ავტორი:

საზარელი ინციდენტი Ryanair-ის რეისზე - დაზიანებული ფანჯრიდან მგზავრი ნაწილობრივ ჰაერში აღმოჩნდა

საზარელი ინციდენტი Ryanair-ის რეისზე - დაზიანებული ფანჯრიდან მგზავრი ნაწილობრივ ჰაერში აღმოჩნდა

Ryanair-ის რეისზე, რომელიც საბერძნეთის ქალაქ თესალონიკიდან გერმანიის ქალაქ მემინგენის მიმართულებით ასრულებდა ფრენას, დრამატული ინციდენტი მოხდა. ფრენის დროს თვითმფრინავის ერთ-ერთი ფანჯარა დაზიანდა, რის შედეგადაც ფანჯარასთან მჯდომი მგზავრი ნაწილობრივ გარეთ აღმოჩნდა.

ინციდენტის დროს თვითმფრინავში ჟანგბადის ნიღბები ავტომატურად ჩამოვარდა, ხოლო ბორტზე პანიკა დაიწყო.

  • "გვეგონა, რომ ვვარდებოდით. ჟანგბადის ნიღბები გავიკეთეთ და არ ვიცოდით, გადავრჩებოდით თუ არა“, – განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი ჩრდილოეთ მაკედონიის საჰაერო სივრცეში მოხდა. ბერძნული მედიის ცნობით, თვითმფრინავის ერთ-ერთი ძრავიდან მოწყვეტილმა ნამსხვრევმა ფანჯარა დააზიანა.

მგზავრების თქმით, დაშავებულ მამაკაცს თავის არეში სისხლდენა ჰქონდა და რამდენჯერმე გონებაც დაკარგა. მიუხედავად ამისა, მას უსაფრთხოების ღვედი ეკეთა, რამაც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მძიმე შედეგი თავიდან აიცილა.

ინციდენტის შემდეგ Boeing 737-800-ის ეკიპაჟმა გადაწყვეტილება მიიღო, ფრენა შეეწყვიტა და თვითმფრინავი თესალონიკის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაესვა.

Ryanair-ის განცხადებით, ერთმა მგზავრმა ადგილზე სამედიცინო დახმარება მიიღო, ხოლო დანარჩენი მგზავრების მემინგენში გადასაყვანად ავიაკომპანიამ შემცვლელი თვითმფრინავი გამოყო.

გერმანული და ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაშავებულ მამაკაცს კისრის ტრავმა, ნაკაწრები და დამწვრობები აღენიშნება. ექიმების ცნობით, ის გონზეა, თუმცა შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.

ბორტზე მყოფი ორსული ქალი სიფრთხილის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

წყარო