საქართველოში წლებია მოქმედებს ფართო აგენტურული ქსელი, რომელიც ფინანსდება და დავალებებს იღებს ქვეყნის გარედან. ეს არის საქართველოს საწინააღმდეგო საქმიანობა, რამაც ჩვენი ქვეყანა არაერთხელ დააყენა სერიოზული რისკის ქვეშ. შესაბამისად, ამას სჭირდება არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასება. ყველამ უნდა აგოს პასუხი იმ დანაშაულების გამო, რაც ჩადენილი აქვთ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო შაქარიშვილმა განაცხადა, რომელიც ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სადაც ბრალდებულები ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არიან, მოწმის სახით იკითხება.
"წელიწადზე მეტი ხნის წინ ჩვენ მივმართეთ საქართველოს პროკურატურას იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს მათი საქმიანობის გამოძიება. ჩვენ წარვადგინეთ ძალიან ვრცელი მასალა. მტკიცებულებებია მთელი მათი საქმიანობა 25 წლის განმავლობაში. მათი საქმიანობის ყოველი დღე, მათი ყველა ნაბიჯი, მათი ყველა განცხადება, მათი ყოველი ქმედება არის დანაშაულის შემცველი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს წარდგენილი ძალიან ვრცელი მასალა, მათი მოქმედებათა ჯაჭვი, დროში და სივრცეში მათი მოქმედებები რომ იყო კოორდინირებული, იმართებოდა ერთი ცენტრიდან, იყო ერთი სცენარი, რომელშიც აგენტურული ქსელის ყველა რგოლს ჰქონდა თავისი დავალება. აგენტურული ქსელი შედგება რამდენიმე ნაწილისგან, ეს იყო ე.წ. პოლიტიკური პარტიები, ეს იყო მედიები, ეს იყო NGO-ები, ეს იყვნენ სხვადასხვა სფეროების ცალკეული წარმომადგენლები და იყო კოორდინირებული, ორგანიზებული და დაფინანსებული ქვეყნის გარედან, არაერთ ქვეყნიდან. მთავარი ის არის, რომ ისინი არ ემსახურებოდნენ ქართველი ხალხის ინტერესებს, არ მოქმედებდნენ ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ, მოქმედებდნენ უცხო ძალების ინტერესების შესაბამისად. სამართლებრივი მტკიცებულებები ჩვენი განცხადების საფუძველზე იყო პროკურატურის პრეროგატივა, ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი საგამოძიებო უფლებამოსილება. ჩვენ წარვადგინეთ ძალიან ვრცელი მასალა, რომელიც იყო აგებული მათივე საჯარო განცხადებებსა და ქმედებებზე და იყო გაბმული მათ შორის ლოგიკური ჯაჭვი. ჩვენს მიერ იყო დასაბუთებული, რომ არსებობს კოორდინაციის მაღალი ხარისხი აგენტურული ქსელის სხვადასხვა დანაყოფებს შორის და ეს ყველაფერი იმართება ქვეყნის გარედან, ეს საქმიანობა ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ძირის გამოთხრას, ეს არის მტრული საქმიანობა და უცხო ძალებისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.