ავტორი:

“მშიშარა! პილოტი გარეთ გამოვიდეს და კაცივით დაგველაპარაკოს!“ - ქაოსი და ჩხუბი: რა მოხდა Ryanai-ის ბორტზე

“მშიშარა! პილოტი გარეთ გამოვიდეს და კაცივით დაგველაპარაკოს!“ - ქაოსი და ჩხუბი: რა მოხდა Ryanai-ის ბორტზე

3 ივნისს, ნაშუადღევის 16:00 საათზე, ლონდონი - ტირანას რეისი თავიდანვე უიღბლოდ დაიწყო. მგზავრების მნიშვნელოვან ნაწილს ხმაურიანი ახალგაზრდები შეადგენდნენ, რომლებსაც ხელში “Duty Free“ -ში ნაყიდი არყის ბოთლები ეჭირათ და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე საზაფხულო დროსტარებას მოუთმენლად მოელოდნენ.

  • გაფრენის მომენტში რამდენიმე ბრიტანელს უკვე აშკარად ეტყობოდა რომ მთვრალები იყვნენ, ისინი ალბანეთში, მუსიკალურ ფესტივალზე მიემგზავრებოდნენ.

თუმცა, ტურისტებისთვის ეს მგზავრობა ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა: ღამით დაწყებულმა ძლიერმა ჭექა-ქუხილმა ეკიპაჟი აიძულა, კურსიდან ორჯერ გადაეხვია. რეისი RK8288 ჯერ იტალიაში, ხოლო შემდეგ საბერძნეთში დაეშვა. საბოლოოდ, თვითმფრინავი ალბანეთის დედაქალაქში ადგილობრივი დროით დილის 5:00 საათზე, დაგეგმილზე 9 საათით გვიან დაჯდა.

  • ანონიმური წყაროს თქმით, ამ დროის განმავლობაში ბორტზე საკვებისა და წყლის მარაგი ამოიწურა და მგზავრებმა პილოტებს ამბოხი გამოუცხადეს, ქაოსური სიტუაციის განსამუხტად საბერძნეთში პოლიციის გამოძახებაც კი გახდა საჭირო.

“მშიშარა! პილოტი გარეთ გამოვიდეს და კაცივით დაგველაპარაკოს!“ - ყვიროდა ერთ-ერთი განრისხებული მამაკაცი.

რამდენიმე საათიანი გაურკვევლობისა და ჰაერში ყოფნის შემდეგ, ათზე მეტმა უკმაყოფილო ტურისტმა საბერძნეთში თვითმფრინავის დატოვება მოითხოვა. კიდევ ერთ მგზავრს ხელახლა აფრენამდე რამდენიმე წამით ადრე გული აერია, ტუალეტში გაიქცა და უკან მაისურის გარეშე დაბრუნდა, რასაც მგზავრების მხრიდან ოვაციები და სტვენა მოჰყვა.

მოულოდნელი მარშრუტი და მშიერი მგზავრები

ლონდონიდან აფრენიდან დაახლოებით ოთხი საათის შემდეგ, თვითმფრინავმა დაშვება დაიწყო, მგზავრებს ეგონათ, რომ ტირანაში ეშვებოდნენ, თუმცა რეალურად თვითმფრინავი ბრინდიზიში (იტალია) ჯდებოდა.

  • "დაფრენამდე 10 წუთით ადრე პილოტმა გამოაცხადა. რომ ალბანეთის ნაცვლად იტალიაში ვიყავით, ასაფრენ ბილიკზე 2 თუ 3 საათი გავატარეთ. ხალხი ძალიან გაბრაზდა და განერვიულდა, Ryanair -ის ეკიპაჟმა საკვებისა და სასმლის გაყიდვაზე უარი თქვა, უფასოდ არაფერს გვთავაზობდნენ, ყიდვაც კი შეუძლებელი იყო. ადამიანებს სწყუროდათ და შიოდათ. ამ დროს უკვე ოთხ საათზე მეტი გვქონდა გატარებული თვითმფრინავში“, - იხსენებს ერთ-ერთი მგზავრი.

შიმშილის დასაძლევად მგზავრებმა ერთმანეთში მომარაგებული სასუსნავების განაწილება დაიწყეს, მოგვიანებით ეკიპაჟმა ხალხს ნება დართო, სასმელი ეყიდათ, თუმცა მარაგი სწრაფად ამოიწურა და მხოლოდ რამდენიმე შეკვრა ჩიფსი დარჩა, როცა წყალი გათავდა, მგზავრებს წვენის ყიდვა შესთავაზეს, თუმცა მალე არც ის დარჩა.

მალე პილოტმა გამოაცხადა, რომ თვითმფრინავი ასაფრენად მზად იყო და ამჯერად ის ტირანისკენ მიემართებოდა, თუმცა აღმოჩნდა რომ მგზავრებს წინ კიდევ ერთი დაბრკოლება ელოდათ.

“ალბანეთისკენ მივფრინავთ და დაფრენამდე 10 წუთით ადრე პილოტი ისევ გვეუბნება: ალბანეთში ვერ მივდივართ, ახლა საბერძნეთში, სალონიკში ვეშვებითო, ამ მომენტში უკვე ყველამ კონტროლი დაკარგა", - იხსენებს მგზავრი.

ბუნტი ბორტზე და პოლიციის ჩარევა

სალონიკში ჩაფრენისას საჰაერო ხომალდის ბორტზე ნამდვილი ამბოხი დაიწყო. მგზავრები პილოტის კაბინაში იყურებოდნენ, მშიშარას ეძახდნენ და მოითხოვდნენ, “გამოსულიყო და მათ კაცივით დალაპარაკებოდა“. თორმეტამდე მგზავრმა კი საერთოდ განაცხადა, რომ თვითმფრინავს ტოვებდა.

  • ბორტზე ბერძნული პოლიცია გამოიძახეს, რომელმაც ეკიპაჟს მიუთითა, უკმაყოფილო ტურისტებისთვის თვითმფრინავის დატოვების უფლება მიეცათ.

საბოლოოდ, რეისი ტირანაში ადგილობრივი დროით დილის 5 საათზე დაეშვა. პილოტის განცხადებას “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ალბანეთში“, სალონში ოვაციები მოჰყვა, ხალხი ბედნიერი იყო, რომ დანიშნულების ადგილამდე მშვიდობით მიაღწია.

  • დაზარალებულმა მგზავრმა აღნიშნა, რომ შეფერხების გამო კომპენსაციის მიღება ვერ შეძლო და საქმე საავიაციო დავების განმხილველ ორგანოს (AviationADR) გადასცა.

“რეისის შეფერხება იმ მოულოდნელმა და საგანგებო გარემოებებმა გამოიწვია, რაც კომპანიის კონტროლის მიღმაა", - ნათქვამია Ryanair-ის მიერ მგზავრისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში.