ავტორი:

წიგნები, მუსიკა და დიპლომატია - გაიცანით ალექსანდრე ცეკვაშვილი, მეთერთმეტეკლასელი მრავალმხრივი მისწრაფებებით: "ჩემთვის ჩვენი თაობა ყველაზე რევოლუციურია"

წიგნები, მუსიკა და დიპლომატია - გაიცანით ალექსანდრე ცეკვაშვილი, მეთერთმეტეკლასელი მრავალმხრივი მისწრაფებებით: "ჩემთვის ჩვენი თაობა ყველაზე რევოლუციურია"

ალექსანდრე ცეკვაშვილი გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მეთერთმეტეკლასელია. მომავალში დიდი გეგმები აქვს, დიპლომატობა უნდა, თუმცა მანამდე უზომოდ დიდ განათლებას იღებს. წარმატებული, მრავალმხრივი და ნიჭიერი ახალგაზრდაა. ბავშვობიდან ვიცნობ და სულ პატარაობიდან, მხოლოდ წიგნებით ხელში მახსოვს. უზომოდ ბევრს კითხულობდა და კითხულობს.

ალექსანდრე ჩვენი კოლეგის ანა მარშანიას შვილია, ის ნიუსრუმში ხშირად აკითხავს დედას. ერთ-ერთი ასეთი სტუმრობისას კი საჯაროდ საუბარზეც დავითანხმე.

მოკლედ, გაიცანით ალექსანდრე ცეკვაშვილი...

  • როგორ აღმოვჩნდი ამერიკულ აკადემიაში?

- შვიდი წელი საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. ჩემს ამჟამინდელ სკოლაში გადასვლა ერთი ძალიან კეთილი ადამიანის იდეა, სურვილი და მონდომება იყო. მან დაინახა, როგორ მიყვარდა კითხვა, სწავლა და ძალისხმევა არ დაიშურა, რომ განათლების მიღება უკეთეს პირობებში გამეგრძელებინა. როცა დრო მოვა, ამ თემაზე დეტალურად ვისაუბრებ. აკადემიაში მოსახვედრად საჭირო იყო სამი გამოცდის ჩაბარება, მათ შორის - მათემატიკის მაღალ დონეზე ცოდნა. როცა დედამ მათემატიკის რეპეტიტორთან მიმიყვანა, მასწავლებელმა პირველივე დღეს შესაფასებელი, ე.წ. სადიაგნოსტიკო ტესტი დამაწერინა, რომელშიც 0 ქულა ავიღე.

მისაღები გამოცდები მარტის ბოლოს იყო, ამიტომ მოსამზადებლად მხოლოდ დეკემბერი, იანვარი და თებერვალი მქონდა. იმ მცირე პერიოდში სამთვენახევარში სამივე საგანში ვემზადებოდი, თუმცა ყველაზე დიდი პროგრესი მათემატიკაში მქონდა. ნამდვილ გამოცდაზე 40 შესაძლო ქულიდან 26 ქულა ავიღე. ძალიან მიხარია, რომ ეს შევძელი და ასეთ მოკლე დროში იმ დონეს მივაღწიე, რომელიც მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად იყო საჭირო. ასე ჩავირიცხე ამერიკულ აკადემიაში, რომელიც ძალიან ძლიერი, პრესტიჟული სკოლაა და დიდ შესაძლებლობებს აძლევს იმ ადამიანს, რომელიც მომავალში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას აპირებს.

ადრე არ მეგონა, რომ საჯარო სკოლიდან ოდესმე სხვაგან გადავიდოდი. მერე მივხვდი, რომ ახალ გამოწვევებთან გამკლავება მჭირდებოდა. ამას ისიც დაემატა, რომ სკოლისგან მნიშვნელოვანი დაფინანსება მივიღე, რაც ჩემი ოჯახისთვის უდიდესი მხარდაჭერაა.

  • რა შეცვალა სკოლამ?

- ამ სკოლამ ჩემი თვალთახედვა რადიკალურად შეცვალა. რა თქმა უნდა, ამაში ასაკიც თამაშობს როლს, მაგრამ აქ სრულიად განსხვავებული ღირებულებები და სწავლის მეთოდები აღმოვაჩინე. მაგალითად, ჩვენს კლასებში ოვალური მაგიდები დგას, რომელთა გარშემოც მოსწავლეები ვსხედვართ. ეს ჩემთვის თავიდან უცხო იყო, თუმცა მალევე მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც მოსწავლეები ერთმანეთთან ვსაუბრობთ და დისკუსიაში ვართ ჩართულები, ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ მასწავლებელს და დაფას ვუყუროთ.

  • სწავლის პროცესი და საგნების კავშირი

- ჩემთვის სწავლა გააზრებული პროცესია. მესმის, რომ ყველას არ შეუძლია ყველა საგანი თანაბარი სიყვარულით ისწავლოს, ზოგ საგანს მეტი ენთუზიაზმით ვეკიდები, ზოგს - ნაკლებად. თუმცა, იმ საგნების სწავლასაც შეგნებულად ვუდგები, რომლებიც ნაკლებად მიყვარს. მაგალითად, მომავალში ქიმიის მიმართულებით მუშაობას არ ვაპირებ, მაგრამ ვიცი, რომ ამ საგნისთვის საჭირო დისციპლინა და უნარები გამომადგება ისტორიაში, რომელიც ბევრად უფრო მაინტერესებს. ყველა საგანს შორის არსებობს კავშირი, რადგან ჩვენი მასწავლებლები კოორდინირებულად მუშაობენ, მსგავსი მეთოდებით გვასწავლიან და ერთ საგანში მიღებული ცოდნა ყოველთვის გვეხმარება სხვა საგნების ათვისებაში.

  • წიგნები ჩემს ცხოვრებაში

- წიგნები ჩემს ცხოვრებაში ადრეული ასაკიდან შემოვიდა. სანამ კითხვას ვისწავლიდი, მშობლები მიკითხავდნენ, შემდეგ კი ეს როლი ჩემმა დამ იტვირთა, რომელიც ჩემზე თითქმის ორი წლით უფროსია. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ თავადაც პატარა იყო, ჩემზე უკეთ კითხულობდა და ერთად ვეცნობოდით წიგნებს. მოგვიანებით კითხვა დამოუკიდებლად დავიწყე.

მიმაჩნია, რომ წიგნი არასოდეს უნდა ასოცირდებოდეს ძალდატანებასთან. თუ კითხვას გაძალებენ, სჯობს საერთოდ არ წაიკითხო, რადგან ასე ინტერესი გეკარგება. მე თუ რამეს მაძალებენ, პროტესტის გრძნობა მიჩნდება და იმ საქმეს აღარ ვაკეთებ. სურვილი ადამიანს თავად უნდა გაუჩნდეს. არსებობს ასეთი სიბრძნე:

"სულელი საკუთარ შეცდომებზეც ვერ სწავლობს, ჭკვიანი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს, ხოლო ბრძენი – სხვის შეცდომებზე.“

წიგნი სწორედ სხვისი გამოცდილების გაზიარების საუკეთესო საშუალებაა. იქნება ეს ბიოგრაფიული, ფილოსოფიური, სამეცნიერო თუ მხატვრული ლიტერატურა, ავტორები მათში უამრავ ცხოვრებისეულ გაკვეთილსა და შეცდომას მალავენ. მკითხველის როლი სწორედ ამ შეცდომების ამოცნობა და გააზრებაა, რათა თავად აღარ გაიმეოროს ისინი.

კითხვის განსხვავებული სტილი მაქვს: წიგნის პირველ მესამედს, როგორც წესი, ორ დღეში სწრაფად ვკითხულობ; მეორე მესამედი შედარებით ნელი და სპეციფიკური ნაწილია – შეიძლება გვერდზე გადავდო კიდეც და პარალელურად სხვა წიგნი დავიწყო; მაგრამ ბოლო მესამედს, როდესაც კულმინაციას ვუახლოვდები, ერთ დღეში, ერთი ამოსუნთქვით ვასრულებ.

  • ინტერესები და არქეოლოგიური ექსპედიცია

- გარდა სწავლისა და კითხვისა, ჩემი თაობის მსგავსად, მეც მიყვარს ვიდეოთამაშები – განსაკუთრებით ისტორიული თემატიკის სტრატეგიები და სათავგადასავლო თამაშები (Story Games), ასევე შუტერებიც. მაინტერესებს ტექნიკა, კომპიუტერები, ტელეფონები და ა.შ.

ისტორია ჩემი განსაკუთრებული გატაცებაა. სწორედ ამ ინტერესის წყალობით აღმოვჩნდი არქეოლოგიურ ექსპედიციაში. ჩვენმა მასწავლებელმა, პაატა რამიშვილმა, ნოქალაქევის არქეოლოგიურ გათხრებზე წაგვიყვანა. ჩვენი სკოლიდან ხუთი მოსწავლე ვიყავით. ნოქალაქევის ნანგრევებთან ქართველ და უცხოელ არქეოლოგებთან ერთად, მხარდამხარ ვმუშაობდით. ეს იყო სრულიად უნიკალური გამოცდილება, რადგან მანამდე მსგავს ადგილას არასდროს ვყოფილვარ და არ მქონია შესაძლებლობა, პირდაპირ შევხებოდი ისტორიას. საოცარი გრძნობაა, როდესაც საკუთარი ხელით ამოგაქვს მიწიდან ნივთი, რომელსაც მუზეუმში დადებენ ან შეისწავლიან.

სამუშაო რეჟიმი საკმაოდ ინტენსიური და ფიზიკურად დამღლელი იყო. ყოველ დილით 6:00 საათზე ვდგებოდით, რომ მზის გულზე მუშაობა აგვეცილებინა თავიდან. შვიდ საათზე უკვე ლოკაციაზე ვიყავით. 11:00 საათზე, როდესაც სიცხე იწყებოდა, ვისვენებდით და პირველ საათზე ვასრულებდით მუშაობას. შემდეგ ტეხურის მდინარეზე ჩავდიოდით დასასვენებლად. მიუხედავად ფიზიკური სირთულისა, ძალიან კარგი დრო გავატარეთ – ერთმანეთს ვეხმარებოდით და ვერთობოდით. ამ ექსპედიციის ფარგლებში დოკუმენტური ფილმიც გადავიღეთ, სადაც ექსპერტები გამოვკითხეთ და ჩვენი შთაბეჭდილებებიც ჩავწერეთ. თუმცა, მომავალში ამ პროფესიას ალბათ არ გავყვები – ძალიან მძიმე და სპეციფიკური შრომაა.

  • სამომავლო პროფესია: დიპლომატია

- ამ ეტაპზე მსურს სწავლა დიპლომატიის მიმართულებით გავაგრძელო, რადგან ეს სფერო ძალიან ახლოსაა ისტორიასთან. ამ მიზნით აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა პროექტში. ერთ-ერთი ასეთია გაეროს მოდელირება – ჩვენი სკოლა მასპინძლობს ღონისძიებას "CAUMUN Caucasus“ (Zaldastanishvili American Academy Model United Nations), რომელშიც 150-მდე ახალგაზრდა მონაწილეობს. შარშან, 2025 წლის ოქტომბერში, მე უბრალო მონაწილე ვიყავი, წელს კი უკვე ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარ. ეს პროექტი საუკეთესო შესაძლებლობაა, რეალურად გამოვცადო, თუ რას ნიშნავს იყო დიპლომატი.

ძალიან სასიხარულო იყო ჩემთვის გასული სასწავლო წლის შეჯამებაც. მასწავლებლებისგან სიმბოლური პრიზები მივიღე. ეს ჯილდოები გადაეცემათ არა მხოლოდ საუკეთესო აკადემიური მოსწრებისთვის, არამედ გამორჩეული პროგრესისა თუ აქტიურობისთვის. ძალიან გამიხარდა, რომ ერთდროულად სამ საგანში დამასახელეს რჩეულად. გარდა ამისა, პირველად ავიღე ნიშნების პრიზი, რაც ჩემთვისაც და დედაჩემისთვისაც მოულოდნელი და სასიხარულო სიურპრიზი იყო. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი ჩემს მასწავლებლებს, რადგან ჩემი წარმატება მათი დაუღალავი შრომის შედეგიცაა.

  • კულინარია, მუსიკა და დრამზე დაკვრის ისტორია

- მიყვარს სხვადასხვა სფეროს გამოკვლევა და საკუთარი თავის გამოცდა – იქნება ეს მუსიკა თუ კულინარია. ძალიან მიყვარს საჭმელების კეთება და ცხობა. ერთხელ რუსული კლასის გაკვეთილზე, პროექტის ფარგლებში, ჩემი მომზადებული დესერტი მივიტანე და ძალიან გემრიელი გამოვიდა.

რაც შეეხება მუსიკას, ის ბავშვობიდან მესმის, რადგან ჩემი მშობლები სულ მღერიან, მამა კი წლებია, გიტარაზე უკრავს. თავიდან გიტარაზე დაკვრა ძალიან მირთულდებოდა და 14 წლამდე ხელშიც არ ამიღია. მამაჩემს უნდოდა ჯერ აკორდები მესწავლა, მაგრამ მე პირდაპირ სიმღერების დაკვრას შევეჭიდე და გარკვეულ დონეზე ავითვისე კიდეც. პიანინოზე დედამ ბავშვობაში შემიყვანა, ერთი თვე ვიარე, მაგრამ მუსიკის თეორიამ და ფორტეპიანოს კლასიკურმა სწავლებამ არ მიმიზიდა. მირჩევნია ყველაფერს ჩემით, დამოუკიდებლად მივაგნო და ის ვისწავლო, რაც კონკრეტულ მომენტში მაინტერესებს.

2025 წლის სასწავლო წლის დასაწყისში ჩემმა მეგობარმა, სკოლის ბენდის შექმნა გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ორ ინსტრუმენტზე (გიტარასა და პიანინოზე) უკვე ასე თუ ისე ვუკრავდი, ბენდში დაკვრის გამოცდილება არ მქონდა. ერთ დღეს, სკოლის ღონისძიების დროს, დავინახე, რომ სცენის ქვეშ შენახული დრამის სეტი (კომპლექტი) გამოჰქონდათ, რათა ადგილი გაეთავისუფლებინათ. ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო იმის გაგება, რომ სკოლას საკუთარი დრამი ჰქონდა. მაშინვე გადავწყვიტე დრამზე ჩავწერილიყავი, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა არ მქონდა, როგორ მუშაობდა ეს ინსტრუმენტი.

ბენდის შესარჩევ კასტინგზე ჩემ გარდა კიდევ ერთი ბიჭი მოვიდა. მასწავლებელმა გვთხოვა, ქართული ცეკვის – "ხორუმის“ რიტმი დაგვეკრა. იმ ბიჭმა ვერ შეძლო, მე კი დავუკარი - ოღონდ ხელებით, რადგან ჯოხების გამოყენება ჯერ კიდევ არ ვიცოდი. რიტმის შეგრძნება ბავშვობიდან მქონდა და მასწავლებელმაც მაშინვე თქვა: "მშვენიერია, დრამერი უკვე გვყავსო“ და ამირჩიეს. ძალიან გახარებული და გაკვირვებული დავრჩი.

ამის შემდეგ ბევრი ვიშრომეთ თავად დრამის აწყობასა და მოწესრიგებაზე. სკოლის შესვენებებზე, გაკვეთილებს შორის არსებულ 30-40 წუთიან ინტერვალებში, შევდიოდი აუდიტორიაში და ჩემით, TikTok-ისა და YouTube-ის საშუალებით ვმეცადინეობდი. ვუსმენდი მუსიკას და მივყვებოდი რითმს. მუსიკის თეორიიდან მხოლოდ "ერთი, ორი, სამი, ოთხი“ ვიცოდი. ნელ-ნელა აღმოვაჩინე, რომ ჯოხების დასაკრავად ხელები უნდა გადამეჯვარებინა, შემდეგ მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია ფეხის პედალის მუშაობაც და არა მხოლოდ ხელები. დაკვრის სწავლა ნოემბრის ბოლოს დავიწყე, დეკემბრისთვის უკვე საკმაოდ კარგად ავითვისე ინსტრუმენტი...

  • მუსიკა, ტექნოლოგიები…

- არდადეგების განმავლობაში მე და ბენდის წევრები სკოლაში ავდიოდით სამეცადინოდ. სახლში კი ჩემი ფანქრებითა და ნივთებით ვმეცადინეობდი, რადგან, ბუნებრივია, სახლში დრამის სეტი არ მაქვს. თებერვალში ჩავატარეთ ჩვენი პირველი ნამდვილი კონცერტი. დავუკარით Nirvana-ს "Smells Like Teen Spirit“ და Pink Floyd-ის "Another Brick in the Wall“. ძალიან კარგი კონცერტი გამოვიდა.

სამი კონცერტის ჩატარების შემდეგ სკოლას თხოვნით მივმართე, რომ ახალი დრამის სეტი შეგვეძინა, რადგან ძველი მინიმუმ 40 წლის მაინც იქნებოდა. ზედ სტიკერიც კი დავინახე, ეწერა: "Made in Czechoslovakia“. ჰოდა, საბჭოთა პერიოდის იყო. სკოლა დამთანხმდა, რისთვისაც მადლობელი ვარ. იყიდეს ახალი სეტი, დადგეს სკოლაში, ძველი კი დროებით ბებიაჩემის სახლში წამოვიღეთ. ამ ეტაპზე იქ არის.

უკვე შვიდი-რვა თვე გავიდა, რაც პირველად დავიწყე დაკვრა და ძალიან მიხარია, რომ ეს გზა გამოვიარე. დრამი ჩემი საყვარელი ინსტრუმენტი გახდა.

  • საყვარელი მუსიკალური ჯგუფი

- ამ ეტაპზე ჩემი საყვარელი ჯგუფი The Beatles-ია. "ამ ეტაპზე“ იმიტომ ვამბობ, რომ მუსიკალური გემოვნება ხშირად მეცვლება, თუმცა ბითლზი ყველაზე გრძელვადიანი ფავორიტია. ის ნამდვილი კლასიკაა. სიტყვებით ვერ აღწერ მათ გავლენას მსოფლიო მუსიკაზე. როდესაც რომელიმე მუსიკოსს ვუსმენ და მომწონს, ყოველთვის ვცდილობ, გავიგო, ვინ მოახდინა მასზე გავლენა. მაგალითად, კურტ კობეინი (Nirvana) ამბობდა, რომ მასზე უდიდესი გავლენა ჯგუფმა Pixies-მა მოახდინა. გამოთქმა ხომ არის: "ყველა გზა რომში მიდისო“, ჩემთვის მუსიკაში ყველა გზა "ბითლზამდე“ მიდის. მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი არტისტები არიან... სხვათა შორის, ჩემს კომპოზიციებსაც ვაკეთებ.

  • დედა და მამა

- დედა ყველასთვის განსაკუთრებულია. ჩემები (დედა - ანა მარშანია და მამა - ლევან ცეკვაშვილი) მართლაც ძალიან ბევრს მუშაობენ ოჯახის, განსაკუთრებით კი ჩემი და ჩემი დის კეთილდღეობისთვის. უამრავი შესაძლებლობა მოგვცეს. პირველი ელექტროგიტარაც სწორედ მათ მიყიდეს. მოკლედ, ჩვენი ნებისმიერი განათლება, ჰობისთვის ხელშეწყობა მათი დამსახურებაა.

მამაჩემი მუსიკაშიც ძალიან კარგად ერკვევა, ჩემზე უკეთესადაც კი და ყველაფერი კარგად გამოსდის. ერთად დავუკარით და ჩავწერეთ კიდეც. თავისი ახალგაზრდობის მუსიკა გაახსენდა - Dire Straits-ის ცნობილი ჰიტი "Money for Nothing“. 15-წამიანი ვიდეოც ჩავწერეთ (მამაჩემი კლასიკურ გიტარაზე უკრავს, მე - ელექტროზე). მოკლედ, დრამი ერთადერთი ინსტრუმენტია, რომელზეც მამაჩემზე უკეთესად ვუკრავ.

  • თაობების ფილოსოფია, თაობების კავშირი და ხელოვნური ინტელექტი

- ჩემი აზრით, ჩვენი თაობა ყველაზე მეტად განსხვავდება სხვა თაობებისგან. თუნდაც მე-20 საუკუნის ბოლოსა და დღევანდელ აზროვნებას შორის უდიდესი სხვაობაა. შეიცვალა ღირებულებები. ამ ცვლილებაზე ძალიან იმოქმედა იმან, რომ ჩვენ გვაქვს მყისიერი კომუნიკაციის საშუალება. როდესაც ტექნოლოგიურ ეპოქაში იბადები, ტექნოლოგიებთან ადაპტაციას გაცილებით მარტივად ახერხებ. შესაბამისად, ინფორმაციისა და ღირებულებების მიმოცვლა უფრო სწრაფად ხდება. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ინდივიდუალურობის განვითარებას. ჩემთვის ჩვენი თაობა ყველაზე რევოლუციურია.

ისე, ჩვენს თაობაში ისეც არის ხოლმე, რომ ხანდახან ადამიანებს ეშინიათ საკუთარი თავის გამოხატვის. როდესაც რამეს ამბობ ან აკეთებ, ის მაშინვე ყველგან ჩანს - იქნება ეს კამერით გადაღებული თუ სოციალურ ქსელში დაწერილი. როდესაც თავს ვერ გამოხატავ, კარგავ ინდივიდუალურობას. რაც უფრო ნაკლებად გამოხატავენ ადამიანები საკუთარ თავს, მით უფრო ერთფეროვანი ჩანს ყველა. ეს შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი თაობის მცირე ნაკლად.

უფროს თაობას ვურჩევ ახალი თაობის მიუღებლობის დაძლევას. როგორც კი ხედავენ, რომ ახალი თაობა განსხვავებულია, უფრო ალღოიანი და აქტიურია, ეს ხშირად არ მოსწონთ. ისე ისტორიულად სულ ასე იყო.

დღეს ჩვენ გვაქვს ხელოვნური ინტელექტი (AI). მაგალითად, როდესაც მათემატიკის დავალება მაქვს, შემიძლია გადავუღო ფოტო, ჩავუგდო ხელოვნურ ინტელექტს და ვთხოვო, ამოხსნა. აქ ორი გზაა: ან ბრმად გადავიწერო პასუხი, ან მეორე - ეტაპობრივად მივყვე მის ამოხსნას, გავიგო პრინციპი და მერე ვთხოვო, მსგავსი მაგალითის მოცემა, რომელსაც უკვე დამოუკიდებლად ამოვხსნი. ეს სწავლის ძალიან ეფექტიანი გზაა.

  • როგორი მინდა, რომ იყოს სამყარო?

- რთული კითხვაა... მე რომ ისეთი სამყარო მოვაწყო, როგორიც მე მინდა, ის ჩემზე მორგებული იქნება. მაშინ სხვა ადამიანებს ისეთ ჩარჩოში ვსვამ, რაც მათ ინდივიდუალურობას დაუკარგავს. ამიტომ, სამყარო ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ არავის აზიანებდეს. საერთოდაც უნდა იყოს ასე - "ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის“...

სკოლისთვის რომ ვემზადებოდი, ქართულის გაკვეთილზე ერთმა ბავშვმა ახსენა ფრაზა: "თავისუფლება ლომთა ხვედრიაო“. მასწავლებელმა კი უთხრა, მე არ გეთანხმები, თავისუფლება ყველას ხვედრია, უბრალოდ ლომები იბრძვიან მის მოსაპოვებლადო. თავისუფლება მარტო ლომების ხვედრი რომ იყოს, მაშინ მონარქია გვექნებოდა, რაც არასწორია. წელს ძალიან კარგი ისტორიის მასწავლებელი მყავდა - ლევან ღამბაშიძე. მის გაკვეთილებზე მივხვდი, როგორ ვუყურებ ცხოვრებას. ხშირად ბევრ რამეს ისე ვიღებთ, თითქოს ასეც უნდა იყოს და არ ვუფიქრდებით, რატომაა ასე. რეალურად კი, კრიტიკული აზროვნება, ანალიზი და საკითხებში ჩაღრმავება აუცილებელია.

სკოლის გამოცდებისთვის მზადებისას ერთ-ერთი გრაფა გვქონდა - დანინგ-კრუგერის ეფექტის შესახებ. ეს არის, როდესაც რაც უფრო ნაკლები იცი, მით უფრო თავდაჯერებული ხარ, ხოლო ცოდნის მატებასთან ერთად, შენი თავდაჯერებულობა იკლებს, რადგან ხვდები, კიდევ რამდენი რამ არ იცი... ეს არის ფილოსოფია...