ავტორი:

"იურული პარკის" ვარსკვლავი, მსახიობი სემ ნილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

"იურული პარკის" ვარსკვლავი, მსახიობი სემ ნილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

78 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი სემ ნილი. ინფორმაციას მისი ოჯახი ავრცელებს.

“უზომო მწუხარებით ვაცნობებთ საზოგადოებას, რომ 13 ივლისს, სიდნეიში, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა სემ ნილი, მან სიცოცხლე ისეთივე ღირსებით დაასრულა, როგორიც მთელი ცხოვრების მანძილზე ახასიათებდა.

ეს დანაკარგი მოულოდნელი აღმოჩნდა ჩვენთვის, თუმცა გვამშვიდებს ის ფაქტი, რომ სემმა სიცოცხლის ბოლოს კიბოს დამარცხება შეძლო და აღსასრულს ამ დაავადებისგან თავისუფალი შეხვდა“, - ნათქვამია განცხადებაში

“დაახლოებით ხუთი წელი ვცხოვრობდი ლიმფომის კონკრეტული სახეობით. ქიმიოთერაპიასა და სხვა დამღლელი პროცედურების ჩატარება მიწევდა, თუმცა ამან სიცოცხლე შემინარჩუნა“, - განაცხადა მსახიობმა აპრილში ავსტრალიურ გამოცემა 7News-თან ინტერვიუში.

მას შემდეგ, რაც ექიმებმა უთხრეს, რომ ქიმიოთერაპიამ ეფექტი დაკარგა, სემ ნილი იძულებული გახდა მკურნალობის ალტერნატიული გზები ეძებნა, მან მონაწილეობა მიიღო CAR T-უჯრედოვანი თერაპიის (იმუნოთერაპიის ფორმა, რომელიც ორგანიზმის T-უჯრედებს კიბოს უჯრედების განადგურებას “ასწავლის“)კლინიკურ კვლევაში, რაც პოზიტიური შედეგის მომტანი აღმოჩნდა.

მორიგი სკანირების დროს მსახიობის სხეულში სიმსივნე აღარ დაფიქსირდა. “ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს მოხდა. დროა, ახალ ფილმში მივიღო მონაწილეობა“, - განაცხადა მაშინ მსახიობმა.

სემ ნილი 1947 წელს ჩრდილოეთ ირლანდიაში დაიბადა, თუმცა 1954 წელს საცხოვრებლად ახალ ზელანდიაში გადავიდა.

  • ის ყველაზე მეტად პალეონტოლოგ დოქტორ ალან გრანტის როლით არის ცნობილი, რომელიც მან ფილმ “იურულ პარკში“ შეასრულა. ამ როლს ის მოგვიანებით ფილმებში “იურული პარკი III“ (2001) და "იურული პარკის მსოფლიო: ბატონობა“ (2022) დაუბრუნდა.

ნილის სამსახიობო დებიუტი 1971 წელს სატელევიზიო ფილმში “The City of No“ შედგა, თუმცა მის კარიერაში გარდამტეხ მომენტად როჯერ დონალდსონის 1977 წლის ფილმი “მძინარე ძაღლები“ (Sleeping Dogs) მიიჩნევა, სადაც მან სმიტის როლი ითამაშა. ეს ასევე ახალზელანდიური წარმოების პირველი ფილმი იყო, რომელიც აშშ-ის კინოთეატრებში გამოვიდა.

მას მონაწილეობა აქვს მიღებული ავსტრალიურ დრამაში “სალივანები“, სადაც ბენ დოუსონის როლს ასრულებდა (40 ეპიზოდი 1979-1980 წლებში). 1980-იან წლებში მან ისეთ სერიალებში ითამაშა, როგორებიცაა “რეილი: ჯაშუშების ტუზი“ და “ამერიკა“, ასევე ფილმებში “ენიგმა“ და "მკვდარი სიმშვიდე“ (Dead Calm). ფილიპ ნოისის ამ ფსიქოლოგიურ თრილერში ნილი ნიკოლ კიდმანთან და ბილი ზეინთან ერთად მონაწილეობდა.

მსახიობმა მთავარი როლი შეასრულა ჯონ კარპენტერის ფილმში “უჩინარი ადამიანის მემუარები“, ასევე მონაწილეობა მიიღო პოპულარულ სერიალის, "ალესილი კეპები“12 ეპიზოდში, სადაც ინსპექტორი ჩესტერ კემპბელი ითამაშა. ბოლო პერიოდში იგი ისეთ მინისერიალებშიც გამოჩნდა, როგორებიცაა “ვაშლები არასდროს ცვივა“, “ველური“ და “თორმეტი“. გავრცელდა ინფორმაცია რომ ნილს 2027 წელს დაგეგმილ ფილმ “გოძილა კონგის წინააღმდეგ: სუპერნოვა“-ში, უნდა ეთამაშა, თუმცა მისი პერსონაჟის შესახებ დეტალები არ გახმაურებულა.

საბოლოო ჯამში, ნახევარსაუკუნოვანი კარიერის განმავლობაში სემ ნილმა 150-ზე მეტი როლი განასახიერა.

წყარო