ავტორი:

ახალი დეტალები 25 წლის ესპანელი გოგონას საქმეზე, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიის გზით დაასრულა - რა იპოვა დედამ გარდაცვლილის დღიურში? ქალი გამოძიების დაწყებას ითხოვს

ახალი დეტალები 25 წლის ესპანელი გოგონას საქმეზე, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიის გზით დაასრულა - რა იპოვა დედამ გარდაცვლილის დღიურში? ქალი გამოძიების დაწყებას ითხოვს

ნოელია კასტილიოს სახელი მთელმა მსოფლიომ იცის - ის იყო ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ჯგუფური გაუპატიურებით გამოწვეული მძიმე ტრავმის შემდეგ სიცოცხლე ევთანაზიის გზით დაასრულა.

გარდაცვლილი გოგონას დედა კი საუბრობს მის შვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმის ახალ დეტალებზე და ამბობს, რომ თავდამსხმელების შესახებ ნოელიას დღიურში ახალ დეტალებს მიაკვლია.

  • ნოელიოა კასტილია რამოსი ჯგუფური გაუპატიურების შემდეგ სახურავიდან გადახტა, რის შედეგადაც პარაპლეგია (ქვედა კიდურების დამბლა) განუვითარდა. ის გაუსაძლისი ტკივილებით იტანჯებოდა, მოგვიანებით კი სიცოცხლის ევთანაზიით დასრულება გადაწყვიტა. 25 წლის ნოელია მიმდინარე წლის 26 მარტს, ბარსელონაში, სპეციალიზებულ თავშესაფარში გარდაიცვალა.

16 ივლისს ნოელიას დედამ, იოლანდა რამოსმა, განაცხადა, რომ ბარსელონისა და ტარაგონას პროკურატურებში ორი სარჩელი შეიტანა და მისი შვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო სექსუალური ძალადობის თაობაზე გამოძიება მოითხოვა.

  • იოლანდას ინტერესებს ორგანიზაცია “ქრისტიანი იურისტების ესპანური ფონდი“ იცავს. დედა იმედოვნებს, რომ თავდამსხმელების იდენტიფიცირებას ნოელიას დღიურის მეშვეობით შეძლებს, რომელიც გოგონამ სიკვდილის დღეს გადასცა.

დღიურის ახლად აღმოჩენილ ჩანაწერებში ნოელია აღწერს, როგორ აიძულა სექსუალური კავშირი ყოფილმა შეყვარებულმა, პაკისტანის მოქალაქემ, რომელთანაც ოთხწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა. იგი ასევე იხსენებს ტარაგონას პროვინციის ქალაქ სალოუში მომხდარ შემთხვევას: მას შემდეგ, რაც ადგილობრივ მიმტანს შეხვდა, გოგონა წერს, რომ იგი დააძინეს, ალკოჰოლით გააბრუეს, რის შემდეგაც სამმა მამაკაცმა გააუპატიურა.

სუიციდის მცდელობამ ნოელიას ორგანიზმს შეუქცევადი ზიანი მიაყენა. დამბლამ და მძიმე დეპრესიამ წლების შემდეგ იგი ევთანაზიის სურვილამდე მიიყვანა. თავის დროზე, ოჯახმა მყარი მტკიცებულებების არარსებობის გამო მომხდარის შესახებ პოლიციაში ვერ განაცხადა. თუმცა, “ქრისტიანი იურისტების“ მიერ გავრცელებულ განცხადების მიხედვით, ნოელიას გარდაცვალების შემდეგ მისმა დედამ ისეთ მასალებზე მიიღო წვდომა, რომლებიც მანამდე არავის შეუსწავლია.

გავრცელებულ ვიდეომიმართვაში იოლანდა რამოსი აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენა პირველ რიგში მისი შვილის სურვილი იქნებოდა.

  • ნოელიას საქმეს ესპანეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ახალგაზრდა ასაკმა, ოჯახის წევრების საჯარო ბრძოლამ მისი გადაწყვეტილების წინააღმდეგ და იმ ტრაგიკულმა გარემოებებმა, რამაც იგი ევთანაზიამდე მიიყვანა, საზოგადოება ორად გაყო. საბოლოოდ, სასამართლომ მხარი დაუჭირა ნოელიას სურვილს, თავად დაესრულებინა სიცოცხლე.

2024 წლის ივლისში კატალონიის ექიმებისგან, იურისტებისა და ბიოეთიკის ექსპერტებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა კომისიამ ნოელიას მოთხოვნა დააკმაყოფილა. ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ მისი მდგომარეობა მძიმე, განუკურნებელი და მას გაუსაძლისი იყო, რის გამოც ქალი ქრონიკულ ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ტკივილს განიცდიდა.

თუმცა, პროცედურა მას შემდეგ შეფერხდა, რაც მამამ, “ქრისტიანი იურისტების“ მხარდაჭერით, სასამართლოში არაერთი სარჩელი შეიტანა. ესპანეთის სასამართლო სისტემის ყველა საფეხურმა, მათ შორის საკონსტიტუციო და უზენაესმა სასამართლოებმა, მამის სარჩელები უარყვეს, რითაც გზა გაუხსნეს ევთანაზიის პროცესს. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე კი პროცედურის შეჩერების ბოლო მცდელობა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც უარყო.

ესპანეთი იმ 9 ევროპულ ქვეყანას შორისაა, სადაც კანონი მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს ევთანაზიის უფლებას აძლევს.

წყარო