ავტორი:

ნიუ-ჯერსიში აღმოჩენილმა მეტეორიტმა მზის სისტემაში წყლის არსებობის ახალი მტკიცებულებები გამოავლინა

ნიუ-ჯერსიში აღმოჩენილმა მეტეორიტმა მზის სისტემაში წყლის არსებობის ახალი მტკიცებულებები გამოავლინა

ორი წლის წინ აშშ-ის შტატ ნიუ-ჯერსიში საცხოვრებელი სახლის სახურავზე ჩამოვარდნილი მეტეორიტი მეცნიერებისთვის უნიკალური აღმოჩენაა. ახალი კვლევის მიხედვით, კოსმოსური ქვა შესაძლოა მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავდეს მზის სისტემაში წყლის არსებობისა და სიცოცხლისთვის აუცილებელი ორგანული ნივთიერებების წარმოშობის შესახებ.

მეტეორიტი 2024 წლის 16 ივლისს ჩამოვარდა. მანამდე ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსის, კონექტიკუტის, როდ-აილენდისა და პენსილვანიის მცხოვრებლებმა ცაზე კაშკაშა ცეცხლოვანი ბურთი შენიშნეს.

მეცნიერების შეფასებით, კოსმოსური ქვა დედამიწის ატმოსფეროში დაახლოებით 51 000 კმ/სთ სიჩქარით შემოვიდა და 35 კილომეტრის სიმაღლეზე დაიშალა. მისი ერთ-ერთი ფრაგმენტი ნიუ-ჯერსის ქალაქ ჰილსბოროში მდებარე საცხოვრებელი სახლის სახურავს დაეცა, ჭერი გახვრიტა და საძინებელში ჩავარდა.

საბედნიეროდ, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. სახლის მეპატრონეებმა კი სწრაფად შეაგროვეს ნამსხვრევები, სპეციალისტებს დაუკავშირდნენ და ნიმუში ისე შეინახეს, რომ ის გარემოთი არ დაბინძურებულიყო. სწორედ ამან მისცა მეცნიერებს შესაძლებლობა, მეტეორიტი თითქმის ხელუხლებელ მდგომარეობაში შეესწავლათ.

კვლევა, რომელიც ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ ეს იშვიათი ნახშირბადოვანი ქონდრიტის ტიპის მეტეორიტია — კოსმოსური ქანი, რომელიც მზის სისტემის ფორმირების ადრეულ პერიოდს ეკუთვნის.

ანალიზის შედეგად მეცნიერებმა მეტეორიტში აღმოაჩინეს ასობით ამინომჟავა, რომელთა უმეტესობა დედამიწაზე ბუნებრივად საერთოდ არ გვხვდება.

გარდა ამისა, მკვლევრებმა ნიმუშში ნატრიუმის მაღალი შემცველობა და მარილწყლის კვალი აღმოაჩინეს, რაც მიუთითებს, რომ მეტეორიტის მშობელ ასტეროიდზე ოდესღაც თხევადი, მარილიანი წყალი არსებობდა. მეცნიერების თქმით, სწორედ ასეთ გარემოში შეიძლება წარმოქმნილიყო სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ორგანული მოლეკულები.

კვლევის ავტორების განცხადებით, ჰილსბოროს მეტეორიტი განსაკუთრებით ღირებულია, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ნიმუშია.

წყარო