ავტორი:

საქართველოს ორი რეგიონი განსაკუთრებული რისკის ქვეშაა – სად გვხვდება ყველაზე ხშირად ყირიმ-კონგოს ცხელება და რა უნდა ვიცოდეთ ტკიპას ნაკბენზე

საქართველოს ორი რეგიონი განსაკუთრებული რისკის ქვეშაა – სად გვხვდება ყველაზე ხშირად ყირიმ-კონგოს ცხელება და რა უნდა ვიცოდეთ ტკიპას ნაკბენზე

ტკიპას ნაკბენი ყოველთვის არ ნიშნავს ინფიცირებას, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში დროულ რეაგირებაზე ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი შეიძლება იყოს დამოკიდებული. ზაფხულის სეზონზე, როდესაც ტკიპები განსაკუთრებით აქტიურობენ, ინფექციონისტები მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. რა დაავადებებს ავრცელებენ ტკიპები საქართველოში, როგორ უნდა მოვიქცეთ ნაკბენის შემდეგ და რომელი სიმპტომებია საგანგაშო – ამ კითხვებს „დილის პალიტრაში“ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ უპასუხა

- ეს სეზონი, აპრილის მეორე ნახევრიდან სექტემბრამდე - ეს არის პერიოდი, როდესაც ტკიპები აქტიურდებიან და, ჩვენდა სამწუხაროდ, ბუნებაში ხშირად გვიწევს ხოლმე, ვთქვათ, ფეხსახსრიან მწერებთან შეხვედრა. აქედან გამომდინარე, რაღაცნაირად უნდა მოვემზადოთ, რომ ეს შეხვედრა იყოს ჩვენთვის უვნებელი, ან თუ გვექნება ტკიპასთან ექსპოზიცია და კონტაქტი, დავიცვათ თავი სხვადასხვა, ინფექციების განვითარებისგან.

პირველ რიგში, აღვნიშნავ ასევე იმასაც, რომ ყველა ტკიპა არ არის ინფექციის მატარებელი და ტკიპას ნაკბენი ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება გარკვეული დაავადებით ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციით ვინფიცირდეთ. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა დაავადებებში გადადის ტკიპას ნაკბენით, ვიცოდეთ, რა სიმპტომები ახასიათებს კბენით გადატანილ დაავადებებს, რომ შემდეგ დროულად მოხდეს მიმართვა ექიმთან.

ორ მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას, რომელიც საქართველოსთვის არის აქტუალური და ენდემურია ეს დაავადებები ჩვენი რეგიონისთვის. ეს არის ლაიმის დაავადება (ბორელიოზი) და ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება. ლაიმის დაავადება არის ბაქტერიული ინფექცია, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება არის ვირუსული ინფექცია.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიულ ცხელება განსაკუთრებით საშიში დაავადებების რიცხვში შედის და ხშირად გვხვდება სამხრეთ საქართველოში, შიდა ქართლში. თუ ადამიანები იმყოფებიან ამ რეგიონში, აღინიშნა ტკიპას ნაკბენი და შემდეგ, პირველი საათებიდან დაახლოებით ერთ კვირამდე გამოვლინდა სიმპტომები, როგორიც არის: საერთო სისუსტე, ტემპერატურის მატება, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, კონიუნქტივიტი - ეს არის პირდაპირი ჩვენება, რომ მივმართოთ, ექიმს.

აქვე განვმარტავ, ტკიპა რომ გვიკბენს, ან ნებისმიერი მწერი, პირველი 48 საათის განმავლობაში შეიძლება ნაკბენის ადგილას განვითარდეს შეშუპება, სიწითლე, მტკივნეულობა, მაგრამ ეს არ აჩვენებს, რომ გინდა თუ არა, ეს ტკიპა იყო ამა თუ იმ ინფექციის მატარებელი. მაგრამ თუ სიმპტომები წამოვიდა 48 საათის შემდეგ, ეს უკვე ნიშნავს, რომ შესაძლებელია, ჩვენ ვინფიცირდით და ასეთ დროს უნდა მივმართოთ ექიმს.

პირველი 48 საათის განმავლობაში, ნებისმიერი დაკბენის შემდეგ, ადგილობრივი ალერგიული, ანთებითი რეაქცია ვითარდება და ამიტომ სიწითლე, მცირე ზომის, 20-თეთრიანის ზომის სიწითლე - არ არის საშიში და ადგილობრივი მოვლა სჭირდება. მაგრამ თუ 48 საათი გავიდა და სიწითლემ მოიმატა ან შეშუპებამ მოიმატა, წამოვიდა ის ზოგადი სიმპტომები, რაც მე აღვნიშნე (ცხელება...), უნდა მივმართოთ ექიმს.

ტკიპას აღმოჩენისთანავე უნდა მოხდეს რეაგირება და მისი მოცილება. არის შემთხვევები, შეიძლება ტკიპა შევნიშნოთ და არ ვიცოდეთ, რამდენი ხანია ის ჩვენს სხეულზე და ასეთ დროს აუცილებლად დროულად უნდა მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას, იმიტომ რომ რაც მეტ დროს ატარებს ტკიპა, ვთქვათ, ჩვენს სხეულზე და თუ ის ინფიცირებულია, ეს, რა თქმა უნდა, ზრდის რისკებს, რომ დაავადება გადაგვედოს.

ასევე უმჯობესია ჩვენი ძალებით არ ვეცადოთ ამოყვანა. სხვადასხვა გზები შეგხვდებათ ტკიპას მოცილების სხეულიდან ინტერნეტში, თუმცა ეს არ არის ყოველთვის უსაფრთხო. ამ დროს შეიძლება ტკიპას თავი და საცეცები დარჩეს კანში და ამან, პირიქით, დაავადების გავრცელებასაც შეუწყოს ხელი. რომც არ იყოს ტკიპა ინფიცირებული, უცხო სხეულმა, რომელიც ჩვენ კანში დარჩება, შეიძლება გამოიწვიოს ანთებითი პროცესი ან მეორადი ინფექციაც.'

თუ არ ვიმყოფებით გარემოში, სადაც სამედიცინო სერვისი ხელმიუწვდომელია, აუცილებლად უნდა მივიდეთ სამედიცინო დაწესებულებაში და უნდა მოხდეს სპეციალისტების მხრიდან.

ლაიმის დაავადება მთელ მსოფლიოში გვხვდება და ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ტრანსმისიული დაავადებაა, რომელიც მწერებით და ნაკბენით გადადის. მას ახასიათებს საკმაოდ მრავალფეროვანი კლინიკური სურათი. პირველ დღეებში და კვირებში შეიძლება საერთოდ სიმპტომები არ ჰქონდეს ადამიანს და გვიან გამოვლინდეს.

რაც შეეხება კლასიკურ გამოვლინებას, ეს ხდება კანზე. თუ კბენიდან 48 საათზე მეტი დროის, რამდენიმე დღეში, კვირაში ან თვეში კანზე გამოვლინდა რგოლისებრი, ბეჭდისებრი ერითემა ან გაჩნდა სხვადასხვა ლოკალიზაციაზე გამონაყარი, აუცილებლად უნდა დავუკავშიროთ ტკიპას ნაკბენს, იმიტომ რომ შეიძლება ეს სიმპტომები იყოს დაკავშირებული ლაიმის დაავადებასთან და აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს.

ლაიმის დაავადება არის ერთ-ერთი ყველაზე რთულად სადიაგნოსტიკო დაავადება და ეს არა მხოლოდ ლაბორატორიულ მონაცემზე არ არის დამყარებული. თუ ჩვენ გვაქვს ტკიპასთან ექსპოზიცია, თუნდაც ინფიცირებულთან, რომელიც ბორელიოზის მატარებელია, და პირველ დღეს გავიკეთებთ ამ კვლევას, ან პირველ ხუთ დღეში, ან 10 დღეში, ანტისხეულები იქნება უარყოფითი.

არსებობს მაღალტექნოლოგიური PCR კვლევა, ბაქტერიოლოგიური კვლევები, რომელიც შეიძლება პირველივე დღეებში გვქონდეს დადებითი, თუმცა, როგორც აღვნიშნე, ლაიმის დაავადებით შეიძლება ვინფიცირდეთ, მაგრამ დაავადება მოგვიანებით განვითარდეს.

ასევე არსებობს პროფილაქტიკა, პოსტექსპოზიციური ლაიმის დაავადების დროს - ანტიბიოტიკოთერაპია. თუმცა აქაც კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არ უნდა ვცადოთ თვითნებურად ამ ანტიბიოტიკის მიღება, მხოლოდ ექიმმა შეიძლება დაგვინიშნოს პროფილაქტიკა ანტიბიოტიკებით.

როგორ დავიცვათ თავი?

ამისთვის შესაბამისი ეკიპირებით უნდა ვიაროთ ბუნებაში, ეს არის პირველი, რაც მნიშვნელოვანია დიდებისთვის და ბავშვებისთვისაც. ბავშვებისთვის გამოვიყენოთ ბადიანი ეტლი, რომელიც დაიცავს ბავშვს მწერებთან ექსპოზიციისგან, არსებობს სპეციალური მწერების საწინააღმდეგო სპრეები ან სხვადასხვა საშუალებები, რომლებიც 100%-ით არ გვიცავს, თუმცა ამცირებს მწერებთან ექსპოზიციას.

და შემდეგი ეტაპია როდესაც სახლში მოვალთ ველური ბუნებიდან, კარგად დავითვალიეროთ სხეული, იმიტომ რომ ტკიპა შეიძლება იყოს ისეთ ნაწილზე, რომ თავიდან ვერ შევამჩნიოთ. ბავშვებში საკმაოდ რთულია ტკიპას აღმოჩენა, განსაკუთრებით თავის თმიან ნაწილში. ყოფილა შემთხვევები: დღეების განმავლობაში ყოფილა თავის თმიან ნაწილში ტკიპა, ბავშვს ჰქონია ჩივილები და ვერ ხდებოდა ტკიპას აღმოჩენა.

კიდევ იმას გავუსვამ ხაზს, რომ მნიშვნელოვანია კერებიც, რეგიონული მდებარეობაც, სადაც მაღალია გავრცელება თუნდაც იმ საშიში დაავადების, როგორიც არის ყირიმ-კონგოს ცხელება. ეს არის, ვთქვათ, სამხრეთ საქართველო (ახალციხე, ასპინძა), ასევე შიდა ქართლის ტერიტორია. სხვაგანაც გვხვდება შემთხვევები, სხვა რეგიონებში, თუმცა შემთხვევების 90%-ზე მეტი მოდის სამხრეთ საქართველოზე და შიდა ქართლზე. ამიტომ თუ ვიმყოფებით აი, ამ რეგიონში, გვაქვს აქტიური კონტაქტი შინაურ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვთან ან გარეულ ცხოველებთან აუცილებლად გვექნება ტკიპებთან, გარკვეული შეხება.

თუ სიმპტომები ვლინდება, როგორიც არის: ცხელება, სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, ატიპიური გამონაყარი ან სისხლჩაქცევები კანზე, ეს არის პირდაპირი ჩვენება იმის, რომ მივმართოთ დროულად სპეციალისტს, რომელიც შეაფასებს მდგომარეობას.

თუ ლაიმის დაავადების დროს დაავადება შეიძლება დუნედ მიდიოდეს და გვიან გამოვლინდეს სიმპტომები, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევაში პირიქით არის: პირველი რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე არის გადამწყვეტი, იმიტომ რომ შემდეგ ამ დაავადებას აქვს საკმაოდ მძიმე გართულებები, როგორიც არის სისხლჩაქცევები კანზე, შინაგანი სისხლდენები და აი, ასეთ დროს უკვე ძალიან გაზრდილია ლეტალური გამოსავალი. ამიტომ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, როგორც სხვა ჰემორაგიული ცხელებები, არის საშიში დაავადება და ასეთ დროს გადამწყვეტია პირველ რიგში პრევენცია ამ დაავადების.

ლაიმის დაავადების სივერაგე იმაში მდგომარეობს, რომ შეიძლება ეს კანის გამოვლინებები არც იყოს, ვერც მივიტანოთ ამ დაავადებაზე ეჭვი, დაგვავიწყდეს, რომ ტკიპამ გვიკბინა და თვეების და წლების შემდეგ გამოვლინდეს სიმპტომები. ლაიმის დაავადებას შეუძლია დააზიანოს თითქმის ყველა ორგანო და ორგანოთა სისტემა: ეს არის გულ-სისხლძარღვთა სისტემა (შეიძლება გამოიწვიოს პერიკარდიტი, მიოკარდიტი), შეიძლება მოხდეს სახსრების დაზიანება და გამოიწვიოს როგორც მონოარტრიტი (ანუ ერთი რომელიმე დიდი სახსრის ანთება), ან პოლიარტრიტი (მრავლობითი სახსრების ანთება), შეიძლება დააზიანოს ცენტრალური ნერვული სისტემა (გამოიწვიოს ისეთი მძიმე დაავადება, როგორიც არის მენინგიტი ან მენინგოენცეფალიტი), შეიძლება მოხდეს პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება და გამოიწვიოს პოლინეიროპათია.

და მეტსაც ვიტყვი, რომ ძირითადად, გვიანი ლაიმის დაავადების ეს გამოვლინებები საკმაოდ გვიან დიაგნოსტირდება, იმიტომ რომ მსგავსი სიმპტომების განვითარების დროს იშვიათად თუ ახსენდება ვინმეს ინფექცია. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი მედიცინაში ანამნეზის სწორი შეკრება და მათ შორის, ინფექციურ დაავადებებზე როდესაც ვსაუბრობთ, ერთ-ერთი საკვანძო არის ეპიდემიოლოგიური ანამნეზი. ამიტომ ყოველთვის ვეკითხები ჩვენს პაციენტებს: ხომ არ ჰქონდა კონტაქტი რომელიმე მწერთან, ხომ არ ახსოვს მწერის ნაკბენი ან ხომ არ აქვს ხშირი შეხება ბუნებასთან? იმიტომ რომ ასეთ დროს ზუსტად, რა თქმა უნდა, როდესაც გვაქვს ეპიდანამნეზი, თუნდაც ამ მოგვიანებით სტადიაში და ამ არასპეციფიკური გართულებების შემთხვევაშიც უნდა ვიფიქროთ, ხომ არ გვაქვს ლაიმის დაავადება.

როგორც აღვნიშნე, უმრავლესობა ტკიპების არ ატარებენ ამა თუ იმ დაავადებას და ინფექციას და ასეთ დროს ვითარდება მხოლოდ ლოკალური, ასე ვთქვათ, ანთებითი პროცესი. ამის შესაფასებლად ძალიან მნიშვნელოვანია დრო: თუ ჩვენ მოვაცილეთ ტკიპა და შემდეგ ადგილობრივ მკურნალობას ვიტარებთ, ის სიწითლე იქნება, შეშუპება თუ ტკივილი, 48 საათის შემდეგ უკვე უნდა განიცადოს უკუგანვითარება და წავიდეს ალაგებისკენ. თუ სიმპტომები პროგრესირებს, ეს უკვე ნიშნავს, რომ ან მოხდა მეორადი ინფიცირება ან ეს ტკიპა იყო რომელიმე სერიოზული დაავადების მატარებელი და ასეთ დროს უნდა მოხდეს დროულად ექიმთან მიმართვა.