2026 წელი მსოფლიო ჩემპიონისთვის, ილია თოფურიასთვის და მისი მეუღლისთვის - ვენესუელელი ბიზნესლედისა და მოდელის, ჯორჯინა უზკატეგუისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. წყვილი, რომლის სიყვარულის ისტორიაც საზოგადოებას იდეალურად მიაჩნდა, მოულოდნელად დაშორდა.
მაშინ ცნობილმა მებრძოლმა მოკლე კომენტარით განმარტა, რომ მათ პროფესიული გზები გაიყვეს, რადგან ჯორჯინას დიდი კარიერული ამბიციები ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ის განახლებადი ენერგიის მსხვილი კომპანიის, Future & Energy-ის აღმასრულებელი დირექტორია (CEO). თუმცა, თავად ჯორჯინა ამ დრომდე სრულ დუმილს ინარჩუნებდა.
თვეების განმავლობაში მიმდინარე მედია სკანდალის, გაუთავებელი ჭორებისა და სოციალურ ქსელებში ატეხილი აურზაურის შემდეგ, მან პირველი ვრცელი ინტერვიუ ესპანეთში, ჟურნალისტ ნურ ბენ იესეფის პოდკასტში ('Acento Noor') მისცა. ჯორჯინამ ღიად ისაუბრა დაშორების რეალურ მიზეზებზე, პირად ტკივილზე, მედიის მხრიდან ატეხილ ციფრულ დევნასა და იმაზე, თუ როგორ ცდილობს საზოგადოება წარმატებული ქალის იდენტობა მხოლოდ მისი ყოფილი ქმრის სახელით შემოფარგლოს.
"ამოსავალი წერტილი საკუთარი თავის გადარჩენაა“
ინტერვიუში ჯორჯინამ პირდაპირ და გულახდილად უპასუხა კითხვებს ილია თოფურიასთან ურთიერთობის დასრულების შესახებ. მან აღიარა, რომ დაშორება მისთვის უკიდურესად მტკივნეული და გულსატკენი პროცესი იყო, თუმცა -აუცილებელი.
"ზოგჯერ შეცდომით გვგონია, რომ სიყვარული ნებისმიერ ფასად ურთიერთობის შენარჩუნებას და გვერდით დარჩენას ნიშნავს. მაგრამ ხანდახან ყველაზე რთული და, ამავდროულად, ყველაზე მოსიყვარულე ნაბიჯი სწორედ უკან დახევაა. ეს საშუალებას აძლევს თითოეულ ადამიანს, პირისპირ შეხვდეს საკუთარი გადაწყვეტილებების შედეგებს.
სიყვარულში საუკეთესო, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ლოცვა, რათა ადამიანები თავიანთი ცხოვრებისეული გამოცდილებით ტრანსფორმირდნენ იმათ, ვინც ღმერთს სურს, რომ იყვნენ. ეს გეგმები იმაზე უკეთესია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. საბოლოო ჯამში, საუკეთესო ხსნა ყოველთვის პერსონალურია. ძალიან მძიმეა - ზოგჯერ ყველაფერს გავაკეთებდით, რომ მათ, ვინც გვიყვარს, ტკივილი ავარიდოთ, მაგრამ ჩვენ მხოლოდ გვერდიდან, დიდი სიყვარულით თანაგრძნობა შეგვიძლია“, -აღიარა ბიზნესლედიმ.
ციფრული ძალადობა და ბრძოლა შელახული რეპუტაციისთვის
როგორც კი ცნობილ სპორტსმენთან დაშორების ამბავი საჯარო გახდა, ჯორჯინა ყვითელი პრესისა და სოციალური ქსელების მომხმარებელთა პირდაპირი სამიზნე გახდა. მან პირველად ისაუბრა იმ ციფრულ ძალადობაზე (კიბერბულინგზე), რომელმაც თავიდან სრულ შოკში ჩააგდო.
"არასდროს მიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და ინტერვიუების მიცემა, ცხოვრებამ უბრალოდ ჩამაყენა ამ სიტუაციაში. ყოველთვის ვცდილობდი ანონიმური, პირადი ცხოვრების მქონე ადამიანი ვყოფილიყავი,“ - ამბობს ჯორჯინა.
ბიზნესლედი აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობამ ატკინა გული, რომელსაც მთელი ცხოვრება უფრთხილდებოდა. თუმცა, ამ მწარე გამოცდილებამ მას ერთგვარი იმუნიტეტი, გამოუმუშავა და კიდევ უფრო გააძლიერა: "ვისწავლე, რომ არც აპლოდისმენტები უნდა აგივარდეს თავში და არც კრიტიკამ უნდა გაგიტეხოს გული. სიმართლე ყოველთვის ზედაპირზე ამოდის.“

"მამაკაცის ყველაზე სექსუალური ნაწილი განვითარებული შუბლის წილია"
დღეს ჯორჯინა აქტიურად არის ჩართული სოციალურ პროექტებში. ის ხელმძღვანელობს ფონდს, რომელიც ეხმარება ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს. ამ საქმიანობამ მას დაანახა, თუ რამდენი ემოციურად დაზიანებული ადამიანია სამყაროში. ამავე კონტექსტში მან აღნიშნა, რომ მხარდაჭერა და ემოციური დახმარება მამაკაცებსაც სჭირდებათ და იუმორით, თუმცა ღრმა აზრით განმარტა, თუ რას აფასებს მათში:
"ძალიან მიყვარს იმის თქმა, თუ რომელია მამაკაცის ყველაზე ლამაზი და მომხიბვლელი კუნთი - ეს არის ტვინის შუბლის წილი. მამაკაცის ყველაზე სექსუალური ნაწილი განვითარებული შუბლის წილია.“
ნარატივის მსხვრევა: ვინ არის ჯორჯინა უზკატეგუი სინამდვილეში?
ჯორჯინას სურს, საზოგადოებამ ის გაიცნოს არა როგორც "ვიღაცის ყოფილი ცოლი“, არამედ როგორც დამოუკიდებელი, ძლიერი და რეალიზებული ქალი. ინტერვიუში მან თავისი კარიერის დასაწყისიც გაიხსენა უძრავი ქონების სექტორში, როდესაც გარშემომყოფები ეუბნებოდნენ, რომ გამოუცდელობის გამო ვერაფერს მიაღწევდა და დიდი ხანი მოუწევდა ლოდინი. მიუხედავად სკეპტიციზმისა, მან პირველივე წელს 5 მილიონი დოლარის ღირებულების ტრანზაქციების დახურვა შეძლო.
"ხალხმა და მედიამ ჩემი ცხოვრება მხოლოდ ხმამაღალ, სენსაციურ სათაურებამდე დაიყვანა, რაც ჩემი რეალური ბიოგრაფიის უმცირესი ნაწილია. როდესაც ხარ განათლებული, მიზანდასახული, გაქვს გემოვნება და საკუთარი თავის წარდგენის უნარი, ყველაზე მნიშვნელოვანია გქონდეს მყარად ჩამოყალიბებული აზროვნება.
ქალები ძალიან ძლიერები ვართ. საზოგადოებას ხშირად სურს მოგვახვიოს რედუქციონისტული ნარატივი, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, რა ჩარჩოებში ჩავჯდეთ. მაგრამ, როდესაც შენ გაქვს რეალური ცოდნა, ფაქტები და ციფრები, ისინი ყოველთვის ამარცხებენ სხვების მიერ გამოგონილ ზღაპრებს,“ - დასძენს ჯორჯინა.
ის ამჟამად ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებს და მთელ ენერგიას საკუთარ ბიზნესს, ქალიშვილის აღზრდასა და იმ ქალების დახმარებას უთმობს, რომლებსაც ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში მისი გამოცდილება გამოადგებათ.