ბაზისბანკის ოფიციალური მხარდაჭერით, 20-დან 26 ივლისის ჩათვლით, ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ ადგილას - უშგულში, სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი „დალი“ წელს უკვე მეექვსედ უმასპინძლებს კინომოყვარულებსა და ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს.
2021 წელს რეჟისორ მარიამ ხაჭვანისა და პროდიუსერ თეიმურაზ ჩხვიმიანის მიერ დაარსებული ფესტივალი, დღესდღეობით, ქართული კინოს საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პლატფორმად არის აღიარებული. წელს უშგულს უპრეცედენტო რაოდენობის სტუმარი ეწვევა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი „დალი“ ქმნის უნიკალურ კულტურულ და პროფესიულ სივრცეს, სადაც:
- ახალგაზრდა და გამოცდილ კინემატოგრაფისტებს ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი ნამუშევრები საერთაშორისო ექსპერტების წინაშე წარადგინონ;
- ტარდება Work-in-Progress/პოსტ-პროდუქციის და Pitching Forum კონკურსები, ინდივიდუალური შეხვედრები და მასტერკლასები;
- მაყურებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს თანამედროვე ქართულ და უცხოურ კინოს, ასევე იხილოს ქართული კინოკლასიკის რეტროსპექტივები.
ფესტივალზე გაიმართება დასრულებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებები, რომლებსაც სპეციალურად ჩამოსული საერთაშორისო ფესტივალების პროგრამერები დაესწრებიან. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს რეჟისორების ხელშეწყობას და მათი ნამუშევრების მსოფლიო კინოფესტივალებზე მოხვედრას.
ფესტივალი გაიხსნება ძველი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების სპეციალური ჩვენებით, კვირეულის ფარგლებში, უცხოელი და ქართველი რეჟისორები, ფესტივალების პროგრამერები და სეილს-აგენტები ჩაატარებენ მასტერკლასებს და გაიმართება ცის ქვეშ კინოჩვენებები. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
R