ავტორი:

არგენტინაში ორ ოქროს თევზს სასამართლომ “გონიერი არსების“ სტატუსი მიანიჭა

არგენტინაში ორ ოქროს თევზს სასამართლომ “გონიერი არსების“ სტატუსი მიანიჭა

არგენტინაში სასამართლომ ორი ოქროს თევზი – ფედე და მაგუი “გონიერ არსებებად“ აღიარა. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ მათი არასათანადო პირობებში ყოფნა გაასაჩივრა.

  • ფედე და მაგუი ბუენოს-აირესის ერთ-ერთი სუშის რესტორნის ვიტრინაში, დაახლოებით 40-ლიტრიან აკვარიუმში ცხოვრობდნენ. აკვარიუმი მზის პირდაპირი სხივებისა და ქუჩის ხმაურის ზემოქმედების ქვეშ იყო, რაც სპეციალისტების შეფასებით, თევზებისთვის შეუფერებელ გარემოს ქმნიდა.

ცხოველთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ Jaulas Vacías (“ცარიელი გალიები“) სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ორგანიზაცია ამტკიცებდა, რომ თევზების მოვლის პირობები არგენტინის კანონმდებლობას არღვევდა, რომელიც ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობასა და არასათანადო პირობებში მათ შენახვას კრძალავს.

საქმეში ჩართული ექსპერტების დასკვნების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ თევზები უსაფრთხო და მათთვის შესაფერის გარემოში უნდა გადაეყვანათ. შედეგად, ფედე და მაგუი 40-ლიტრიანი აკვარიუმიდან სპეციალისტ კარლოს ხოსე აგას სახლში, 2500-ლიტრიან აკვარიუმში გადაიყვანეს.

“ორი ოქროს თევზის პატარა ვიტრინაში ცხოვრება დაახლოებით ისეთივეა, როგორიც ორი პოლარული დათვის საუნაში გალიაში მოთავსება,“ – განაცხადა კარლოს ხოსე აგამ.

მისი განმარტებით, თევზებისთვის გარემოს შეცვლა ძალიან რთული პროცესია, რადგან წყლის ყველა პარამეტრი – ტემპერატურა, ჟანგბადის დონე და სხვა პირობები მაქსიმალური სიზუსტით უნდა იყოს დაცული. ორგანიზაციის იურისტის, მატიას ტრუფეროს თქმით, მათი მიზანი მხოლოდ თევზების უკეთეს გარემოში გადაყვანა არ ყოფილა. მათ სურდათ, სასამართლოს ოფიციალურად ეღიარებინა, რომ ფედე და მაგუი უბრალოდ “ქონება“ ან “ობიექტები“ კი არა, უფლებების მქონე, გონიერი არსებები არიან.

წყარო