ამერიკის შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები უჩვეულო გამოწვევის წინაშე დადგნენ. ქვეყანაში გავრცელებული ინფექცია, რომელიც “ფეთქებად დიარეას“ იწვევს, უკვე 31 შტატში დაფიქსირდა და 3 000-ზე მეტი ადამიანი დააინფიცირა.
მიუხედავად მასშტაბებისა, სპეციალისტები ამ დრომდე ვერ ადგენენ, ზუსტად საიდან დაიწყო ეპიდემია და როგორ ვრცელდება ის.

დაავადება, რომელსაც ციკლოსპორიოზი ეწოდება, პარაზიტული ინფექციაა და ის, როგორც წესი, დაბინძურებული წყლით ან საკვებით ვრცელდება. მისი მთავარი სიმპტომი ხშირი, წყლისებრი დიარეაა.
ექსპერტების თქმით, ამ პარაზიტის კვალზე გასვლა უკიდურესად რთულია.
“ეს არ ჰგავს თივის ზვინში ნემსის პოვნას. ეს ჰგავს თივის ზვინში ნემსის მიკროსკოპული ნაწილის აღმოჩენას“, - აცხადებს სტივენ მანდერახი, სურსათისა და წამლების ოფიციალურ პირთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
ვითარებას ართულებს ისიც, რომ ინფიცირებიდან სიმპტომების გამოვლენამდე ერთი-ორი კვირა გადის, რაც პაციენტებს ავიწყებს, თუ რა მიირთვეს კონკრეტულად.
მეცნიერების განმარტებით, იმისთვის, რომ კვალი აღმოაჩინონ, საჭიროა უზარმაზარი რაოდენობის პროდუქტის “გარეცხვა“ და შემდეგ ამ ნარეცხის ლაბორატორიული კვლევა.

ამჟამად ყველაზე მეტად მიჩიგანის შტატი დაზარალდა, სადაც 2 600-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, მას მოჰყვება ნიუ-იორკის შტატი.
ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეპიდემიის წყაროს პოვნა სამთავრობო უწყებებში ბიუჯეტის შემცირებამაც შეაფერხა. ჯანდაცვის მდივანმა რობერტ კენედი უმცროსმა განახორციელა ოპტიმიზაცია, რაც მილიარდერ ილონ მასკის მიერ დაანონსებული სახელმწიფო ეფექტიანობის დეპარტამენტის (Doge) ხარჯების შემცირების გეგმის ნაწილია.
შედეგად, შემცირდა იმ ქსელის (FoodNet) შესაძლებლობები, რომელიც ადრე სხვადასხვა პათოგენებს, მათ შორის ციკლოსპორას, სალმონელასა და ლისტერიას აკონტროლებდა. “
სანამ ეპიდემიის ზუსტი წყარო უცნობია, ჯანდაცვის ოფიციალური პირები მოსახლეობას ურჩევენ:
საფუძვლიანად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული;
მოერიდეთ ზოგიერთ კენკროვან კულტურას, მაგალითად, ჟოლოს;
თერმულად დაამუშავეთ ბოსტნეული პარაზიტის მოსაკლავად.