ავტორი:

ესპანეთში, სან-ფერმინის ცნობილ ფესტივალზე ხარებთან რბოლის დროს 60-მდე ადამიანი დაშავდა

ესპანეთში, სან-ფერმინის ცნობილ ფესტივალზე ხარებთან რბოლის დროს 60-მდე ადამიანი დაშავდა

ესპანეთში, სან-ფერმინის ტრადიციული ფესტივალის მერვე, დასკვნითი რბოლისას, ათმა მამაკაცმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ამით მიმდინარე წელს დაშავებულ ექსტრემალთა საერთო რაოდენობა 57-მდე გაიზარდა.

  • ნავარის რეგიონული მთავრობის განცხადებით, 18 წლის ახალგაზრდამ ბარძაყის არეში რქით მიიღო ჭრილობა, 46 წლის მამაკაცს ხარმა გულმკერდი დაუზიანა, ხოლო დანარჩენი რვა მონაწილე სხვადასხვა სიმძიმის დაჟეჟილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რვა დღის განმავლობაში, ყოველ დილით, ასობით თავზეხელაღებული (რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც მამაკაცია) საკუთარ სიმამაცეს ცდიდა , ისინი ტრადიციულ თეთრ პერანგებსა და ყელზე შებმულ წითელ ყელსახვევებში გამოწყობილები, შუა საუკუნეების ქალაქის ვიწრო და მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში ხარების ჯოგს წინ გარბოდნენ.

სან-ფერმინის ფესტივალი, რომელიც ერნესტ ჰემინგუეიმ თავის 1926 წლის ცნობილ რომანში “აღმოხდება მზე“(იგივე “ფიესტა“) უკვდავყო, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავ ადამიანს იზიდავს.

1911 წლიდან, მას შემდეგ, რაც ოფიციალური სტატისტიკის წარმოება დაიწყო, ხარებთან რბოლას სულ 16 ადამიანი შეეწირა. ბოლო ფატალური შემთხვევა 2009 წელს დაფიქსირდა, როდესაც ხარმა 27 წლის ესპანელს სასიკვდილო ჭრილობები ყელის, გულისა და ფილტვების არეში მიაყენა.

წყარო