ავტორი:

"მომიწია ჩასვლა სოფელ კარდენახში და იქ რა სურათიც დამხვდა, გულზე შემომეყარა..." - რა მდგომარეობაშია კოტე აფხაზის სახლი

"მომიწია ჩასვლა სოფელ კარდენახში და იქ რა სურათიც დამხვდა, გულზე შემომეყარა..." - რა მდგომარეობაშია კოტე აფხაზის სახლი

".. სატელევიზიო ჯგუფთან ერთად მომიწია ჩასვლა სოფელ კარდენახში და იქ რა სურათიც დამხვდა, გულზე შემომეყარა! როგორც იქაურებმა მითხრეს, ამ სახლის მეპატრონე ქართული წარმოშობისაა, კანადაში მცხოვრები. შესაძლოა სახელმწიფოსთვის ეს ართულებს საქმეს, რომ მიხედოს, რადგან სახლს მეპატრონე ჰყავს...“, - ასე გაგვიზიარა თავისი უკიდურესი აღშფოთება ცნობილმა რეჟისორმა, მერაბ კოკოჩაშვილმა კოტე აფხაზის სახლის შესახებ. მეპატრონესთან დაკავშირება ბევრი მცდელობის მიუხედავად, შეუძლებელი აღმოჩნდა...

მერაბ კოკოჩაშვილი

- საქართველოს ბევრი ადამიანი ჰყავდა, რომლებიც უდიდესი პატრიოტები იყვნენ, ერთ-ერთი მათგანი იყო - კოტე აფხაზი. ეს ოჯახი კახეთში გადმოვიდა საცხოვრებლად, რადგან იმ პერიოდში აფხაზეთში მძიმე სიტუაცია შეიქმნა. კახეთში მათ აფხაზი შეარქვეს. კოტე აფხაზი გახლდათ ილიას უფროსი დის შვილი, თავად წარმოიდგინეთ როგორი ოჯახი იყო და როგორი პიროვნება ჩამოყალიბდებოდა, რომელმაც ბრწყინვალე განათლებაც მიიღო. ეს იყო განსაკუთრებულად პატრიოტი ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული საქართველოსთვის.

სატელევიზიო ჯგუფთან ერთად მომიწია ჩასვლა სოფელ კარდენახში და იქ რა სურათიც დამხვდა, გულზე შემომეყარა! საქართველოს პირველი რესპუბლიკა რომ შეიქმნა, კოტე აფხაზი სახელმწიფო საბჭოს წევრი იყო, ამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული, თუნდაც ივანე ჯავახიშვილთან ერთად უნივერსიტეტის შექმნის საქმეში, პირველი მსოფლიო ომის დროს ბრძოლებში და ასე შემდეგ, რომელი ერთი ჩამოვთვალო.

მის სახლს ისტორიული მნიშვნელობა აქვს, უაღრესად პატრიოტი ადამიანის სახლი შემონახული უნდა იყოს და ტურისტები დასათვალიერებლად უნდა მოდიოდნენ, სწორედ ეს სახლი დღეს სამარცხვინო მდგომარეობაშია. მე მაგალითად შემრცხვა, უცხოელი ტურისტი რომ მოვიდა და ჩემსავით გულშემოყრილი ათვალიერებდა იქაურობას. როგორ შეიძლება ჩვენს პატრიოტ, სასიქადულო წინაპრებს პატივი არ ვცეთ?!

როგორც იქაურებმა მითხრეს, ამ სახლის მეპატრონე ქართული წარმოშობისაა, კანადაში მცხოვრები. შესაძლოა, სახელმწიფოსთვის ეს ართულებს საქმეს რომ მიხედოს, რადგან სახლს მეპატრონე ჰყავს. თუმცა აუცილებელია ეს საკითხი სახელმწიფომ, კულტურის სამინისტრომ მოაგვაროს, საქართველოს პატრიოტი ადამიანის ისტორია ნებისმიერი ტურისტისთვის, ნებისმიერი ქართველისთვის კიდევ ერთხელ ამ სახლით იყოს მოყოლილი.

"ელისაბედ ერისთავი ბიძასთან - ნიკოლოზ აფხაზთან (კოტე აფხაზის მამა) სტუმრობას იხსენებდა:

"წავედით კარდანახში ბიძაჩემ ნიკოლოზ აფხაზთან. მათ სახლს მშვენიერი მდებარეობა ჰქონდა და ბალკონიდამ შესანიშნავი გადასახედი იყო ალაზნის ველზე. ძალიან კარგად დაგვიხვდნენ, მშვენიერი ვახშამი ჰქონდათ, მაგრამ ღვინო, რომელიც დაგვალევინეს, მე იმისთანა აღარსად დამილევია".

სამწუხაროდ ასე გამოიყურება დღეს კოტე აფხაზის სახლი კარდანახში", - წერს რეჟისორი ბესიკ გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში.

ბესიკ გაფრინდაშვილმა თავის გულისტკივილი გაგვიზიარა:

- რაც შეეხება ფილმის გადაღების იდეას, უკვე რვა წელია, რაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დოკუმენტურ ფილმებს ვიღებთ უნივერსიტეტის დამფუძნებლებზე, ეს ფილმიც აღნიშნული ციკლიდან არის. დამფუძნებელთა რიგებიდან კოტე აფხაზი გახლდათ ერთადერთი, რომელიც არ იყო სამეცნიერო წრიდან გამოსული პირი, მაგრამ მონაწილეობას იღებდა პირველი ქართული უნივერსიტეტის შექმნაში, ივანე ჯავახიშვილს ედგა მხარში.

ამავდროულად, კოტე აფხაზი გახლდათ დიდი საზოგადო მოღვაწე, სამხედრო სფეროში ძალიან წარმატებული პიროვნება. ილია ჭავჭავაძის დისშვილი, ძალიან დიდი პატრიოტი. მეტად ტრაგიკულია მისი ცხოვრებაც და მისი დასასრულიც.

ჩვენ გადავწყვიტეთ კარდენახში ჩავსულიყავით და ის ადგილი გადაგვეღო, სადაც კოტე აფხაზი დაიბადა და იზრდებოდა, ბავშვობას ატარებდა. გვქონდა ინფორმაცია, რომ აფხაზთა საგვარეულო სახლი სავალალო მდგომარეობაში იყო, მაგრამ იმან, რაც საკუთარი თვალით ვნახეთ, ჩემზე ძალიან იმოქმედა. ფილმის გადაღების პროცესში გადავწყვიტეთ, რომ მთხრობელი - მერაბ კოკოჩაშვილი კარდენახში ჩაგვეყვანა და ადგილზე ჩაგვეწერა.

ბატონმა მერაბმა სურვილი გამოთქვა, რომ აუცილებლად წამოვიდოდა და მეორედ მოგვიხდა წასვლა კარდენახში.

ადგილობრივმა მოგვითხრო ამ სასახლის შესახებ ბევრი საინტერესო ამბავი, რაც წიგნადაც არის გამოცემული.

ამ სახლს რომ ძალიან დიდი ისტორია აქვს, ჯერ რომ აფხაზთა საგვარეულო სახლი იყო, სადაც კოტე აფხაზი იზრდებოდა და სასახლეს ოცამდე სასტუმრო დარბაზი ჰქონდა... შემდეგ სასახლე აფხაზთაგან შეიძინა ალექსანდრე დიმიტრის ძე შერემეტიევმა, რომელმაც კიდევ უფრო გააკეთილშობილა და იმდენად კარგი გახადა, ამ სასახლეს სტუმრად ეწვია რუსეთის იმპერატორი - ალექსანდრე და მისი ვაჟი - ნიკოლოზ მეორე.

სამწუხაროა, რომ დღეს ისევ შეუქცევადად გრძელდება სასახლის განადგურება. ის დარჩენილი კედლებიც ინგრევა, არ ვიცი ადგილობრივებისგან თუ მოსულისგან, აგურ-აგურ გადის.

ალბათ მეტი ყურადღებაა სახელმწიფოსგან საჭირო, იქნებ რამე ეშველოს ამ დარჩენილ ნაწილს და ის მაინც დაკონსერვდეს, თუ აღდგენა არ ხერხდება.

  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი - დათო ტაბახმელაშვილი:

"დავიწყებ იქიდან, რომ აფხაზთა ეს სასახლე მე-19 საუკუნეშია აშენებული. თუ როგორ გამოიყურებოდა იგი ამის ამსახველი ფოტომასალა ეროვნულ მუზეუმშია დაცული. მე-20 საუკუნეში აღნიშნულ შენობაში, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, მოგვიანებით ბავშვთა სახლი ფუნქციონირებდა (ადგილობრივები ამ ადგილს პრიუტს უწოდებენ).

შემდეგ, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი ამ ბავშვთა სახლმაც შეწყვიტა ფუნქციონირება. 2007 წელს სასამართლომ ეს შენობა, რაც დარჩენილი იყო და ის მიწა, რომელიც ეკუთვნოდა სასახლეს, გადასცეს კონსტანტინე აფხაზის ნათესავს. ეს ადამიანი ფაქტობრივად არ გამოჩენილა წლების განმავლობაში და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს კულტურული მემკვიდრეობა, თითქმის განადგურებულია.

2023 წელს ვიყავი სასახლის ნარჩენების სანახავად და აღმოვაჩინე და ფოტოზეც დავაფიქსირე ის ფაქტი, რომ სასახლის დარჩენილ ნაწილს გაურკვეველი ვინაობის ადამიანები ანგრევენ და ის საშენი მასალა, რაც გამოყენებულია სასახლის ასაშენებლად (ქართული აგური) გააქვთ ადგილიდან.

აღნიშნულ სასახლეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

უამრავ ისტორიას ინახავს აღნიშნული სასახლე. აქ ხშირად სტუმრობდა ილია ჭავჭავაძე თავის დას, ნინო ჭავჭავაძეს.

სასახლეს ჰქონდა კარის ეკლესია, რაც მე-19 საუკუნის ფოტოებიდან ვიცით. ეს ეკლესია და მისი კვალი, სამწუხაროდ, დღეს აღარ არსებობს. მე ადგილობრივი ვარ. წლების წინ მივმართე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურს, სადაც განმიცხადეს, რომ ეს ძეგლი კერძო საკუთრებაშია გადაცემული და სახელმწიფოს არაფრის გაკეთების შესაძლებლობა აქვს.