ავტორი:

მთლიანად დამშრალი უდიდესი მდინარე, 2000-ზე მეტი გარდაცვლილი და წყლის კრიზისი - რა ხდება საფრანგეთში ანომალიური სიცხეების ფონზე

მთლიანად დამშრალი უდიდესი მდინარე, 2000-ზე მეტი გარდაცვლილი და წყლის კრიზისი - რა ხდება საფრანგეთში ანომალიური სიცხეების ფონზე

დასავლეთ ევროპაში რეკორდული სიცხის ტალღა მძიმე შედეგებს იწვევს. საფრანგეთის ყველაზე გრძელი მდინარე, ლუარა, ქვეყნის რამდენიმე მონაკვეთში თითქმის მთლიანად დაშრა და ქვიშიან კალაპოტად გადაიქცა.

  • მონჟან-სიურ-ლუარის რაიონში გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ 1000 კილომეტრზე მეტი სიგრძის მდინარის კალაპოტში წყლის ნაცვლად ქვიშაა დარჩენილი, მხოლოდ რამდენიმე მცირე გუბით. მსგავსი ვითარებაა დუბის მდინარეზეც, სადაც ძლიერი სიცხისა და მშრალი ამინდის გამო წყლის დონე მკვეთრად დაეცა.

ექსტრემალურმა ტემპერატურამ საფრანგეთში არაერთი პრობლემა შექმნა. ქვეყნის მასშტაბით დროებით დაიხურა სკოლები, ათიათასობით ოჯახს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, ხოლო სიცხეს, ოფიციალური მონაცემებით, 2 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გვალვის გამო წყლის მარაგები მნიშვნელოვნად შემცირდა. რამდენიმე რეგიონში ადგილობრივმა ხელისუფლებამ წყლის მოხმარების უმაღლესი, „კრიზისული“ რეჟიმი აამოქმედა. მოსახლეობას მოუწოდეს, მაქსიმალურად დაზოგონ სასმელი წყალი, არ მორწყან ბაღები, არ გარეცხონ ავტომობილები და არ შეავსონ კერძო საცურაო აუზები.

ევროკავშირის კლიმატის ცვლილების სამსახურის Copernicus Climate Change Service (C3S)-ის მონაცემებით, 2026 წლის ივნისი მსოფლიოში ისტორიაში მეორე ყველაზე ცხელი ივნისი იყო. დასავლეთ ევროპაში საშუალო ტემპერატურამ 20.74 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, რაც 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით 3 გრადუსით აღემატება.

საფრანგეთში 24 ივნისს თითქმის 80-წლიანი მეტეოროლოგიური დაკვირვებების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ქალაქ პისოსში ჰაერი 44,3 გრადუსამდე გაცხელდა, რის გამოც ქვეყნის ნაწილში წითელი საფრთხის დონე გამოცხადდა.

სიცხესთან ერთად ევროპა მასშტაბურ ტყის ხანძრებსაც ებრძვის. პორტუგალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და საბერძნეთში ხანძრებმა უკვე 19 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ძლიერი ქარის, უკიდურესი სიცხისა და მშრალი ჰაერის გამო ხანძრის ფართობი მხოლოდ ერთ დღეში თითქმის სამჯერ გაიზარდა. შედეგად, ერთი მეხანძრე და ერთი ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ მსგავსი ექსტრემალური მოვლენები კლიმატის ცვლილების ფონზე სულ უფრო ხშირი და ინტენსიური ხდება.

„კლიმატის ცვლილება უკვე რეალობაა. მის შედეგებს ყოველდღიურად ვხედავთ და ეს მხოლოდ ივლისის დასაწყისია,“ — განაცხადა საფრანგეთის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ერიკ ბელჯოინომ და მოსახლეობას ხანძრის გაჩენის თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა.

მეცნიერები აფრთხილებენ, რომ თუ გლობალური დათბობის ტემპი არ შემცირდება, მსგავსი მასშტაბის სიცხის ტალღები და მათი დამანგრეველი შედეგები მომავალში კიდევ უფრო ხშირი გახდება.

წყარო