45 წლის სოფო სვანაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. 4 წელია, სოფო მძიმე დაავადებას, სიმსივნეს ებრძვის. მას თავში სიმსივნე აღმოაჩნდა, ჯერ საქართველოში ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია, მერე ქიმიოთერაპიები, რის შემდეგ ოჯახმა სოფო სამკურნალოდ საფრანგეთში წაიყვანა, იმ იმედით, რომ როგორმე შეძლებდნენ ამ ვერაგი დაავადების დამარცხებას და ჯანმრთელი დაუბრუნდებოდა მის ორ პატარა შვილს, რომლებიც დედას საქართველოში მოუთმენლად ელოდებიან.წელიწად-ნახევარია, სოფო საფრანგეთში მკურნალობს. სამწუხაროდ, მისი მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, ახლა მისი ერთადერთი სურვილია, როგორმე დაბრუნდეს საქართველოში, მონატრებული შვილები ჩაიკრას გულში და სიცოცხლის ბოლომდე იყოს შვილებთან ერთად. თუმცა მისი სამშობლოში ჩამოყვანა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, სოფო რეანომობილით უნდა ჩამოიყვანონ საფრანგეთიდან და ამისთვის ოჯახს 26000 ლარის მოგროვება სჭირდება, ამის შესაძლებლობა ოჯახს აღარ აქვს. ამიტომ მისი დედა, 74 წლის ნანი ციკოლია, იძულებული გახდა, სოციალური ქსელით დახმარება ხალხისთვის ეთხოვა. თანხის ნაწილი მოგროვდა, მაგრამ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რეანომობილი დაიქირავონ, არადა ყოველი წუთი გადამწყვეტია, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს მისი საქართველოში გადმოყვანა, რომ მდგომარეობა კიდევ მეტად არ დამძიმდეს. ნანი ციკოლია, რომელსაც წლების წინ ერთი შვილი გარდაეცვალა და ეს ტკივილი დღემდე განელებული არ არის, უკვე წლებია, დაუღალავად იბრძვის მისი ერთადერთი ქალიშვილის სიცოცხლის გადასარჩენად. ის ახლა სოფოს სასთუმალთან ზის და შესციცინებს თავის დაუძლურებულ შვილს თვალებში.
- საქართველოს მოსახლეობას უმორჩილესად გთხოვთ, შვილი გადამაყვანინოთ საფრანგეთის ქალაქ ნანსიდან საქართველოში. მართლა უკიდურესი მდგომარეობა მაქვს. ჩემს შვილს სიმსივნის დიაგნოზი საქართველოში წლების წინ დაუსვეს და მას შემდეგ ვიბრძვით. წამოვედით საფრანგეთში და წელიწად-ნახევარია, ჩემს ქალიშვილს შვილები არ უნახავს, მისი ერთადერთი თხოვნა არის, შვილები ჩაიკრას გულში, აქ მკურნალობას უკვე აღარ გვიტარებენ, ამ საცოდაობას ვუყურებ 74 წლის დედა, იმაზე საშინელი არაფერია დედისთვის, როცა დაუძლურებული შვილის სასთუმალთან ზიხარ და ვეღარაფერს შველი. უყურებ ტკივილით დაღლილს, როგორ ენატრება თავისი შვილები, როგორ ევსება თვალები ცრემლით, როცა ინტერნეტით ხედავს მონატრებულ შვილებს. ახლა მხოლოდ შვილებთან უნდა. ჩემი საფიქრალი მისი ჯანმრთელობაა. დღითი დღე მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად მძიმდება. არადა წელიწად-ნახევრის წინ საქართველოდან იმ იმედით წამოვედით, რომ საფრანგეთში ექიმები შეძლებდნენ მის ფეხზე დაყენებას და თავის შვილებს დავუბრუნებდი გამოჯანმრთელებულ დედას.
უცხო ქვეყანაში ავადმყოფ შვილთან ერთად დარჩენილი, მე მაინც ყველანაირ იმედს ვებღაუჭები. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი სიცოცხლით სავსე, ენერგიული, მზრუნველი, მოსიყვარულე შვილი გავზარდე, ჩემს სოფოს ვინც იცნობს, ყველა დამეთანხმება. ერთი შვილი გარდამეცვალა, შვილის დაღუპვა დედისთვის როგორი ტკივილია, ეს არავის გამოსცადოს. მეუღლე გარდაცვლილი მყავს, მეორე შვილსაც ჯანმრთელობის დიდი პრობლემა აქვს, ის ფოთში დავტოვე მარტო და ცალკე იმის დარდით ვკვდები, რადგან სულ მეთვალყურეობა სჭირდება. სოფოს და მის შვილებს შევციცინებდი თვალებში და თავზარდამცემი იყო ჩვენთვის მისი ავადმყოფობა. ეს რომ გავიგე ვერ ვიჯერებდი. მას შემდეგ ვიბრძვით 4 წელია...
ვართ ფოთიდან. მე თვითონ ემიგრანტი ვარ. ავადმყოფობის და უბედურების გამო წელში ვერ გავიმართე. სოფო იყო ჩემი ამომავალი მზე და მისი ამ მდგომარეობაში ხილვით მეც დღითი დღე ვკვდები. მოკრძალებული თხოვნით მოგმართავთ ყველას, კეთილო ადამიანებო, რაც შეიძლება სწრაფად დამეხმაროთ, რომ როგორმე მოვაგროვო თანხები რეანომობილისთვის, რომ საფრანგეთიდან ცოცხალი ჩამოვიყვანო ჩემი შვილი საქართველოში და მას ერთადერთი ნატვრა ავუსრულო, ჩაეხუტოს თავის მონატრებულ შვილებს. მოგმართავთ დედებო, მამებო, ადამიანებო, გულთან მიიტანეთ ჩემი გასაჭირი და დამიდექით გვერდით, რომ თითო ლარით შევაკოწიწო ჩემი შვილის საქართველოში ტრანსპორტირებისთვის საჭირო თანხები. ვიცი, ყველას უჭირს, ამის მიუხედავად, ბევრი ადამიანი გადაურჩენია ხალხს ასე გვერდში დგომით, ვისაც როგორც შეგეძლებათ მუხლმოდრეკილი გევედრებით გვერდში დგომას, არასდროს მითხოვია დახმარება, ეს პირველი შემთხვევაა, სხვა გამოსავალი აღარ მაქვს. დიდ ბოდიშს გიხდით. უზარმაზარ მადლობას გეუბნებით თანადგომისათვის. მიშველეთ ადამიანებო.
საქართველოს ბანკი GE72BG0000000612799245
პირადი ნომერი
42001015097
თიბისი ბანკი
GE10TB7593845064300143
პირადი ნომერი
42001015097
მიმღები სოფოს დედა ნარგიზ ციკოლია