეხვედრის მოთხოვნით, თუმცა ამ დრომდე არავინ შეგვხვდა და ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში, რომ სახელმწიფო სტრუქტურიდან ვინმესთან გავიდეთ კონტაქტზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დაგვიდგეს ხელისუფლება გვერდით. იმიტომ, რომ რაც შეიძლებოდა ამ საქმეში საფუძვლის მომზადება ჩვენი მხრიდან, რაც საერთოდ არ გვევალებოდა დაზარალებულებს, ჩვენ ეს გავაკეთეთ, ანუ ეს არის მთავარი ნაწილი, მეაღნაგეებთან მოლაპარაკებული ვართ, ყველაფერი მზად არის, დაზარალებულები მზად ვართ, პროკურატურა მზად არის, გვჭირდება მხოლოდ გიორგი მურუსიძის ექსტრადირება, რომ ხელი მოგვიწეროს და გადმოგვეცეს ეს ქონება და დანარჩენში სახელმწიფო უნდა დაგვეხმაროს. როგორც ცენტრ პოინტის დაზარალებულების დროს გაკეთდა, დაახლოებით ასეთი რამ უნდა მოხდეს, გაცვლა, ან რაღაცა სხვა, რომ შევიდეს ინვესტორი და დაასრულოს ეს კორპუსები.
- სასამართლო პროცესები მალე დასრულდება როგორც ჩანს, რა მოლოდინი გაქვთ?
- ისინი რომ დაისჯებიან უმკაცრესად ამის მოლოდინი მაქვს, თუმცა ჩვენთვის მთავარია ყველა დაზარალებულს დაუბრუნდეს თავისი კუთვნილი თანხა. მიმდინარეობს პროცესზე დაზარალებულების დაკითხვები, 9 აგვისტოს დაკავებულების პატიმრობის 9 თვიანი ვადა იწურება და უნდა მოხდეს ამ დროისთვის სასჯელის მისჯა. ვითხოვთ როგორც გივი წულეისკირის, ისე სოფიკო პეტრიაშვილის დასჯას. იურისტთან დაკავშირებით იგივე პოზიცია გვიკავია, ის იყო ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელი წულეისკირის და მურუსიძის დავალებების. მხოლოდ იმ შემთხვევაში წავალთ რაიმე შემწყნარებლობაზე თუ იქნება მათი მხრიდან ანაზღაურების ნაწილში მოხმარება. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთ.
570 ადამიანია დაზარალებული, ხალხი ქუჩაშია დარჩენილი და უნდა მოხდეს ზარალის ანაზღაურება. რაც შეეხება გივი წულეისკირს, ის არ დადიოდა სასამართლო პროცესებზე. ის არის ტიპური თაღლითი. ჯერ კიდევ ოქტომბრიდან, როცა ჩვენთან პირველად გამოვიდა კონტაქტზე, თავიდან დაგვიწყო იმაზე საუბარი, რომ ის თითქოს არაფერ შუაში არ იყო, რომ მხოლოდ კომპანია იყო მისი დაფუძნებული, ის არსად ხელის მომწერი არ იყო, თუმცა კარგად გამოჩნდა, რომ ყველა თანხა მიდიოდა მასთან. წულეისკირი არც სასამართლოებზე დადიოდა, თუმცა მოვიდა სამი კვირის წინ და პროტესტის ნიშნად ჩვენ, დაზარალებულებმა მივატოვეთ პროცესებზე სიარული, რადგან ყველანაირად ცდილობს სასამართლო პროცესის გაწელვას, ისევ აგრძელებს დაზარალებულების დამცირებას, შეურაცხყოფას. თითქოს ჩვენ არაფერი გვესმის, ამიტომ გამოვუცხადეთ პროტესტი და სამ სასამართლო პროცესს არ ვესწრებოდით. ჩვენ არ დავდიოდით და ამან თავისი შედეგი გამოიღო. ორშაბათს ვიქნებით ისევ დაზარალებულები სასამართლოზე. ველოდებით მოსამართლისგან უმკაცრეს სასჯელს.
ახლა ჩვენი ყველაზე მთავარია ჩაერთოს სახელმწიფო, რომ შემოიყვანოს ინვესტორი და მოხდეს ამ გზით დაზარალებულების დაკმაყოფილება. ათასობით ადამიანზეა საუბარი, ეს არ არის პატარა თაღლითობა, აქ არის უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები დაზარალებული, რამდენიმე დაზარალებულის მშობელი ამ ამბავზე ნერვიულობით გარდაიცვალა, ყოველდღე მძიმდება სიტუაცია, რადგან ხალხი უმძიმეს მდგომარეობაშია, ქუჩაშია დარჩენილი, შესაბამისად ადამიანებს, ერთის მხრივ ბანკები აწუხებს, რადგან ბევრს ბანკიდან ჰქონდა სესხი აღებული, მეორე, უკვე ქირას ვეღარ იხდიან, რაც მთავარია ცხოვრების მანძილზე შეკოწიწებული ფული აქვს ხალხს შეტანილი და ბუნებრივია ნერვიულობს. გვინდა სახელმწიფოს ჩართვა, რადგან სხვაგვარად ვერ მოგვარდება ეს პრობლემა. გვქონდა აქციები, ვითხოვდით ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას, ეს შეხვედრა ოფიციალურად ვერ შედგა. დაახლოებით 11 განცხადება გვაქვს ოფიციალურად შეტანილი და შეხვედრა სფეროს დაზარალებულებთან არ შემდგარა, ერთადერთი გენპროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრა გვქონდა, ისინი დაგვპირდნენ, რომ მურუსიძეს მალე ჩამოიყვანენ.
- თაღლითობა ამ კომპანიის მიერ წლების განმავლობაში გრძელდებოდა, როგორ ფიქრობთ, წულეისკირს ჰყავდა მფარველები?
- ეს კომპანია წლების განმავლობაში ატყუებდა ადამიანებს. ამდენი რეკლამები იყო, 2021 წლიდან 2025 წლამდე იყო ძირითადად თანხის შემოდინება მათ ანგარიშებზე. დღეს ბრალის დადგენილებაში თაღლითობასთან ერთად წერია, რომ დაკავებულები ახორციელებდნენ უკანონო, არასამეწარმეო საქმიანობას, ამიტომ სახელმწიფოსთან ზუსტად ეს კითხვა ისმევა, როცა ასეთ თაღლითობას ჯგუფი ჩადის ამდენი წელი და ამდენ თანხას ითვისებს, პლუს მილიონ 600 000 ლარის საგადასახადო ვალი აქვს, სად არის ამ დროს სახელმწიფო? რატომ არ ზრუნავს მისი მოქალაქეების უფლებები დაცვაზე, ეს ხომ არის მათი ვალდებულება. სახელმწიფომ მისი მოქალაქეები ვერ დაიცვა, დედაქალაქის ცენტრში ჰქონდათ უზარმაზარი ოფისი, ყველგან მათი რეკლამები იყო, უზარმაზარი თანხები ირიცხებოდა მათ ანგარიშებზე, სად იყო სახელმწიფო? მაშინ თუ ვერ დაიცვა, მაშინ დღეს უნდა აიღოს სახელმწიფომ აუცილებლად პასუხისმგებლობა ამ ადამიანების დაკმაყოფილების დახმარებაზე.
სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქ მოგვიწევს ჩვენ მათ შორის კოეფიციენტების გაზრდაზეა საუბარი. ცალსახაა, ეს ხალხი ციხეში უნდა წავიდეს, დამნაშავეები ამ ქვეყანაში უნდა დაისაჯონ, მე პირადად ყოველთვის ვარ შემწყნარებელი, თუმცა მე ვიცი ზუსტად, რომ ეს ადამიანები ერთი წლით ადრეც რომ გამოვიდნენ ციხიდან, ისევ იმავეს გააგრძელებენ, ისინი არიან თაღლითები და ჩვენი თვალით გვაქვს ნანახი ისინი როგორ გაჭირვებულ ადამიანებს როგორ მოექცნენ, შშმ პირებს როგორ მოექცნენ, შესაბამისად დამნაშავეები უნდა დაისაჯოს. ოფიციალურად საქმის მასალებში წერია, რომ პროკურატურა მათ 32 მილიონი ლარი ზარალს ედავება, ეს არის ზარალი დაზარალებულების, აქ არ შედის მეაღნაგეების, თუ სხვა კერძო პირების ვალი, ამაში არ შედის მათ მიერ გადაუხდელი ბინის ქირები, აქ არ შედის პროცენტები. აქ შედის მხოლოდ ძირი თანხები და დაზარალებულია 570 ოჯახი. არ არის საჭირო სამოქალაქო წესითაც იდავოს დაზარალებულებმა, ამ შემთხვევაში, სისხლის სამართლით უნდა მოხდეს ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, ეს ახალია და პრეცედენტი არც კი არსებობს, ამიტომ იმედი მაქვს, სასამართლო სწორად ჩაწერს განაჩენში, რომ მთელი ქონება, არა მარტო სფერო ინვესტის ქონება და მათი კონკრეტული ქონება, არამედ ის ქონებაც, რომლის წარმომავლობა დაუდგენელია, ესეც უნდა მიექცეს დაზარალებულების დასაკმაყოფილებლად.
- თქვენ ითხოვთ ორივე ბრალდებულის დასჯას. სოფიკო პეტრიაშვილის ადვოკატი და დედა ამბობს, რომ თავად პეტრიაშვილიც არის დაზარალებული, რადგან მას 10 თვის ხელფასი არ ჰქონდა აღებული და რომ წულეისკირის ცრუ დაპირებებს ენდო.
- რატომ იდგა ეს ადამიანი ნოემბრამდე წულეისკირის და მურუსიძის გვერდით, როცა სამსახურიდან ყველა წასული იყო ჯერ კიდევ ზაფხულში. როცა შენ იურისტი ხარ და ელემენტარული იურიდიული განათლება გაქვს, რატომ უწყობ თაღლითობას ხელს და ახალ თაღლითობას რატომ ამატებ, თუ არ გაქვს რაღაცა პირადი მოტივი, იქნება ეს თანხა, თუ სხვა რამ. ეს ადამიანი ბოლო წამამდე ტყუილს ახალ ტყუილს ამატებდა და ბოლოს უკვე ყველაფერზე გადაწყვეტილებას თვითონ იქვე იღებდა. გამორიცხულია, უბრალოდ თანამშრომელი ამაზე წავიდეს. მაშინ რატომ აკეთებდა ამას, ამ კითხვაზე თვითონ უნდა გასცემ პასუხი. სამივე თანაბრად დამნაშავეა ამ საქმეში.
მამა გიორგი:
- გირაოს ვეძებდით, მეუღლემ რეკლამებით გაიგო ამ კომპანიის შესახებ, თან ვჩქარობდით, რადგან ქირით ვიყავით და ქირას ვეღარ ვიხდიდი. განცხადებები, რომელიც სოციალურ ქსელში მისაღებ ფასში იდო და სადაც ვრეკავდით, ყველა ამ კომპანიის წარმომადგენელი იყო.
მივედით და გვესაუბრნენ, ეჭვი არაფერზე მიმიტანია. გვითხრეს, რომ ოფიციალურ ხელშეკრულებას დავდებდით კომპანიასთან, ისინი შეგვიყვანდნენ ჩვენ ქირით, თანხას თვითონ გადაიხდიდნენ და თანხის დაბრუნების პრობლემა არ იქნებოდა, ოღონდ წინასწარ განცხადება დაწერეთო. გაყიდვების წარმომადგენელი გვესაუბრა. დაგვიდეს კონტრაქტი, სადაც ეწერა, რომ კომპანია თავისი ქონებით იყო პასუხისმგებელი, ჩემი შეცდომა ის იყო, რომ ეს ხელშეკრულება არ ვაჩვენე ადვოკატს, ასე მოგვაწერინეს ხელი. გადავეცით გირაოს თანხა.
თვითონ უცებ იშოვეს ბინა, პირველი წელი პრობლემა არ შეგვქმნია, იმიტომ რომ ჩვენი მიცემული ფულიდან ერთი წლის ქირა იმ მეპატრონეს წინასწარ ჩაურიცხეს, მეორე წელს დაიწყო ყველაფერი, თავიდანვე მთლიანი წლის თანხა აღარ ჩარიცხეს, ყოველთვე ურიცხავდნენ, მაგრამ სულ უგვიანებდნენ, ბინის მეპატრონეს ბანკის სესხები ჰქონდა და ამიტომ მასაც შეექმნა პრობლემები. გამუდმებით ვურეკავდით, სხვადასხვა მიზეზს იგონებდნენ, მერე კი მივხვდი რასთან მქონდა საქმე, დავიწყე კომპანიაში სირული, რომ როგორმე დამებრუნებინა თანხა, მაგრამ უშედეგოდ. ყველა სფეროში სცოდნიათ, რასაც აკეთებდა ეს კომპანია, პოლიციასაც ცოდნია, მაგრამ ამდენი წელი ასეთი სქემით მაინც მოქმედებდნენ, მოკლედ მას მერე ვიბრძვით როგორმე ჩვენი თანხა დავიბრუნოთ.
- ვისთან გქონდათ ძირითადად კომუნიკაცია?
- სანამ მთლად გაფუჭდებოდა საქმე, თავიდან კომუნიკაცია ვინმე ცისიასთან გვქონდა, ის რომ მიხვდა უკვე ვეღარ გვპასუხობდა და ვეღარაფერს აგვარებდა უფროსებთან, მერე თქვა, ეგ ჩემი საქმე აღარ არისო და გადაგვამისამართა უკვე სოფიკო პეტრიაშვილთან, სანამ ეს იურისტი იქნებოდა, მანამდე კიდევ იყო ერთი გოგონა, რომლის სახელი არ მახსოვს, აშკარად ჩანდა, რომ მას არაფრის გაკეთება არ შეეძლო, ყველაფერს უფროსებს უთანხმებდა და ისინი რასაც ეტყოდნენ იმას ამბობდნენ. მათ შორის ეს პეტრიაშვილიც. ბოლოს უკვე პეტრიაშვილთან მქონდა ურთიერთობა, სხვა არავინ არ გამოდიოდა კონტაქტზე, ეტყობოდა რომ სხვებისგან განსხვავებით რაღაცეებში ჩახედული იყო, მპირდებოდა დახმარებას, მაგრამ საქმე ისევ ისე იყო. სოფიკო პეტრიაშვილი მერე უკვე ბოდიშებს იხდიდა, ქირას ვეღარ გვიხდიდნენ. სატელეფონო ზარზსაც აღარ პასუხობდნენ.
ოფისში მივდიოდით, არ გხვდებოდნენ, ველოდებოდით საათობით, ისევ ისე ერთი და იგივე ტრიალებდა. დაპირებები, ვითომ გვაიმედებდნენ, ფული არ დაგეკარგებათ, გამორიცხულიაო, ერთი თვე გვაცადეთ, ორი თვე გვაცადე, სექტემბერში გაგისტუმრებთ, უამრავი დაპირება იყო, ამის მოწმეა ჩემი წინამძღვარიც, ერთხელ ისიც გამომყვა, იმასაც იგივე ტექსტებით ესაუბრნენ. სულ დაპირებები იყო. ისიც მითხრა პეტრიაშვილმა, შენ გადაიხადე, ჩვენ ვეღარ ვიხდით ქირას, მერე აგინაზღაურებთო, ასეთი მომენტიც იყო. რამდენიმე თვის ბინის ქირა მე გადავიხადე, მერე იძულებული ვიყავით გავსულიყავით ბინიდან, რადგან მიხვდით, რომ ისინი არ იყვნენ არაფრის გადამხდელები. ჩვენ ვეღარ ვიხდიდით, ამიტომ დავცალეთ ბინა და უფრო ნაკლებ ფასიანში გადავედით. ეტყობა მოეწონათ, პატარა თანხა რომ იყო გადასახდელი და დამპირდნენ, ამას გადავიხდითო, მინიმუმ ორი სამჯერ მე გადავიხადე, მერე საერთოდ აღარაფერი აღარც უკითხავთ, აღარც დაურეკიათ.
- მამაო, თქვენ სასამართლოში შეიტანეთ საჩივარი და სამოქალაქო წესით იდავეთ ხომ?
- როცა იურისტთან გავიარე კონსულტაცია და ნახა ეს ხელშეკრულება მითხრა, რომ სასწრაფოდ უნდა შემეტანა საჩივარი სასამართლოში როგორმე, თუ რამე ქონება იყო კომპანიის სახელზე ის მაინც რომ დაგვეყადაღებინა. სასამართლოში საჩივრის შეტანაც პრობლემებთან არის დაკავშირებული. იქ სახელმწიფო ბაჟის გადახდა გიწევს, ესეც საკმაოდ სოლიდური თანხაა ისედაც დაზარალებული ადამიანისთვის და ბევრს ამის გადახდის საშუალებაც არ აქვს. კარგა ხანს სარჩელი ვერ შევიტანე ამის გამო, მერე მოვაგროვე და ვუჩივლე კომპანიას. წარმოიდგინეთ სასამართლოზე საერთოდ არ მოვიდნენ. მოსამართლის თანაშემწეს თურმე დაურეკა იურისტმა, ვერ მოვდივარო. ეტყობა ამ გზითაც ცდილობდნენ პროცესების გაჭიანურებას. ამ დროს უკვე დაჭერილები იყვნენ გივი წულეისკირი და სოფიკო პეტრიაშვილი. მათი წარმომადგენელი იურისტი რადგან არ ცხადდებოდა პროცესებზე, საბოლოოდ მოსამართლემ დაუსწრებლად მიიღო გადაწყვეტილება და დაუყადაღა სულ ხუთი ობიექტი, რაც საკმარისი იყო ჩვენი თანხის ასანაზღაურებლად, საუბარია 23000 დოლარზე.
- თქვენ ვის პასუხისმგებლობას ხედავთ? სასამართლო პროცესები მიდის საქალაქო სასამართლოში, სადაც ასამართლებენ კომპანიის დამფუძნებელ გივი წულეისკირს და მთავარ იურისტს სოფიკო პეტრიაშვილს, ხართ ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი?
- არ ვიცი ვარ თუ არა დაზარალებულად ცნობილი. პოლიციაში ვიყავი ადრე დაკითხვაზე, მას შემდეგ არავინ დამკავშირებია. შიგნით საქმეში არ ვარ ჩახედული, როცა იკრიბებებიან დაზარალებულები, იქ მეც მივდივარ და შევხვდი ამ ხალხს, უამრავი ადამიანია დაზარალებული. ბევრს საჩივარი სამოქალაქო წესით არც შეუტანია, ესეც გარკვეულწილად დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, აიყვანო იურისტი, გადაიხადო სახელმწიფო ბაჟი, თან კომპანიის სახელზე ქონებაც აღარ არის, სასამართლო გადაწყვეტილებას ხელში რომ აიღებ, მერე განცხადება უნდა შეიტანო აღსრულების ეროვნულ ბიუროში, იქაც 2000 ლარამდე გადამახდევინეს, როგორც კი განცხადება შევიტანე, სასწრაფოდ გადასახდელია ეს თანხაო, თანხა კი გადავიხადე, მაგრამ ახლა აღსრულება არ ხდება. ახლა აღსრულებლის პრობლემებია, ესენი იძახიან ჩვენ პროკურატურას ველოდებითო, იქიდან რაღაც უნდა გადმოგვცენო. ღამდენჯერმე მივედი აღმასრულებელთან, ბოლოს მითხრეს, ასე მალე არ იქნება ამის აღსრულებაო. მერე როგორც სხვებისგან გავიგე 10 და მეტი წლის საქმეებიც აღუსრულებელი აქვს დღემდე. თავიდან ჩქარ ჩქარა რეკავდნენ, ფული რომ გაქვთ გადასახდელი დროზე ზემოიტანეთ, რომ საქმე დავიწყოთო, მეორე დღეს გადავიხადეთ და მერე უკვე წყნარად არიან, ახლა გაურკვევლობაში ვარ და ისიც არ ვიცი, როდის მოხდება აუქციოზე ამ ქონების გატანა და აღსრულება. ამასობაში ქირით მიწევს ყოფნა და ეს ცალკე პრობლემებთან არის დაკავშირებული. ეს სისხლის სამართლის საქმეც როდის დასრულდება არც ვიცით.
სოფო პეტრიაშვილის ადვოკატი კახა შონია:
- სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, ამ ეტაპზე იკითხებიან დაზარალებულები. სოფო პეტრიაშვილის პოზიცია უცვლელია, ის გახლდათ სფერო ჰოლდინგის იურისტი, შემდგომ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ალბათ გაინტერესებთ, როგორ ხდებოდა ამ ორგანიზაციაში ბენეფიციარების მოზიდვა, ეს არ იყო იურიდიული სამსახურის მოვალეობა, ბენეფიციარების მოზიდვას ახორციელებდა გაყიდვების დეპარტამენტი. როცა ადამიანს თანხის შეტანა სურდა, ყველა გაყიდვების დეპარტამენტში მიდიოდა და გაყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლები არწმუნებდნენ მათ, რომ თანხები შეეტანათ.
ეუბნებოდნენ, რომ სფერო ჰოლდინგი ძალიან ძლიერი ორგანიზაცია იყო, რომელიც მშენებლობებს ახორციელებდა ძირითადად დასავლეთ საქართველოში. უკვე დარწმუნებულ კლიენტს გაყიდვების დეპარტამენტი იურიდიულ სამსახურში ამისამართებდა. იურისტი არ იყო ვალდებული მოქალაქისთვის თავიდან ყველაფერი აეხსნა, ის ვერ შეიჭრებოდა და არც იჭრებოდნენ იურისტები გაყიდვების დეპარტამენტის ფუნქციებში. იურიდიულ სამსახურში ხდებოდა ხელშეკრულების გაფორმება. მაგრამ აქვე იმასაც გეტყვით, რომ არცერთი ხელშეკრულება სოფიკო პეტიაშვილის შედგენილი არ იყო, იმ სამსახურში ადრე სხვა იურისტები მუშაობდნენ, არსებობდა ხელშეკრულების ნიმუში, რომელიც სავარაუდოდ რომელიღაც ხელმძღვანელი პირის შედგენილი იყო, ზუსტად ვერ გეტყვით რომელი ხელმძღვანელის, ეს ნიმუშები ჰქონდათ იურიდიული სამსახურის თანამშრომლებს, მათ შორის სოფიკო პეტრიაშვილს და ამ შაბლონში უბრალოდ ადამიანების სახელებს და გვარებს ცვლიდნენ, რა თქმა უნდა მათი პირადი ნომრების მითითებით. იყო შემთხვევები, როცა იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლები, მათ შორის სოფიკო პეტრიაშვილი, ნოტარიუსთან მიყვებოდნენ მოქალაქეებს, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმება შემდეგ ნოტარიუსთან მომხდარიყო. ეს გახლდათ, იურიდიული სამსახურის მოვალეობა.
- არ იცოდა სოფიკო პეტრიაშვილმა, რომ ეს იყო თაღლითური სქემა, ე.წ პირამიდა? ხომ აშკარად ჩანდა, ამ შეფუთული ხელშეკრულების მიზანი ამ ადამიანების თანხების ხელში ჩაგდება რომ იყო. ამ სქემით დღეს ასობით ადამიანია დაზარალებული.
- ძალიან კარგად გავიგე თქვენი შეკითხვა. ვეცდები გიპასუხოთ, სანამ სოფიკო პეტრიაშვილი დაიწყებდა მუშაობას ამ ორგანიზაციაში, მანამდე იქ უამრავი ადამიანი მუშაობდა, ეს ადამიანები ბოლომდე მუშაობდნენ იქ, სანამ ორგანიზაცია არ დაიხურა, გამორიცხულია სოფიკო პეტრიაშვილს სცოდნოდა ეს ამბავი. ჯერჯერობით სასამართლო განხილვები მიმდინარეობს და იმის თქმაც არ შემიძლია, რომ სფეროს ხელმძღვანელები იყვნენ თაღლითები, რადგან ჯერ განაჩენი გამოტანილი არ არის, მე ის შემიძლია გითხრათ, რომ თვითონ სოფიკო პეტრიაშვილმა არ იცოდა და ვერ ეცოდინებოდა მას ეს.
- ხომ ჩანს ცალსახად, რომ ეს იყო თაღლითობა, 20 000 დოლარს რომ გამოართმევ ადამიანს, უშვებ 500 დოლარიან ბინაში ქირით, იხდი ბინის ქირას, წელიწადში 6000 დოლარს, ეს ფული მერე როგორ უნდა დაუბრუნო პატრონს? რამხელა მოგება უნდა ენახათ, რომ ეს თანხები დაებრუნებინათ?
- მტკიცებულება, რომ დავუშვათ, სოფიკო პეტიაშვილმა იცოდა ეს ორგანიზაცია იყო თაღლითური, გამორიცხულია. გაყიდვების დეპარტამენტის ერთ-ერთი პასუხისმგებელმა თანამშრომელმა, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ამ ორგანიზაციაში, მას შემდეგ, რაც ამ სფეროში ფინანსური პრობლემები გაჩნდა, მის ნათესავს შეატანინა თანხა, რომლის მინდობილი პირიც იყო, ეჭვის შეტანის საფუძველი რომ ჰქონოდა, ხომ არ შეატანინებდა. ორმა თანამშრომელმა, თვითონაც შეიტანა ფული სფერო ჰოლდინგში, როგორც სხვა დაზარალებულებმა და დღეს ამ საქმეში დაზარალებული სტატუსი აქვთ.
- დაზარალებულები მას ამხელენ და ამბობენ, რომ კომუნიკაცია ჰქონდათ პეტრიაშვილთან, სწორედ მან უქირავა ბინა კონკრეტულად რამდენიმე დაზარალებულს, შემდეგ არც პასუხობდა სატელეფონო ზარებს, ოფისში მისულ დაზარალებულებს არავინ ხვდებოდა, საბოლოოდ ეს ხალხი დარჩა ქუჩაში, მოუწიათ ნაქირავები ბინიდან გამოსვლა, რადგან ვერ იხდიდნენ ქირას, მის პასუხისმგებლობას ვერ ხედავთ?
- სოფიკო პეტრიაშვილს ხელმძღვანელობა ეუბნებოდა უკვე ინვესტორები მოძიებული მყავს, როგორმე ეს ხალხი არ დავაზარალოთ, მიდი უთხარი, რომ 30 სექტემბრამდე ყველა იქნება ანაზღაურებული და დაკმაყოფილებულიო. რასაც ეუბნებოდნენ მას, ის ეუბნებოდა ამას დაზარალებულებს.
- სოფიკო პეტრიაშვილს დაახლოებით რა თანხას ედავება, პროკურატურა?
- 30 მილიონი არის ზარალი, რა თანხასაც წულეისკირს ედავება, იმდენს ედავება პროკურატურა პეტრიაშვილსაც და მურუსიძესაც. ამ დროს თავად სოფიკოს 9 თვის ხელფასი არ ჰქონდა აღებული. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, სოფიკო პეტრიაშვილს თაღლითობის მუხლი აქვს წაყენებული და ასევე წაუყენეს ბრალი უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდაო, ანუ ეს ნიშნავს რომ ამ ორგანიზაციას, სფეროს არ ჰქონდა იმ საქმიანობის კეთების უფლება, რასაც აკეთებდაო, ეს არის უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. რომ ვთქვათ ადამიანურ ენაზე, მოქალაქეებს რომ შეჰქონდათ ამხელა თანხები სფერო ჰოლდინგში, არ ჰქონდათ ამის უფლებაო. მაშინ სად იყო ამ დროს სახელმწიფო? ამდენი რეკლამა რომ გადიოდა, შუა ქალაქში ჰქონდათ ამხელა ოფისი, შვიდი წლის განმავლობაში რომ ამხელა თანხები ტრიალებდა მათ ანგარიშებზე, სად იყო სახელმწიფო, თუ უკანონო იყო, სახელმწიფომ რატომ არ შეუშალა ამას ხელი? მე და თქვენ 50 000 რომ ჩაგვერიცხოს ანგარიშზე მეორე დღეს დაგვიბარებენ ფინანსურ პოლიციაში და რატომ იყო უმოქმედოდ სახელმწიფო?
- ბრალდებული წულეისკირი არ დადის სასამართლო პროცესებზე. მან თქვა კიდეც, რომ მისი დაფუძნებული კომპანიის ხელმძღვანელი მურუსიძე იყო, ხომ არ ცდილობს ის მურუსიძეზე, თუნდაც პეტრიაშვილზე გადატეხოს ჯოხი და როგორმე თვითონ გამოძვრეს ამ სიტუაციიდან.
- ეჭვები მაქვს ძალიან ბევრი, მაგრამ ამ ეტაპზე მირჩევნია ჩემთვის დავიტოვო, იმიტომ, რომ მერე რაღაც რაღაცეებში შეიძლება არ ვიყო მართალი. მაგას ვერც ვუარვყოფ და ვერც დავადასტურებ. სოფო პეტრიაშვილი პირველი დღიდან დღემდე ერთი და იგივეს იძახის, მე იმდენად დამარწმუნა და იმდენად ვიყავი დარწმუნებული იმაში, რასაც ამბობდა წულეისკირი, რომ მის ნათქვამს ვეუბნებოდი დაზარალებულებსო.
- წულეისკირი რატომ არ დადის პროცესებზე და რატომ არ უსმენს დაზარალებულების დაკითხვას? უმძიმეს დღეშია დაზარალებულები
- არ ვიცი რატომ არ დადის, ზოგადად ბევრი საქმეა წარმოებაში, როცა პატიმრები არ დადიან პროცესზე, ეს მისი უფლებაა და ვერავინ ვერ აიძულებს მივიდეს, ვერც მოსამართლე, ვერც პროკურორი. ძალით ვერ მოიყვანენ და იქიდან ცნობას აგზავნის მე არ მსურს მოსვლა და მოკლედ ადვოკატს ვენდობიო. ბევრი ადვოკატი შეიცვალა.
- რას ეტყოდით ადამიანებს, როგორც იურისტი, სამართლებრივად რას მიაქციონ ყურადღება, რომ ასეთ დღეში არ აღმოჩნდნენ?
- დაზარალებულის დაკითხვებიდან როგორც ირკვევა, არცერთ ამ დაზარალებულს არ ჰქონდა თავისი თვალით ნანახი გარანტად რასაც უდებდნენ ის ქონება, მსგავს ორგანიზაციები შეიძლება კიდევ არსებობენ, არ ვიცი, მაგრამ თუ ვინმე თანხის ჩადებას გადაწყვეტს, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ნახოს ის ქონება, რასაც უდებენ უზრუნველყოფის საგნად, აუცილებლად უნდა გადაამოწმოს ეს საჯარო რეესტრში, ამ ქონებას რამე იპოთეკა, ყადაღა, ან მეორადი იპოთეკა ხომ არ არის, თუ სუფთაა ქონება, მაგ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში უნდა ჩაიწეროს და უნდა მოსთხოვოს ორგანიზაციას, რომ თანხის არ დაბრუნების შემთხვევაში, ეს ქონება, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით და ამონაწერის მიხედვით სუფთაა, უნდა გადმოვიდეს ჩემს სახლზე, სხვანაირად ვერ დაიცავენ თავს. კანონის უცოდინრობით არის ძალიან ბევრი ახლა დაზარალებული. სხვათაშორის, 2024 წელს იქ მყავდა მიყვანილი ჩემი ნათესავი, რომელსაც უნდოდა ბინის დაგირავება. 2024 წლის ზაფხული იყო.
მე არ ვიცოდი ამ სფეროს არსებობის შესახებ, ახლობელმა მითხრა გამომყევიო, უბრალოდ გაყოლა მთხოვა, გაგვესაუბრა ორი გოგონა, ვუთხარი ეჩვენებინათ ხელშეკრულება, იურისტი ვარ, თუ გამატანთ ხელშეკრულებას ხვალ გეტყვით პასუხს მეთქი, რომ წამოვიღე ეს ხელშეკრულება და წავიკითხე, სადაც ეწერა ორგანიზცია თავისი ქონებით აგებს პასუხსო, ვუთხარი ჩემს ნათესავს, შეიძლება ზეპატიოსნები არიან, მაგრამ რომ გაკოტრდეს სად მიდიხარ მეთქი და არ ჩავადებინე ფული და გადავარჩინე. თორემ ერთ-ერთი დაზარალებული ახლა ისიც იქნებოდა. როგორც იურისტი ისე არ წავუყვანივარ, უბრალოდ მეგზურად წამიყვანა და მისდა ბედად აღმოვჩნდი იქ, ისიც ამბობდა, ძალიან მაგარია, ისეთი რეკლამები აქვთო. ჩემთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი არის პეტრიაშვილის გამართლება ამ საქმეში, რადგან მისი ბრალეულობა აქ არ ჩანს და ასევე ნომერ პირველი პრიორიტეტია დაზარალებულების თითო თეთრამდე ანაზღაურება, ოღონდ არ ვიცი ახლა ვისგან მოხდება ამის ანაზღაურება. პეტრიაშვილი რომ ვერ აუნაზღაურებს ამას ეს ზუსტად ვიცი, მაგრამ ვისაც ასანაზღაურებელი აქვს იმან ბოლო თეთრამდე უნდა დააკმაყოფილოს ეს საცოდავი ადამიანები.