სან-ფრანცისკოს ყურეში ნავის ჩაძირვას მსხვერპლი მოჰყვა - ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაკარგულად ითვლება. ბორტზე მყოფი 19 ადამიანიდან მაშველებმა 16-ის გადარჩენა შეძლეს.
ინციდენტი სამშაბათს, შუადღისას, ალკატრასის კუნძულის მახლობლად მოხდა. სან-ფრანცისკოს სახანძრო სამსახურის უფროსის, დინ კრისპენის განცხადებით, ადგილზე მისულმა მაშველებმა სამგემბანიანი პონტონური ნავი თითქმის მთლიანად წყალში ჩაძირული იპოვეს. გემის ძრავა ჯერ კიდევ მუშაობდა, ხოლო საწვავი წყალში ჟონავდა.
გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობდნენ სანაპირო დაცვა, პოლიცია, მყვინთავები და ვერტმფრენები. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 2 დაკარგულ ადამიანს.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნავზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა სახანძრო სამსახურის განცხადებით, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება ამ ეტაპზე არ არსებობს. რამდენიმე ადამიანი წყალში ჩავარდნის შედეგად დაშავდა, სამი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, საგანგებო ზარი ადგილობრივი დროით 15:30 საათის შემდეგ შევიდა. ნავი ალკატრასის კუნძულიდან დაახლოებით 600 იარდის დაშორებით ჩაიძირა.
ხელისუფლება ამ დრომდე იძიებს, რამ გამოიწვია ავარია. ალკატრასის კუნძული, რომელიც ადრე ფედერალური ციხის ადგილს წარმოადგენდა, დღეს სან-ფრანცისკოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია. მისი მიმდებარე წყლები კი ცნობილია ძლიერი დინებებითა და ცივი ტემპერატურით.