ვაიომინგის შტატის იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში, უზარმაზარმა აგრესიულმა ბიზონმა ტურისტი ჰაერში აისროლა, რაც კამერამაც დააფიქსირა. გავრცელებული ცნობით, მამაკაცი მძიმედ დაშავდა. Cowboy State Daily-ის ცნობით, გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ აგდებს ველური ბიზონი ჭაღარა მამაკაცს თოჯინასავით 2.5 მეტრის სიმაღლეზე.
ტურისტი მამაკაცი შვილიშვილთან ერთად სეირნობდა, როცა გავეშებული ცხოველი თავს დაესხა. ვიდეოში ჩანს, როგორ გარბის კაცი ფიჭვნარში, რომ როგორმე თავი დააღწიოს ბიზონს. ამის მიუხედავად, ცხოველი კაცს დაეწია და ის ჰაერში მოისროლა.

"უბრალოდ ვცდილობდი, რომ ბიზონის დრამატული შეტევის კადრები გადამეღო. მაგრამ ახლა სრულიად შემეცვალა წარმოდგენა ამ ცხოველზე და იმაზე, თუ რაა მათგან მოსალოდნელი წელიწადის ამ დროს. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ მოხდებოდა", - ამბობს მონტანაში მცხოვრები ფოტოგრაფი მაიკ მაკლეოდი, რომელმაც ბიზონის თავდასხმის კადრები გადაიღო.
<iframe width="1265" height="480" src="https://www.youtube.com/embed/aIiMSCBHThA" title="Bison Flips Grandpa In Yellowstone National Park" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>
"ბანაკის ტერიტორიაზე მყოფი ბავშვები მათგან საკმაოდ მოშორებით მყოფ ბიზონს ფოტოებს უღებდნენ, რა დროსაც კამეჩი მათკენ დაიძრა და შეტევა სცადა", - ჰყვება მაკლეოდი. როცა დაინახა, რომ ბიზონი ბავშვთან მყოფ მამაკაცს გამოეკიდა, ფოტოგრაფმა ჩარევა გადაწყვიტა და ცხოველის შეშინება სცადა.
"მისი ყურადღება უნდა მიმეპყრო. ძალიან მეშინოდა, რომ მამაკაცს ადგილზევე მოკლავდა, ამიტომ ვიდეოს გადაღება შევწყვიტე და ბიზონისკენ გავიქეცი, ხმამაღლა ვყვიროდი და ვცდილობდი, რაც შეიძლება დიდი გამოვჩენილიყავი, რომ შემეშინებინა",- თქვა მაკლეოდმა.
როცა ბიზონი ადგილს გაშორდა, მაკლეოდი და სხვა გარშემომყოფები მსხვერპლის დასახმარებლად გაიქცნენ. მათი თქმით, კაცს ძლიერი ტკივილები ჰქონდა, განსაკუთრებით წელის და ფეხის არეში. კაცის მდგომარეობის შესახებ განახლებული ინფორმაცია მას შემდეგ არ გამოქვეყნებულა.

მაკლეოდის თქმით, სავარაუდოდ, ბიზონს ამძუვნების პერიოდი ჰქონდა და ტერიტორიის დაცვა სურდა. აღსანიშნავია, რომ ზაფხულში, ივნისიდან სექტემბრამდე მათ ტერიტორიულობის განცდა საგრძნობლად უძლიერდებათ. ამ პერიოდში ხვად ბიზონებს მომატებული აქვთ ენერგია და აგრესია, რადგან ისინი დომინირებისა და მდედრების ყურადღებისთვის იბრძვიან.
წყარო: nypost.com/
მოამზადა: ანა სიბოშვილმა