ავტორი:

"უკვე დაფარა მიყენებული ზიანიდან 2 მილიონი" - ლევან გამრეკელს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა

"უკვე დაფარა მიყენებული ზიანიდან 2 მილიონი" - ლევან გამრეკელს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა

ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, ლევან გამრეკელს, რომელსაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქურდობას ედავებოდნენ, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

იმავე რაოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ მასთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირი - პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი.

  • როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, ბრალდებულ ლევან გამრეკელს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი, მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების სანაცვლოდ შეეცვალა.

„ბრალდებულმა ამ ეტაპზე უკვე დაფარა მიყენებული ზიანიდან 2 მილიონი ლარი. რაც შეეხება მიყენებული ზიანის თანხის ნაწილს, ბრალდებულს ასანაზღაურებლად მიეცა კონკრეტული დრო. ასევე, აღსანიშნავია, რომ ბრალდებულ ლევან გამრეკელის უძრავ-მოძრავი ქონება და ანგარიშები დაყადაღებულია“, - აცხადებენ უწყებაში.

ლევან გამრეკელის და მასთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირის სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა.

სამივე მათგანი, 2025 წლის ნოემბერში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად, 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლა შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.

ლევან გამრეკელს, პაატა ნოზაძესა და რომან მეტივიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინდათ, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ქურდობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.