მსოფლიოში პირველი ტრილიონერი, ილონ მასკი აცხადებს, რომ 2026 წლის ბოლომდე დედამიწიდან რაკეტებს გაუშვებს, რომლებიც მთვარესა და მარსზე კოლონიების მშენებლობის დასაწყებად პირველ, საჭირო მასალებს გადაიტანენ.
მისი გეგმით, თავდაპირველად კოსმოსში რობოტები გაიგზავნებიან, რათა ადამიანის გადარჩენისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოამზადონ.

ცოტა ხნის წინ მასკმა განაცხადა, რომ SpaceX-ის ყურადღება ამჟამად მთვარეზეა გადატანილი, რადგან ის უფრო ახლოს მდებარეობს და იქ ქალაქის გაშენება “გაცილებით სწრაფადა არის შესაძლებელი“. მისი გათვლებით, ეს მომდევნო 10 წელიწადში მოხდება. თუმცა, ტრილიონერი ოპტიმისტურად არის განწყობილი წითელ პლანეტის მიმართაც და მიიჩნევს, რომ იქ საჭირო მასალების გაგზავნას მომავალი შვიდი წლის განმავლობაში შეძლებს.

ამ კვირაში მასკმა კავშირგაბმულობის ფედერალურ კომისიაში (FCC) გეგმის მომდევნო ეტაპის შესახებ განაცხადი შეიტანა, რაც კოსმოსში 100 000 თანამგზავრისგან შემდგარი “თანავარსკვლავედის“ გაშვებას გულისხმობს. SpaceX-ის განცხადებით, ეს გააუმჯობესებს კავშირს დედამიწასა და კოსმოსს შორის და უზრუნველყოფს გამოთვლით სიმძლავრეს მილიარდობით ხელოვნური ინტელექტის მქონე მოწყობილობისთვის, როგორც დედამიწაზე, ისე მთვარეზე.
“თუ მართლაც მძლავრი ხელოვნური ინტელექტის სისტემა გაქვს, განა მას თითოეულ რობოტში ჩააშენებ? არა, შენ დაგჭირდება ცენტრალიზებული გამოთვლითი ცენტრი და ეს თანამგზავრებიც სწორედ ამისთვის არის განკუთვნილი, რობოტები დასახლებას მანამ ააშენებენ, სანამ იქ ადამიანები გამოჩნდებიან და თუ მასკი რაიმე სისულელეს არ ჩაიდენს ან ვინმე არ მოკლავს, ის ნამდვილად მოესწრება ამ ყველაფერს“, - განუცხადა The Post-ს SpaceX-ის დამფუძნებელი გუნდის წევრმა, ჯიმ კანტრელმა.
გეგმა წინ მიიწევს: SpaceX-მა Falcon 9-ის მრავალჯერადი გამოყენების რაკეტით დედამიწის დაბალ ორბიტაზე Starlink-ის 29 თანამგზავრი გაუშვა. ამ რაკეტამ უკვე 36 წარმატებული მისია შეასრულა თუმცა, მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე აღნიშნა, რომ კოსმოსში მძიმე ტექნიკის გადასატანად, ბევრად უფრო დიდი სატრანსპორტო რაკეტის შექმნას გეგმავს, ვიდრე მისი ამჟამინდელი მოდელი Starship-ია.

კოსმოსური ტრანსპორტირება
მილიონობით ტონა ტვირთის დედამიწის ატმოსფეროდან გატანა და კოსმოსში გაგზავნა მარტივი არ იქნება. SpaceX-ის სუპერმძიმე, მრავალჯერადი გამოყენების რაკეტამ, Starship-მა, დაამტკიცა, რომ გაფრენა და უკან დაბრუნება წარმატებით შეუძლია, თუმცა ორბიტაზე საწვავით გამართვის დროს ჯერ კიდევ გარკვეული შეფერხებები აღენიშნება.
მასკის საბოლოო მიზანი მარსია, მთვარეს კი ის საცდელი პოლიგონად განიხილავს. პირველ რიგში იმიტომ, დედამიწის თანამგზავრამდე მიღწევა გაცილებით ადვილია, მგზავრობას დაახლოებით სამი დღე სჭირდება, მაშინ როცა ჩვენს უახლოეს, მეზობელ პლანეტამდე მიღწევას, სავარაუდოდ, ექვსი თვე დასჭირდება.

“თუ რამე არასწორად წავა, ხალხს შეუძლია სახლში სწრაფად დაბრუნდეს და სათადარიგო ნაწილებსაც მალე მიიღებთ. მთვარეზე სწავლის მთელ ამ პროცესს გადიხარ, რათა მარსზე ჩასვლისას ზედმეტი საზღაურის გადახდა აღარ მოგიწიოს“ - ამბობს ჯონსონი.
დაგეგმილი სამუშაოები კომპლექსურ პროცესებს მოიცავს, ტვირთის გადატანის შემდეგ საჭიროა მისი განთავსება, ენერგიის გამომუშავება (რაც მზის პანელებით საკმაოდ მარტივი პროცესია, თუმცა მხოლოდ მთვარის მზიან მხარეს), წყლისა და ჟანგბადის მოპოვება და საცხოვრებელი გარემოს აშენება.

ზემოაღნიშნული სამუშაოების უმეტესობას Tesla-ს Optimus რობოტები შეასრულებენ, რადგან ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნება გაცილებით რთულია, რობოტებს კი არც ოჯახები ჰყავთ.
ადამიანებს სჭირდებათ ენერგია, წყალი, ჟანგბადი, საწვავი და თავშესაფარი ეს მხოლოდ პირველადი საჭიროებებია. მეცნიერებმა უნდა გადაწყვიტონ, რა წაიღონ დედამიწიდან და რის წარმოებას შეძლებენ ადგილზე.

ჯონსონის თქმით, ენერგიის საკითხი შედარებით მარტივია: „შეგიძლიათ მარსზე ბირთვული რეაქტორი წაიღოთ და ჩასვლისას ადამიანებს მხოლოდ მისი ქსელში ჩართვა დასჭირდებათ. თუმცა, წყალთან დაკავშირებით ვითარება უფრო რთულადაა, მარსზე არის წყალი, მაგრამ ის, სავარაუდოდ, მიწისქვეშ და გაყინულ მდგომარეობაში იმყოფება, ამიტომ მისი მოპოვება რობოტული ბურღვით მოუწევთ“.
რობოტებს მარსის ატმოსფეროს გამოყენებით რაკეტის საწვავის წარმოებაზე შეეძლებათ იმუშაონ. მათი ერთი ნაწილი კი ყურადღებას ელექტროლიზის მეშვეობით ჟანგბადის გადამუშავებაზე გაამახვილებს, სისტემამ, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) 1998 წლიდან მოქმედებს , თავისი ეფექტურობა უკვე დაამტკიცა.
როდესაც ეს ყველაფერი შესრულდება, ისმის კითხვა, როგორი იქნება პირველი ადამიანების ცხოვრება ახალ დასახლებაში?
“ვფიქრობ, ეს ერთდროულად ამაღელვებელი, მოსაწყენი და თავზარდამცემი იქნება. ამაღელვებელი იიტომ, რომ მარსზე ცხოვრობ; მოსაწყენი იმიტომ, რომ მუდმივად შენს დახურულ თავშესაფარში ხარ გამოკეტილი; და თავზარდამცემი იმიტომ, რომ შენი ალუმინის კედლის მიღმა მყისიერი სიკვდილი გელოდება“, - ლეს ჯონსონი.