იტალიელი ბიბლიის მკვლევარი და ყოფილი მთარგმნელი მაურო ბიგლინო ამტკიცებს, რომ ებრაული ბიბლიის თავდაპირველი ტექსტების მნიშვნელობა საუკუნეების განმავლობაში დაგროვილმა თეოლოგიურმა ინტერპრეტაციებმა შეცვალა.
ბიგლინო, რომელიც წარსულში ვატიკანთან დაკავშირებულ კათოლიკურ გამომცემლობა Edizioni San Paolo-ში ბიბლიის მთარგმნელად მუშაობდა, აცხადებს, რომ მისი პრობლემები სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც წმინდა წერილის სიტყვასიტყვითი თარგმნა დაიწყო. მისი თქმით, ორიგინალი ებრაული ტექსტების შესწავლისას ისეთი დასკვნები გამოიტანა, რომლებიც ეკლესიის ტრადიციულ სწავლებას ეწინააღმდეგებოდა.
მისი განმარტებით, ბიბლია ერთ ყოვლისშემძლე ღმერთზე კი არ საუბრობს, არამედ ერთმანეთისგან განსხვავებულ ძლიერ არსებებზე, რომლებიც ხორცისა და სისხლისგან შედგებოდნენ, თუმცა ადამიანებზე ბევრად განვითარებული ტექნოლოგიები და შესაძლებლობები ჰქონდათ.
„ელოჰიმები ზებუნებრივი სულები არ იყვნენ. ისინი მოკვდავები იყვნენ, უბრალოდ ადამიანებზე გაცილებით განვითარებული ცივილიზაციის წარმომადგენლები“, – ამბობს ბიგლინო.
მისი მოსაზრება ეფუძნება ე.წ. „უძველესი ასტრონავტების ჰიპოთეზას“, რომლის მიხედვითაც დედამიწას უძველეს დროში უცხოპლანეტელი არსებები სტუმრობდნენ და ადამიანებს ცოდნასა და ტექნოლოგიებს უზიარებდნენ. ამ იდეის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოპულარიზატორი შვეიცარიელი ავტორი ერიხ ფონ დენიკენი იყო.
ბიგლინო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს 82-ე ფსალმუნზე, სადაც, მისი თქმით, ღმერთი სხვა „ღვთაებრივ არსებებს“ შორის დგას და ამბობს: „თქვენ ხართ ღმერთები... მაგრამ მოკვდებით, როგორც ადამიანები.“ მკვლევრის აზრით, ეს მონაკვეთი ერთ ღმერთზე კი არა, ძლიერი არსებებზე მიუთითებს.
მისი თქმით, ეზეკიელის მიერ ნახსენები „ერთმანეთში ჩასმული ბორბლები“, რომლებიც ყველა მიმართულებით მოძრაობდნენ, შესაძლოა თანამედროვე ტექნოლოგიის მსგავსი საფრენი აპარატის აღწერა იყოს.
ბიგლინო ასევე ყურადღებას ამახვილებს ძველ ებრაულ სიტყვაზე „რუაჰ“, რომელიც, მისი განმარტებით, თავდაპირველად ნიშნავდა „ქარს“, „მოძრავ ჰაერს“ ან „ჰაერში სწრაფად მოძრავ ძალას“. მისი აზრით, მოგვიანებით ეს ტერმინი თეოლოგიურმა ტრადიციამ „სულად“ თარგმნა, რამაც ტექსტის თავდაპირველი მნიშვნელობა შეცვალა.
ამგვარად, მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეზეკიელი მისტიკურ გამოცხადებას კი არ აღწერს, არამედ რეალურ მოვლენას – ჰაერში მოძრავ უცნობ ობიექტთან შეხვედრას.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბიგლინოს ინტერპრეტაციები აკადემიურ და რელიგიურ წრეებში ფართოდ არ არის მიღებული. ბიბლიის მკვლევართა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ აღნიშნული მონაკვეთები სიმბოლური და თეოლოგიური შინაარსისაა, ხოლო „ელოჰიმისა“ და „რუაჰის“ ტრადიციული განმარტებები ებრაული ენისა და ბიბლიური კონტექსტის შესაბამისად არის ჩამოყალიბებული. ბიგლინოს მოსაზრებები კი არასტანდარტულ და საკამათო ინტერპრეტაციად ითვლება.