როცა თითები სიცივეზე ფერს იცვლის - რას გვანიშნებს რეინოს ფენომენი? კაპილაროსკოპია - ახალი კვლევა თოდუას კლინიკაში

როცა თითები სიცივეზე ფერს იცვლის - რას გვანიშნებს რეინოს ფენომენი? კაპილაროსკოპია - ახალი კვლევა თოდუას კლინიკაში

სიცივეში ყოფნისას ან ძლიერი ემოციური დაძაბულობის დროს თქვენი თითები ჯერ თეთრდება, შემდეგ ლურჯდება, ბოლოს კი წითლდება? შესაძლოა, ეს რეინოს ფენომენის ნიშანი იყოს.

შემთხვევათა დაახლოებით 20–30%-ში ეს შესაძლოა აუტოიმუნური დაავადების პირველი გამოვლინება აღმოჩნდეს. მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებოა სისტემური სკლეროდერმია , რომელიც ქრონიკული აუტოიმუნური დაავადებაა. მის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია დადგინდეს, რეინოს ფენომენი პირველადი მდგომარეობაა თუ ორგანიზმში მიმდინარე სხვა დაავადების პირველი სიგნალი. ამ კითხვაზე პასუხის მიღებაში ექიმებს თანამედროვე, უსაფრთხო და უმტკივნეულო კვლევა კაპილაროსკოპია ეხმარება.რა არის ჩივილებისას საყურადღებო და როგორ ტარდება აღნიშნული კვლევა თოდუას კლინიკის რევმატოლოგი ლაშა უშვერიძე საუბრობს.

1. რა არის რეინოს ფენომენი და როდის უნდა მივაქციოთ ყურადღება?

რეინოს ფენომენის დროს სიცივის ან ნერვიულობის ფონზე თითების ფერი ეტაპობრივად იცვლება: ისინი შესაძლოა ჯერ გათეთრდეს, შემდეგ გალურჯდეს, სისხლის მიმოქცევის აღდგენისას კი გაწითლდეს.

უმეტეს შემთხვევაში ეს მდგომარეობა პირველადი ხასიათისაა და სხვა სერიოზულ დაავადებასთან კავშირი არ აქვს. თუმცა ზოგჯერ რეინოს ფენომენი აუტოიმუნური დაავადების პირველი სიმპტომია. ამიტომ მხოლოდ გარეგნული ნიშნების შეფასება საკმარისი არ არის , აუცილებელია გაირკვეს, საქმე გვაქვს დამოუკიდებელ მდგომარეობასთან თუ ე.წ. მეორეულ რეინოს ფენომენთან.

განსაკუთრებული ყურადღება საჭიროა მაშინ, როდესაც სიმპტომები ხშირად მეორდება, -პროგრესირებს ან სხვა ჩივილებიც ახლავს თან.

2. რა კავშირია რეინოს ფენომენსა და სისტემურ სკლეროდერმიას შორის?

სისტემური სკლეროდერმია ქრონიკული აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც შესაძლოა დაზიანდეს წვრილი სისხლძარღვები, კანი და შინაგანი ორგანოები.

ამ დაავადების მნიშვნელოვანი თავისებურება ის არის, რომ წვრილ სისხლძარღვებში ცვლილებები ხშირად გაცილებით ადრე ვითარდება, ვიდრე კანის ან შინაგანი ორგანოების დაზიანებისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები გამოვლინდება. შესაბამისად, რეინოს ფენომენი ზოგჯერ დაავადების ყველაზე ადრეული სიგნალია.

ეს არ ნიშნავს, რომ რეინოს ფენომენის მქონე ყველა ადამიანს სისტემური სკლეროდერმია აქვს. თუმცა მისი არსებობა საფუძველია იმისთვის, რომ პაციენტი სათანადოდ შეფასდეს და გამოირიცხოს აუტოიმუნური დაავადება.

3. რა არის კაპილაროსკოპია და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი ჩატარება?

კაპილაროსკოპია თანამედროვე, უსაფრთხო და უმტკივნეულო კვლევაა. სპეციალური მოწყობილობის საშუალებით ექიმი ფრჩხილის ირგვლივ არსებული წვრილი სისხლძარღვების , კაპილარების , მდგომარეობას აკვირდება.

კვლევის დროს ფასდება:

  • კაპილარების ფორმა და სტრუქტურა;
  • მათი რაოდენობა და განლაგება;
  • სისხლძარღვებში არსებული პათოლოგიური ცვლილებები;
  • მიკროცირკულაციის დარღვევის ხარისხი.

კაპილაროსკოპია ექიმს ეხმარება ერთმანეთისგან განასხვაოს პირველადი და მეორეული რეინოს ფენომენი, გამოავლინოს სისტემური სკლეროდერმიის ადრეული ნიშნები და შეაფასოს მიკროცირკულაციის მდგომარეობა. უკვე დადგენილი დიაგნოზის შემთხვევაში კვლევა გამოიყენება დაავადების მიმდინარეობისა და მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგისთვისაც.

რეინოს ფენომენის მქონე პაციენტებისთვის კაპილაროსკოპიული კვლევის საჭიროება ექიმმა უნდა შეაფასოს. დროულმა გამოკვლევამ შესაძლოა თავიდან აგვაცილოს აუტოიმუნური დაავადების დაგვიანებული დიაგნოსტიკა.

სისტემური სკლეროდერმიის შემთხვევაში ადრეულ დიაგნოსტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უმჯობესია დაავადება გამოვლინდეს მანამდე, სანამ შინაგანი ორგანოების დაზიანება განვითარდება. დროულად აღმოჩენისა და სწორი მართვის პირობებში ისეთი რთული დაავადებაც კი, როგორიც სისტემური სკლეროდერმიაა, განაჩენი არ არის.

კაპილაროსკოპიული კვლევის ჩატარება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. მნიშვნელოვანია პაციენტის ფრჩხილები იყოს ბუნებრივ მდგომარეობაში, არ ჰქონდეს ლაქი, გელი ან ხელოვნური საფარი. ჩივილების მქონე პირებმა უნდა მიმართონ რევმატოლოგს, როგორც კვლევის ჩატარების, ასევე შემდგომი მართვისა და მონიტორინგისთვის.

კაპილაროსკოპიის ხანგრძლივობა დაახლოებით 20 წუთია. ამ უსაფრთხო, სწრაფ და უმტკივნეულო პროცედურას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სისტემური აუტოიმუნური დაავადებების ადრეულ გამოვლენასა და მართვაში.

R