უჩა ინაძე სპეკულაციას უწოდებს ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან დატოვა ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახური და ამერიკაში გაიქცა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
"ყველას მოგესალმებით. როგორც იცით, მე არ ვარ სოციალურ ქსელში აქტიური და არ გამოვირჩევი სტატუსების წერით, მაგრამ მინდა გამოვეხმაურო იმ ფაქტს, რასაც ბოლო 3 დღეა TV ფორმულა ავრცელებს, რომ თითქოს მე გავიქეცი სამსახურიდან, დავტოვე ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახური და წავედი ემიგრაციაში.
ის ფაქტი, რომ ამჟამად ვიმყოფები აშშ - ში სიმართლეა, მაგრამ გაუგებარია ჩემთვის სპეკულაცია, რომ თითქოს ჩემი გადაწყვეტილება უკავშირდება ჩემს ყოფილ სამსახურს და იქაურ ამბებს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - არანაირი კავშირი ჩემს აშშ - ში წამოსვლასა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ჩემს ურთიერთობას კავშირი არ აქვს. პირიქით - მე ვამაყობ ჩემი ყოფილი სამსახურით და ამ ოჯახთან ჩემი მეგობრობით. გთხოვთ, ნუ აჰყვებით ბინძურ სპეკულაციებს!" - წერს ინაძე.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, "ფორმულამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი, უჩა ინაძე, აშშ-ში, ემიგრაციაში "ჩუმად გაიპარა", რის შემდეგაც მის საცხოვრებელში პოლიციაც იყო მისული. .