კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტყეებში მობინადრე მაიმუნი, რომელიც სხვა პრიმატებისგან ღია ნარინჯისფერი ტუჩებით და შავი სახით გამოირჩევა, მეცნიერებმა ოფიციალურად აღიარეს ახალ სახეობად.

ძიების პროცესში, რომელიც აუდიოჩანაწერების გაკეთებას, ფოტოგადაღებასა და დეტალურ გენეტიკურ კვლევებს მოიცავდა, წამყვანი როლი ფლორიდის ატლანტიკური უნივერსიტეტის დოქტორანტმა, ჯუნიორ ამბოკომ შეასრულა. კვლევის შედეგები მან სამეცნიერო ჟურნალ “PLoS One“ -ში გამოაქვეყნა.

სახეობის “აღმოჩენა“მის ოფიციალურ რეგისტრაციას და იმის დადასტურებას ნიშნავს, რომ ევოლუციის შედეგად მან გენეტიკური თვითმყოფადობა შეიძინა.

ამ მაიმუნებს სპეციფიკური, მჭექარე ღრიალი ახასიათებთ. “მათი ხმა ხშირად ისმის, თუმცა თავად ცხოველის დანახვა რთულია“, - დასძენს ამბოკო.
მკვლევრები ამბობენ, რომ ეს სახეობა საკმაოდ იშვიათია და ტყის მხოლოდ იმ ნაწილში გვხვდება, სადაც მათთვის საჭირო საკვები მოიპოვება და შესაბამისი საარსებო გარემოა.