ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ძინძიანში, რომელიც მსოფლიოში “ფეხსაცმლის დედაქალაქის“ სახელითაა ცნობილი, საზარელი ხანძარი მოხდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 28 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ხანძარი Huiteng Footwear-ის ფაბრიკაში ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით შუადღისას გაჩნდა. ცეცხლის გაჩენის მომენტში შენობაში 240-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
მაშველებმა 213 ადამიანის ევაკუაცია მოახერხეს, თუმცა ტრაგედიას მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. ორი დაშავებული მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო 26 პირი, რომლებიც თავდაპირველად დაკარგულად მიიჩნეოდნენ, შენობაში გარდაცვლილი იპოვეს. ამ დროისთვის დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
სამაშველო ოპერაციაში 500-ზე მეტი სპეციალისტი იყო ჩართული. წინასწარი ვერსიით, ხანძარი შესაძლოა პირველ სართულზე გაჩენილიყო, სადაც ადვილად აალებადი მასალები ინახებოდა.
მომხდარს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ ხანძარმა “დიდი მსხვერპლი“ გამოიწვია და პასუხისმგებელი პირები უმკაცრესად დაისჯებიან. პრეზიდენტის თქმით, ჩინოვნიკებმა “მწარე გაკვეთილი“ უნდა ისწავლონ ბოლო დროს მომხდარი სამრეწველო ავარიებიდან და უსაფრთხოების მკაცრი ზომები გაატარონ.
ამ დროისთვის სამართალდამცველებმა ფაბრიკის მფლობელი კომპანიის რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს, თავად ფირმის საბანკო ანგარიშები კი გაყინულია.
აღსანიშნავია, რომ ქალაქი ძინძიანი მსოფლიო სპორტული ფეხსაცმლის დაახლოებით 20%-ს აწარმოებს