ავტორი:

ცეცხლი განახლდა: აშშ-მ ათობით სამიზნე დაბომბა, ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა - ბოლო ცნობები ახლო აღმოსავლეთიდან

ცეცხლი განახლდა: აშშ-მ ათობით სამიზნე დაბომბა, ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა - ბოლო ცნობები ახლო აღმოსავლეთიდან

ახლო აღმოსავლეთში ვითარება ისევ დაიძაბა. როგორც CNN-მა აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით გაავრცელა, ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახლდა, „რათა გააგრძელონ მათი შესაძლებლობების შემცირება, ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო მეზღვაურებსა და კომერციულ გემებზე თავდასხმის კუთხით “.

წყაროს ინფორმაციით, საჰაერო დარტყმები სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ცენტრალური სარდლობის ცნობით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „საჰაერო დარტყმების ბრძანება ირანული ძალებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით გასცა“.

მათივე ცნობით, მათმა ძალებმა პირველად დაარტყეს ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, სანაპირო რადარებს, რაკეტებსა და დრონებს, ასევე მცირე ზომის ნავებს აშშ-ის გამანადგურებლების, საზღვაო ხომალდების, საჰაერო დრონების და საზღვაო დრონების გამოყენებით.

  • ირანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, ხუზესტანის პროვინციაში, მაჰშაჰრის ოლქში, წყლის სატუმბ სადგურზე ჭურვის დარტყმის შედეგად დაცვის ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა.

აფეთქებების ხმა ასევე ისმოდა ხუზესტანის პროვინციის ქალაქებში : ხორამშაჰრსა და ჰოვეიზეში.

საპასუხოდ, ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

წყარო