ირლანდიაში ნამდვილი ტრაგედია დატრიალდა. ნიუ-იორკელი ჯეიმი კარნი, რომელიც ევროპაში საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ გადავიდა, საკუთარ სახლში სასტიკად ნაწამები და მოკლული იპოვეს. საქმის მთავარი ეჭვმიტანილი მისივე პარტნიორი, იორდანიელი მიგრანტია, რომელიც თავშესაფრის არ ქონის მიუხედავად, ქვეყანაში მაინც რჩებოდა.
მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი 2024 წელს ირლანდიაში ჩასული იორდანიის მოქალაქე, აჰმად ალ-საქარია. მეგობრები ჰყვებიან, რომ წყვილმა ისლამური წესით იქორწინა, თავად ალ-საქარი აქტიური პროპალესტინელი აქტივისტი იყო. საქმის კიდევ ერთი საინტერესო დეტალია ის, რომ მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე მამაკაცმა კარნის საკმაოდ სოლიდური თანხა - 5700 დოლარი სთხოვა.
საქმემ დიდი სკანდალი გამოიწვია ირლანდიის საიმიგრაციო სამსახურებში. ირკვევა, რომ ალ-საქარს თავშესაფრის მოთხოვნაზე უარი ჯერ კიდევ მკვლელობამდე უთხრეს, თუმცა ის ქვეყნიდან არ გაუძევებიათ. ირლანდიური მედიის ცნობით, ჩვეულებრივი პრაქტიკისგან განსხვავებით, მას ქვეყნის დატოვება არ მოსთხოვეს, რამაც დამნაშავეს საშუალება მისცა, ირლანდიაში იმდენ ხანს დარჩენილიყო, რომ დანაშაული ჩაედინა. ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რატომ ეთქვა მას თავდაპირველად უარი თავშესაფარზე.
სანამ ცხედარს აღმოაჩენდნენ, ალ-საქარმა ირლანდიის დატოვება და თურქეთში გაფრენა მოასწრო. სამართალდამცავები ცდილობენ დაადგინონ მისი ზუსტი ადგილსამყოფელი მანამ, სანამ ის მშობლიურ იორდანიაში ჩავა.
საქმეს ის ფაქტი ართულებს, რომ იორდანიასა და ირლანდიას შორის ექსტრადიციის ხელშეკრულება არ არსებობს, რაც მის დაკავებას და მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას კიდევ უფრო გაართულებს.