დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დამაკავშირებელ ტრამვაის ხაზს თურქეთში რეგისტრირებული ერთობლივი საწარმო EYE (Emre Ray + Yüksel + Erk) მოაწყობს.
კალაძის თქმით, პროექტი ხელშეკრულების ხელმოწერიდან 36 თვეში უნდა დასრულდეს.
"თქვენ იცით, რომ ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო დაპირება, ისტორიული პროექტის განხორციელება, მხედველობაში მაქვს ტრამვაის ხაზი. ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი, სადაც საერთაშორისო და უცხოურ კომპანიებს ჰქონდათ შესაძლებლობა აღნიშნულ პროექტში მიეღოთ მონაწილეობა. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. როგორც თქვენთვის ცნობილია, დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დამაკავშირებელ ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით, აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების წესებით გამოცხადებული ტენდერი მიმდინარე წლის 31 მარტს გაიხსნა. ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და შესაბამისი წინადადებები წარმოადგინა ოთხმა მსხვილმა კომპანიამ და ერთობლივმა საწარმომ, მათ შორის, სამი თურქეთში და ერთი ჩინეთში რეგისტრირებული კომპანიებია.
წარმოდგენილი წინადადებების შეფასება უკვე დასრულებულია, გვყავს გამარჯვებული კომპანია, თურქეთში რეგისტრირებული კომპანია EYE (Emre Ray + Yüksel + Erk) არის, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, ADB-ის შესყიდვების შესაბამისად განისაზღვრა ასევე ე.წ. გასაჩივრების 14-დღიანი პერიოდი, რომლის გასვლის შედეგად გამარჯვებულ კომპანიასთან გავაფორმებთ ხელშეკრულებას. საზოგადოებას შევახსენებ, რომ პროექტი 3 ეტაპისგან შედგება, კონცეპტუალური პროექტის მომზადება, დეტალური პროექტის მომზადება და სამშენებლო სამუშაოების წარმოება. სამივე ეტაპისთვის განსაზღვრულა 36 თვე. მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, 36 თვის განმავლობაში პროექტი უნდა იყოს დასრულებული. რაც შეეხება ტრამვაის ხაზს, ის დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან და დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას. ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძე 7,5 კმ-ს შეადგენს, სადაც მთელი გზის მანძილზე განთავსებული იქნება 11 გაჩერება. პროექტი ასევე მოიცავს შესაბამისი დეპოს მოწყობას, რომელიც გათვლილი იქნება 11 ერთეული ტრამვაის შემადგენლობის მომსახურება-ექსპლუატაციაზე. ხაზის მშენებლობის პარალელურად გამოცხადდება ცალკე ტენდერი ტრამვაის 10 ერთეულის შემადგენლობის შესყიდვაზე.
ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ძალიან მიხარია, რომ ქალაქს დაუბრუნდება ასეთი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორიც არის ტრამვაი. იმედი მაქვს, ეს არ იქნება პირველი და ბოლო პროექტი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება, დედაქალაქის მთავრობა განახორციელებს. დიდი მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო პროექტის მომზადებაში, ვინც იშრომა, ვიცე-მერით დაწყებული, დამთავრებული რიგით თანამშრომლებამდე“, - განაცხადა კალაძემ.