ავტორი:

რაზე დგას თბილისი: გეოლოგიური "დნმ" - "ოკეანის ფსკერზე დავაბიჯებთ... ბევრმა არ იცის, რომ დედაქალაქის ქვეშ გადის რღვევა, რომელიც ტექტონიკურად აქტიურია"

რაზე დგას თბილისი: გეოლოგიური "დნმ" - "ოკეანის ფსკერზე დავაბიჯებთ... ბევრმა არ იცის, რომ დედაქალაქის ქვეშ გადის რღვევა, რომელიც ტექტონიკურად აქტიურია"

ცოტათი განსხვავებულ, თუმცა ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს თემას უნდა შევეხოთ. ესაა - რაზე დგას თბილისი და როგორია მისი გეოლოგიური დნმ... ჩვენი სტუმარია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტი, რაბი გაბრიელაშვილი.

საუბარი ამ ერთგვარი პროვოკაციული შეკითხვით დავიწყეთ: რაზე დგას თბილისი და როგორია დედაქალაქის გეოლოგიური ძირი?

  • ნეოთეტისის ოკეანე და თბილისის ფორმირების 50 მილიონი წელი

- თბილისის გეოლოგიური აგებულების და იმ გარემოს ჩამოყალიბება, რასაც დღეს ირგვლივ ვხედავთ, ათობით მილიონი წლის წინ დაიწყო. ეს პროცესები ინტენსიურად ქვედა ეოცენიდან, ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, დაახლოებით 50 მილიონი წლის წინ იწყება და დღემდე საკმაოდ აქტიურად გრძელდება.

- ანუ ფორმირების პროცესი დღესაც მიმდინარეობს? კონკრეტულად რა გარემო იყო აქ მილიონობით წლის წინ?

- იმისათვის, რომ განვიხილოთ, თუ რაზე დგას თბილისი, უნდა მივყვეთ ეტაპებს. როდესაც თბილისის ამგები, შედარებით ძველი ქანები ფორმირებას იწყებდა, ეს ტერიტორია მთლიანად წყლით იყო დაფარული. ამ გიგანტურ წყალსატევს, რომლის კვალსაც დღეს თანამედროვე არეალზე ვეღარ ვხედავთ, ნეოთეტისის ოკეანე ერქვა. იგი საკმაოდ დიდხანს არსებობდა და სულ რამდენიმე მილიონი წლის წინ საბოლოოდ დაიხურა, რის შედეგადაც მივიღეთ ხმელეთი. დროთა განმავლობაში, თანამედროვე თბილისის ტერიტორიაზე გარემო მუდმივად იცვლებოდა: ჯერ იყო საოკეანო აუზი, შემდეგ - ზღვიური, მოგვიანებით კი - ჩაკეტილი წყალსატევი. შესაბამისად, გზადაგზა სხვადასხვა ტიპის ქანები ყალიბდებოდა.

  • ქვიშაქვები, ვულკანური ქანები და თბილისი - აჭარა-თრიალეთის ქედის დაბოლოება

- საინტერესოა, კონკრეტულად როგორი ტიპის ქანებთან გვაქვს საქმე დედაქალაქში?

- წარმოშობის მიხედვით შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი ტიპი. პირველი ეს არის დანალექი ქანები. მათი განმარტება მარტივია: როდესაც წყალსატევში რელიეფის შემაღლებული ფორმებიდან დაბალი ფორმებისკენ ჩაირეცხება ნალექები (სედიმენტები), ისინი ფსკერზე ილექება და დროთა განმავლობაში მყარდება. ეს ჩვენი ქალაქის რეალობაა - სხვადასხვა ასაკის დანალექ ქანებს თბილისში აბსოლუტურად ყველგან შევხვდებით - მათ შორის, ყველაზე გავრცელებული - ცალსახად ქვიშაქვაა. მეორე ტიპი არის მაგმური ქანები, რომლებიც დედამიწის სიღრმიდან წამოსული ბლანტი მაგმის გაცივების შედეგად ყალიბდება - იქნება ეს ვულკანის მიერ ამოფრქვეული ლავა ზედაპირზე, თუ მიწის ქვეშ, სიღრმეშივე გაცივებული მასა.

ეს ცოდნა იმიტომ გვჭირდება, რომ თბილისის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი და დასავლეთი პერიფერია, რეალურად, აჭარა-თრიალეთის ნაოჭა-შეცოცებითი სისტემის დაბოლოებაა. ეს სტრუქტურა მცირე კავკასიონის ნაწილია, რაც ნიშნავს იმას, რომ თბილისი, ფაქტობრივად, მცირე კავკასიონის კიდეზე მდებარეობს. ამ კონკრეტულ ზონაში გვხვდება შუა ეოცენური, ანუ დაახლოებით 43-45 მილიონი წლის წინანდელი გაცივებული ანდეზიტური ლავები და გაბროული ინტრუზივები (სიღრმეში გაცივებული მაგმა). ასეთი გაშიშვლებული ქანების ნახვა, მაგალითად, რუსთავის გზატკეცილზეც არის შესაძლებელი.გეოლოგიური გარემოსთვის ასევე მნიშვნელოვანია ვულკანურ-სედიმენტური, ტუფბრექჩიები. ისინი მაგმური წარმოშობის ნატეხების ერთმანეთზე შეცემენტების შედეგად წარმოიქმნება და ქალაქის რელიეფის ფორმირებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს.

  • "ჩვენ ოკეანის ფსკერზე დავაბიჯებთ" - როგორ გაქრა ნეოთეტისი და სად მიედინებოდა მტკვარი?

- ე.ი. გამოდის, რომ დღეს ოკეანის ფსკერზე ვცხოვრობთ? რატომ გაქრა ეს ოკეანე?

- დიახ, როდესაც თბილისში დანალექ ქანებზე დავაბიჯებთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ წყალსატევის ფსკერზე დავდივართ, სადაც ეს ქანები მილიონობით წლის წინ დაილექა.რაც შეეხება ნეოთეტისის გაქრობას: ეს მოხდა იმის გამო, რომ აფრიკისა და არაბეთის ტექტონიკურმა ფილაქნებმა ჩრდილოეთისკენ დაიწყეს მოძრაობა. ნეოთეტისის ოკეანე, მარტივად რომ ვთქვათ, მოექცა ევრაზიის ფილაქანსა და ამ ორ ფილაქანს შორის. სივრცე თანდათან შევიწროვდა, ჯერ ჩაკეტილ აუზებად იქცა, შემდეგ კი საერთოდ გაქრა. ამ ყველაფრის პარალელურად დაიწყო კავკასიონისა და მცირე კავკასიონის ამოზევება და შედეგად მივიღეთ ის გიგანტური მთათა სისტემები, რაც დღეს გვაქვს.

- წლების წინ ერთ-ერთ გეოლოგთან მქონდა ინტერვიუ. მან აღნიშნა, რომ გეოლოგიურ წარსულში მტკვარი გაცილებით მაღალ დონეზე, დაახლოებით მთაწმინდის სიმაღლეზე მიედინებოდა და დროთა განმავლობაში ჩაიჭრა რელიეფში. რას იტყვით თქვენ?

- ნამდვილად ასეა. თუკი ოკეანეების ევოლუცია ასობით მილიონ წელს ითვლის, მდინარეებს შედარებით ხანმოკლე სასიცოცხლო ციკლი აქვთ. თუმცა მტკვარი გეოლოგიურ წარსულში ნამდვილად რელიეფის ბევრად შემაღლებულ ფორმებზე გაედინებოდა. დროთა განმავლობაში მან ეროზიის შედეგად უფრო და უფრო გააღრმავა კალაპოტი.აქ პროცესი ორმხრივია: ერთი მხრივ, მდინარე თავად ჭრის რელიეფს და მეორე მხრივ, მისგან დამოუკიდებლად, ტექტონიკური აქტივობის გამო, ხდება დედამიწის ქერქის ამოზევება. არაბეთისა და აფრიკის ფილაქნები დღესაც აწვება ევრაზიის ფილაქანს. სწორედ ეს მუდმივი წნეხია რეგიონში მიწისძვრებისა და ტექტონიკური პროცესების გამომწვევი მთავარი ფაქტორი.

  • 13 ივნისის ტრაგედია, ახალდაბის მეწყერი და პრევენციის ძალა

- თბილისის გეოლოგიურ „დნმ“-ზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით სტიქიებს. თბილისის ნუმულიტური წყება, რომელიც ახალდაბის მეწყრული ზონის ამგები ქანია (წყება რამდენიმე ქანის ერთმანეთზე მორიგეობაა), სამწუხაროდ, 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედია გამოიწვია.

თბილისის ნუმულიტებიანი წყება - ქვიშაქვისა და არგილიტის შრეების მორიგეობა, მდ. ვერეს ხეობა

- სპეციალისტების რეკომენდაციები და საპრევენციო ზომები წინასწარ რომ ყოფილიყო გათვალისწინებული, ამ შედეგს ავიცილებდით?

- ძალიან რთული შეკითხვაა და პასუხიც ცალსახა ვერ იქნება. როდესაც საქმე გვაქვს ისეთ გიგანტურ დინამიკურ პროცესთან, როგორიც ახალდაბის ბლოკური მეწყერია, მასშტაბები გაოგნებას იწვევს.პრევენციული სამუშაოები მოვლენამდეც შესაძლებელია და მის შემდეგაც. სამწუხაროდ, ჩვენთან უფრო მეტი სამუშაო სტიქიის შემდეგ ჩატარდა, ვიდრე მანამდე. მეწყრული პროცესების სრული შეჩერება ბუნებაში, ფაქტობრივად, შეუძლებელია, თუმცა, წინასწარ რომ მომხდარიყო კალაპოტის სათანადო მომზადება ამ ღვარცოფული ნაკადის გასატარებლად, შედეგი ასეთი ლეტალური და დრამატული აღარ იქნებოდა. საპრევენციო ღონისძიებები - დრენაჟები, ტერიტორიის გატყიანება და, რაც მთავარია, სახიფათო ზონებში ანთროპოგენური ზემოქმედებისა და მშენებლობებისგან თავის შეკავება - რისკებს საგრძნობლად ამცირებს.

  • ქაოსური განაშენიანება და თბილისის აქტიური რღვევა

- მშენებლობები ახსენეთ და ეს სწორედ ის თემაა, რაც თითოეულ თბილისელს აწუხებს. ქალაქი მეგაპოლისად იქცა, ყველგან ლამის 40-სართულიანი კორპუსები შენდება. რამდენად იძლევა თბილისის გეოლოგიური ნიადაგი იმის საშუალებას, რომ ნებისმიერ ადგილას საძირკველი გაითხაროს და ცათამბჯენი დაიდგას?

- რა თქმა უნდა, ყველგან მშენებლობა არ შეიძლება - მაგალითად, მდინარის ჭალაში ტერიტორიის ათვისება დაუშვებელია. საინჟინრო-გეოლოგიური თვალსაზრისით, თბილისის გეოლოგია საკმაოდ კარგად არის შესწავლილი, ქანების მახასიათებლები და შეფასებები არსებობს.ჩვენთვის ცნობილია უბნები, სადაც გეოლოგიური პირობები ხელსაყრელი არ არის - ან მეწყრული პროცესების გამო, ან თავად ქანების ფიზიკური თვისებების გამო, რომლებიც დამატებით დაძაბულობას ვერ უძლებს და მარტივად იშლება. თუკი ასეთ ადგილებში მშენებლობა მაინც გადაწყდება, იქ სრულიად განსხვავებული საძირკველი, განსაკუთრებული საინჟინრო მიდგომები და მუდმივი მონიტორინგია საჭირო.

მეოთხეული ასაკის კონგლომერატები, თბილისის შემოვლითი გზა.

- თუმცა გარედან ხშირად ჩანს, რომ ინვესტორები ამას ყურადღებას არ აქცევენ... ზოგიერთი ადგილი, ჩემი აზრით, ჰაერის ვენტილაციისთვის უმნიშვნელოვანესი დერეფანი იყო, დღეს კი ისეა გადატვირთული მაღალსართულიანი კორპუსებით, რომ ნორმები აშკარად დარღვეულია...

- ჩემი პირადი აზრია, რომ ყველაფერს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს. თუ აუცილებელია კონკრეტული პროექტის განხორციელება, უნდა შეირჩეს ალტერნატიული, ნაკლებად სახიფათო ლოკაცია. სამშენებლო უსაფრთხოება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი რეალობა უნდა იყოს, თუნდაც იმიტომ, რომ 2002 წლის 25 აპრილის მიწისძვრა ამის თვალსაჩინო მაგალითია. შესაძლოა ბევრმა არ იცის, მაგრამ უშუალოდ დედაქალაქის ქვეშ გადის თბილისის რღვევა, რომელიც ტექტონიკურად აქტიურია. 2002 წლის მიწისძვრაც სწორედ ამ რღვევის გააქტიურებამ გამოიწვია. სეისმური საშიშროების, ღვარცოფების, მეწყრების, ქვათაცვენისა და წყალდიდობების თვალსაზრისით, თბილისი საკმაოდ მოწყვლადი ქალაქია და თითოეულ უბანს სპეციფიკური ყურადღება სჭირდება.გარდა თავად გრუნტისა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ არის შენობა აშენებული. ძველი, თუნდაც თავის დროზე კარგად აშენებული ნაგებობები ათწლეულების შემდეგ მაინც საჭიროებს მუდმივ მონიტორინგსა და გადამოწმებას, რადგან დინამიკურ რეგიონში ვცხოვრობთ და გარემო მუდმივად იცვლება.

  • თბილისის გეოლოგიური პარკი - ახალი საგანმანათლებლო სივრცე ნუცუბიძეზე

- ვიცით, რომ 14 ივლისს თქვენს ინსტიტუტში მნიშვნელოვანი ღონისძიება იგეგმება. გვითხარით რამდენიმე სიტყვით, რა ელოდებათ სტუმრებს?

- დიახ, 14 ივლისს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ბაზაზე (ნუცუბიძის ქ. 77) იხსნება თბილისის გეოლოგიური პარკი.აქ წარმოდგენილი იქნება თბილისისა და მისი შემოგარენის ამგები ქანების ნიმუშები, რომლებსაც თან ერთვის პოპულარულ ენაზე დაწერილი საინფორმაციო დაფები. ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს შეეძლება მობრძანდეს და გაეცნოს ამ მასალას. საექსპოზიციო ნიმუშები სამ ნაწილად ერთიანდება:

1. წმინდა სამეცნიერო ნაწილი - ქანების ასაკი, სტრუქტურა და გეოლოგიური ისტორია.2. ისტორიულ-არქიტექტურული ნაწილი - იმ ქანების ნიმუშები, რომლებზეც თბილისის ცნობილი ნაგებობებია დაშენებული (მაგალითად, სამების საკათედრო ტაძარი, ქართლის დედა და სხვა).3. სტიქიური ზონების ქანები - ახალდაბისა და ვაშლიჯვრის ბლოკური მეწყრების რეალური ნიმუშები, სადაც თვალნათლივ ჩანს, თუ რასთან გვაქვს საქმე დინამიკის თვალსაზრისით.გარდა გეოლოგიური პარკისა, 14 ივლისს ასევე გაიხსნება ახალი გეოტექტონიკური ლაბორატორია, სადაც სტუმრებს შეეძლებათ ნახონ თანამედროვე დანადგარების დემონსტრირება და გაიგონ, თუ როგორ მუშაობენ მეცნიერები ქალაქის უსაფრთხოების დასაცავად.