ავტორი:

ევროპის ნაწილი ტყის ხანძარს ებრძვის - ესპანეთში მასშტაბურ ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა

ევროპის ნაწილი ტყის ხანძარს ებრძვის  - ესპანეთში მასშტაბურ ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ალმერიის პროვინციაში გაჩენილ მასშტაბურ ტყის ხანძარს სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო თითქმის 20 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. რეგიონული ხელისუფლების ინფორმაციით, კიდევ ოთხმა ადამიანმა მძიმე დამწვრობა მიიღო.

  • ხანძარი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან, ძლიერი სიცხისა და გვალვის ფონზე გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა.

ამავე პერიოდში საფრანგეთში, ხანძრის გამო 12 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, ხოლო პორტუგალიაში ხანძრის კვამლი ატლანტის ოკეანემდე გავრცელდა.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ სამხრეთ ევროპაში ტყის ხანძრები ახალი მოვლენა არ არის, თუმცა ბოლო წლებში ისინი უფრო ადრე იწყება, უფრო სწრაფად ვრცელდება და გაცილებით ინტენსიურია. ამის ერთ-ერთ მიზეზად კლიმატის ცვლილებას, გახანგრძლივებულ სიცხესა და გვალვას ასახელებენ.

ევროპის ტყის ხანძრების საინფორმაციო სისტემის (EFFIS) მონაცემებით, 2026 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ქვეყნებში 314 მასშტაბური ტყის ხანძარი დაფიქსირდა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს.

ექსპერტები აფრთხილებენ, რომ ტყის ხანძრები არა მხოლოდ უშუალო მსხვერპლს იწვევს, არამედ ატმოსფეროში დიდი რაოდენობით კვამლსა და ნახშირორჟანგს გამოყოფს, რაც ჯანმრთელობისთვის დამატებით საფრთხეს ქმნის.

ამასთან, სამხრეთ ევროპაში რეკორდულმა სიცხემ სხვა პრობლემებიც გამოიწვია. საფრანგეთში, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ივნისის ბოლოს მაღალი ტემპერატურის ფონზე სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. სიცხემ გავლენა იქონია ატომური ელექტროსადგურების მუშაობაზეც, რის გამოც რამდენიმე რეაქტორს სიმძლავრის შემცირება ან დროებით გაჩერება მოუწია.

მაღალი ტემპერატურა სოფლის მეურნეობაზეც აისახა. ევროპაში მნიშვნელოვნად შემცირდა სიმინდის, ხორბლისა და ქერის მოსავალი, ხოლო სპეციალისტები კოღოების მიერ გადამდები დაავადებების, მათ შორის დენგეს ცხელების, გავრცელების მზარდ რისკზე საუბრობენ.

წყარო