ავტორი:

ჩინეთმა უდაბნოში აშშ-ის სამხედრო გამანადგურებლის სრული ზომის მაკეტი ააგო - რატომ შეშფოთდნენ ექსპერტები და რა არის მიზანი?

ჩინეთმა უდაბნოში აშშ-ის სამხედრო გამანადგურებლის სრული ზომის მაკეტი ააგო - რატომ შეშფოთდნენ ექსპერტები და რა არის მიზანი?

ჩინეთმა ტაკლამაკანის უდაბნოში, აშშ-ის საზღვაო ძალების “არლი ბურკის“ (Arleigh Burke) კლასის გამანადგურებლის სრული ზომის 3D მაკეტი ააგო. ამაზე აშშ-ში დაფუძნებული სატელიტური გამოსახულებების კომპანია Vantor-ის მიერ გავრცელებული თანამგზავრული ფოტოები მიუთითებს.

სურათებზე ჩანს, რომ უდაბნოში განთავსებული კონსტრუქცია დაახლოებით 155 მეტრი სიგრძისაა და დეტალურად იმეორებს ამერიკული სამხედრო ხომალდის დიზაინს. მაკეტს აქვს ვერტმფრენის დასაფრენი მოედანი, ხიდი და გემბანზე განთავსებული შეიარაღების ელემენტები.

პროექტის შესახებ პირველად გასულ თვეში ტაივანის თავდაცვის კვლევების ინიციატივის თანადამფუძნებელმა, ჯოზეფ ვუმ გაავრცელა ინფორმაცია.

ეს პირველი მსგავსი შემთხვევა არ არის. ჯერ კიდევ 2021 წელს თანამგზავრულმა ფოტოებმა აჩვენა, რომ იმავე უდაბნოში ჩინეთი აშშ-ის ავიამზიდისა და “არლი ბურკის“ კლასის რამდენიმე გამანადგურებლის მაკეტებს აშენებდა.

  • სამხედრო ექსპერტების შეფასებით, მსგავსი მოდელები ჩინეთს საშუალებას აძლევს, რეალურ ზომებში გამოცადოს სხვადასხვა ტიპის იარაღი და შეაფასოს, რამდენად ეფექტური იქნება მისი რაკეტები ამერიკული სამხედრო ხომალდების წინააღმდეგ.

ჩინეთის ხელისუფლებას ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

მედიის ინფორმაციით, სახალხო-განმათავისუფლებელმა არმიამ ასევე ააგო ტაივანის სამთავრობო შენობების მასშტაბური მაკეტებიც, რომლებიც, სავარაუდოდ, სამხედრო წვრთნებისთვის გამოიყენება. ტაივანის საკითხი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ტაივანის ირგვლივ ნებისმიერი სამხედრო ესკალაცია შესაძლოა ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაპირისპირების მიზეზად იქცეს.

წყარო