ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტისა და Turning Point USA-ის თანადამფუძნებლის, ჩარლი კირკის მკვლელობიდან ერთი წლისთავზე, ნიუ-იორკის ცენტრში მისი ქანდაკება გაიხსნება.
მონუმენტი, რომელსაც სიმბოლურად “თავისუფლების“ ქანდაკება უწოდეს, თაიმს-სკვერზე, ზუსტად იმ წუთებში გამოჩნდება, როდესაც ერთი წლის წინ ტრაგიკული გასროლა მოხდა. “
იტალიური წარმოშობის ხელოვანმა, სერჯიო ფურნარიმ, რომელიც 35 წელია ნიუ-იორკში მოღვაწეობს, ქანდაკების წარდგენის თარიღად და დროდ სიმბოლური მომენტი შეარჩია. მონუმენტი თაიმს-სკვერზე, რომელსაც ის “სამყაროს ცენტრს“ უწოდებს, 10 სექტემბერს, ზუსტად 14:23 საათზე გაიხსნება - სწორედ იმ წუთს, როდესაც ერთი წლის წინ კირკის სიცოცხლე დასრულდა,.
ხელოვანის თქმით, მან თაიმს-სკვერი იმიტომ აირჩია, რომ ეს ადგილი ქალაქის გულია და ყველაფერი მნიშვნელოვანი სწორედ აქ ხდება,. ქანდაკება სატვირთო ავტომობილზე საკმაოდ მაღლა იქნება დამონტაჟებული, რათა მისი დანახვა ყველამ შეძლოს.
ქანდაკება კირკის რეალურ სიმაღლეს (დაახლოებით 195 სმ) იმეორებს და ასახავს მას იმ ფორმაში, რომლითაც ის სტუდენტებთან დებატებისას ხშირად ჩნდებოდა:
აცვია ნაცრისფერი ზედა, რომელზეც დიდი ასოებით აწერია “FREEDOM“ (თავისუფლება). ხელში უჭირავს მიკროფონი, რაც მის აქტიურ საჯარო მოღვაწეობასა და სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლას განასახიერებს.
სკულპტურა დამზადებულია ლითონის ჩარჩოსგან, რომელიც დაფარულია თვითმფრინავებისა და ავტომობილებისთვის განკუთვნილი მტკიცე ფისით. თუმცა, ფურნარი იმედოვნებს, რომ საკმარის თანხას შეაგროვებს უჟანგავი ფოლადის ვერსიის დასამზადებლად, რათა მონუმენტი “ტყვიაგაუმტარი“ გახდეს.
სერჯიო ფურნარი, რომელიც ქანდაკებაზე ხუთ თვეზე მეტია მუშაობს, აცხადებს, რომ მისი ნამუშევარი პოლიტიკური ნაბიჯი არ არის. ხელოვანი ხაზს უსვამს, რომ ის არც რესპუბლიკელია და არც დემოკრატი, თუმცა კირკის მკვლელობის შემდეგ ინტერნეტში გავრცელებულმა დაცინვამ და მისი მეუღლის, ერიკას მიმართ გამოჩენილმა დამოკიდებულებამ მასში პროტესტი გამოიწვია,.
“ეს სიტყვის თავისუფლებას ეხება. თუ ვინმეს არ ეთანხმები, არ უნდა წახვიდე და არ უნდა ესროლო მას,“ - აცხადებს ხელოვანი და შიშობს, რომ საზოგადოება მსგავსი მკვლელობების ნორმალიზებას ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ 31 წლის ჩარლი კირკი 2025 წლის 10 სექტემბერს იუტას უნივერსიტეტში დებატების დროს სასიკვდილოდ დაჭრეს. მის მკვლელობაში ბრალდებულია ტაილერ რობინსონი, რომლის სასამართლო პროცესიც ამჟამად მიმდინარეობს.