კასპი-კავთისხევის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მანქანა ხეს შეეჯახა, დაშავებულია კიდევ 1 ადამიანი.
"შეყვარებული 2 წლის წინ დაეღუპა, სულ მას მისტიროდა, მასთან მინდაო. ქვათახევის გზაზე მოხდა, ავარია, 6-7 ადამიანი იჯდა მანქანაში, ეგ უკანა სავარძელზე იჯდა, გოგოებთან. ამბობენ, რომ ავტომობილი ხეს შეეჯახა. კლინიკაში რომ მივედით უკვე გარდაცვლილი იყო. ყველა გადარჩა, მხოლოდ თამო დაიღუპა" - გვეუბნებიან გოგონას ახლობლები.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ავტომანქანის მძღოლი დაკავებულია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.