ეს ადამიანი [იოსებ სიგუა] მაკონტროლებს, მდევნის, ყველგან შემოდის, სადაც ვარ, გარეთ ყველგან მანქანა დგას, ამასთან დაკავშირებით სამაჯური გამოუწერეს, - ამის შესახებ პოლიციის მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მეუღლე, სოფია სიგუა-შატბერავა „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს.
შატბერავას თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში პროცესი უნდა დაიწყოს, სადაც პოლიციის მაღალჩინოსანიც მივა.
„ახლა შევდივარ სასამართლოში, რამდენიმე წუთში იწყება ამ ძალადობასთან დაკავშირებით პროცესი, რომ ჩემი უსაფრთხოება იყოს დაცული. ეს ადამიანი მაკონტორლებს, მდევნის, მდევნის არ ჰქვია ამას, ყველგან შემოდის, სადაც ვარ, გარეთ ყველგან მანქანა დგას, ამასთან დაკავშირებით სამაჯური გამოუწერეს. მოსამართლემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს გადაწყვეტილება ძალაში უნდა დატოვოს, რომ ნამდვილად სამაჯურია ამ სიტუაციაში აუცილებელი. გუშინწინ, 4-ჯერ გამოვიძახე პოლიცია, რაზეც არ მოვიდნენ, გუშინ, უკვე გენერალურ ინსპექციაში დავრეკე და მერე უკვე მოვიდნენ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ნამდვილად იმსახურებდა ჩემთან მოახლოების აკრძალვას. ეს გადაწყვეტილება პოლიციამ მიიღო, ვინაიდან საფრთხის შემცველი იყო, იარაღი ისედაც ჩამორთმეული აქვს, ვინაიდან მას კიდევ გამოეწერა შემაკავებელი ორდერი, რომელიც იარაღის ჩამორთმევას გულისხმობს, სამაჯურამდეც კი ეს სანქცია ჰქონდა. მოდის ისიც [სიგუა სასამართლოში], რადგან ეს ჩემი დამცავი მოწყობილობა წრიპინებს ამ მომენტში, სადღაც ახლოს არის“, - განაცხადა შატბერავამ.
იოსებ სიგუა რამდენიმე დღის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.
ის მანამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად მუშაობდა.
იოსებ სიგუა რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს.
პოლიციის პოლკოვნიკის მეუღლემ, სოფია სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.