ბრიუსელის ცენტრში, მშენებარე ცათამბჯენში გაჩენილ ხანძარს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ტრაგედია სამშაბათს, Oxy tower-ის შენობაში მოხდა, რომელიც ქალაქის მთავარი მოედნიდან, გრანდ-პლასიდან, სულ რაღაც 500 მეტრში მდებარეობს.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა სწრაფად მოახერხეს, შენობაში შესულებს საზარელი სურათი დახვდათ. ცეცხლი ლიფტის შახტებში გავრცელდა, სადაც ორი ლიფტი იყო გაჭედილი.

ამ წუთებში მინიმუმ 6 ადამიანი დაკარგულად ითვლება, თუმცა არსებობს შიში, რომ მეორე ლიფტში ან შენობის სხვა ნაწილებში შესაძლოა კიდევ მეტი მსხვერპლი იყოს.
„ნანგრევებისა და მძიმე პირობების გამო, სამუშაო გარემო ძალიან რთულია. ცხედრების ამოყვანის ოპერაციას კიდევ რამდენიმე საათი დასჭირდება“, - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ორი ადამიანი მძიმე დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთ მეხანძრეს კი დახმარება მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების გამო შემთხვევის ადგილზევე დასჭირდა.
შემთხვევის ადგილზე ტრაგედიის ადგილზე ბრიუსელის მერი ფილიპ კლოზი, პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი და ბელგიის მეფე ფილიპე მივიდნენ. მერმა მადლობა გადაუხადა საგანგებო სამსახურებს, რომლებმაც „განსაკუთრებით რთულ პირობებში განსაკუთრებული სამუშაო შეასრულეს“.
მშენებარე Oxy tower-ში მომავალში საცხოვრებელი ბინები, სასტუმრო, რესტორნები და ბარები უნდა განთავსებულიყო.