იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი, ივანე ჩხაიძე ზაფხულის სეზონზე თავდაცვის მიზნით, მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს.
“პირველი - მნიშვნელოვანია, როდესაც თქვენ ირჩევთ ოჯახისთვის დასასვენებელ ადგილს, გაითვალისწინოთ ოჯახის ყველა წევრი. თუ თქვენ გყავთ 1 წლამდე ასაკის ბავშვი, ზღვის კურორტი თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება არის ძალიან მაღალი რისკის შემცველი. თუ ბავშვის ასაკი 1 წელზე მეტია, შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ როგორც ზღვის, ისე მთის კურორტის სასარგებლოდ, მაგრამ 1 წლამდე ასაკის ბავშვის ოჯახი არ უნდა იყოს ზღვაზე დასასვენებლად წასული.
მეორე - სიფრთხილის ზომები გამომდინარეობს იქიდან, თუ რისი რისკი გვაქვს. რისკი გვაქვს ნაწლავური ინიექციების, კუჭ-ნაწლავის ინფექციების და აქედან გამომდინარე, ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს პროდუქტების შენახვაზე, შესაბამის თერმულ დამუშავებაზე, ხილისა და ბოსტნეულის აუცილებლად გამდინარე წყლის ქვეშ გარეცხვაზე. ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს ხელების დაბანის წესი. მინიმუმ 20 წამის განმავლობაში უნდა იყოს ხელი დაბანილი რომ დარწმუნდეთ, მიკრობები მთლიანად მოცილებულია.
მესამე - აუზით სარგებლობის შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც აუზით სარგებლობს, აუზში ჩასვლის წინ იღებს შხაპს. ეს არის კატეგორიული მოთხოვნა და ერთადერთი შესაძლებლობა, რომ თავიდან ავიცილოთ ის დაავადება, რომელიც შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს აუზის წყლის თუნდაც მცირე მოცულობის გადაყლაპვის შემდეგ.
მეოთხე - კანის დაცვა სხვადასხვა მწერებისაგან. დამწვრობისგან კანის დაცვა აუცილებელია როგორც მთაში, ისე ზღვაზე. მზეს მთაშიც შეუძლია დამწვრობის გამოწვევა და ამიტომ, კანის დაცვა და ყოველ 2 საათში დამცავი მალამოს განახლება ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებლად გავითვალისწინოთ დროის პერიოდი. 11:00-დან 17:00 საათამდე პერიოდი არის ყველაზე მაღალი რისკის პერიოდი არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ ზრდასრულებისთვის. ყველაზე უსაფრთხოა 11:00 საათამდე და საღამოს 17:00 საათის შემდეგ ზღვით სარგებლობა და ზღვის აბაზანების მიღებაც,“ - განაცხადა ჩხაიძემ მედიაცენტრ “მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.