რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მოსკოვის ოლქის საცხოვრებელ უბანში მდებარე სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით თავდასხმა აღკვეთა, - ინფორმაციას რუსული მედია უშიშროების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
"უკრაინის სპეციალური სამსახურების საქმიანობის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში აღიკვეთა ტერორისტული აქტი, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს ჰქონდა დაგეგმილი. სამიზნე იყო სტრატეგიული საწარმო, რომელიც მოსკოვის ოლქის საცხოვრებელ ზონაში მდებარეობს. თავდასხმისთვის გამოყენებული უნდა ყოფილიყო უპილოტო საფრენი აპარატები (დრონები), რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე კონტრაბანდული გზით იყო შეტანილი“, - აცხადებენ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში.
მათი მტკიცებით, "ტერაქტის აღკვეთის სპეციალური ოპერაცია“ დაიწყო სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, საბრძოლო საშუალებების შემცველი ტვირთი გადაადგილდებოდა მარშრუტით - ბრატისლავა (სლოვაკეთი) – სედლცე (პოლონეთი) – ბრესტი (ბელარუსი) – მოსკოვის ოლქი და "ორგანიზებული იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ევროპის ქვეყნების სპეცსამსახურების დახმარებით“.
"გეგმის მიხედვით, საწარმოსთან ახლოს მდებარე ნაქირავები ანგარის შენობიდან დისტანციურად უნდა გაეშვათ 35 FPV დრონი. მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგემ უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა, ყველა შეტევის საშუალება გაანადგურა უშიშროების ფედერალური სამსახურის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფმა, რომელიც ოპერაციაში იყო ჩართული“, - აცხადებენ უწყებაში.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დრონებით თავდასხმის მომზადებისას კონკრეტული დავალებების შესასრულებლად 13-16 წლის მოზარდები დაიქირავა.